ამბები

16:02 | 22.03.2012 | ნანახია 4224 - ჯერ

“ა” ნაკრებმა ბრიტანული ტურნე ინგლისელთა ძლევით დაიწყო

საქართველოს მორაგბეთა “ა“ ნაკრებმა, რომელიც ბრიტანულ ტურნეზე იმყოფება, სარეის საგრაფოში, კერძოდ კი, ჰერშემში, პირველი ამხანაგური მატჩი გამართა, ინგლისური კლუბ “ეშერ რაგბის” ხუთი ლელო გაუტანა და მეტოქე 25:8 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამხანაგური იყო, ის ზომაზე მეტად დაძაბული გამოდგა, რეფერიმ ორ ქართველს ყვითელი, ხოლო ერთს წითელი ბარათი უჩვენა. მსაჯმა მოგვიანებით წითელი ბარათით ინგლისელებიც დასაჯა, ასე რომ, გუნდებმა თამაში 14-14 კაცის ამარა დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ ქართველთა დელეგაციას ეროვნული გუნდის თავკაცი მილტონ ჰეიგი ხელმძღვანელობს. ბრიტანეთში არიან მისი ასისტენტები - კრის გიბსი და ტორინ ბერჯესი, რომლებიც “ბორჯღალოსნებისთვის” კანდიდატებს არჩევენ. 
“ა” ნაკრებს ტრადიციულად ლევან მაისაშვილი თავკაცობს, ოღონდ, ამჯერად ის დამოუკიდებლად, ნიკოლოზ ჭავჭავაძის გარეშე მუშაობს. უნდა ითქვას, რომ მწვრთნელმა ბრიტანეთში ყველა ის მორაგბე ვერ წაიყვანა, ვისი ხილვაც შემადგენლობაში სურდა. მორაგბეთა ნაწილი ფრანგულმა კლუბებმა არ გაათავისუფლა, ნაწილი 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად აშშ-ში ივნისში გასამართი მსოფლიო თასის ალაფისთვის ემზადება (20-წლამდელთა ნაკრების ნაწილი ბრიტანეთში მაინც გაემგზავრა), ხოლო ირაკლი ყიასაშვილს რუსეთთან მატჩში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა და ამის გამო ვერ ითამაშა. 
“ეშერ რაგბი” ინგლისის ჩემპიონშიპის (მეორე დივიზიონი) გუნდია. მან 12-გუნდა პირველობა ძალიან ცუდად დაიწყო, ზედიზედ 14 თამაში წააგო, მერე ფრეს გამარჯვება მოაყოლა, ზედიზედ სამ თამაშში ისევ დამარცხდა, სულ ბოლოს კი, ზედიზედ სამი თამაში უკვე თავად მოიგო და რეგულარული პირველობა 23 ქულით ბოლო, მე-12 ადგილზე დაასრულა (4 მოგება, 1 ფრე და 17 წაგება). გასავარდნი, ოთხგუნდიანი ჯგუფის პირველ ორ შეხვედრაში, “ეშერ რაგბიმ” მარცხი განიცადა, თუმცა, ორჯერვე მოახერხა პრემიალური ქულის აღება, მაგრამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება და ალბათ, მომავალ წელს ქვედა დივიზიონში ითამაშებს. 
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენ თამაშს, თვითმხილველების თქმით, დებიუტში საქართველოს ნაკრები არეული ყოფილა და მალევე მივიღეთ ჯარიმა, თუმცა, მერე ბიჭები დაწყნარდნენ და ბიწაძემ ლელოთი სტუმრები დააწინაურა, მაგრამ ურჯუკაშვილს რეალიზაცია გაუფუჭდა. მე-17 წუთზე, მამუკაშვილი სინბინით დაისაჯა და “ეშერმა” საპასუხო ლელოს გატანა მოახერხა, მაგრამ გარდასახვა მათაც გაუფუჭდათ. ათ წუთში საქართველოს “ა” ნაკრები ისევ დაწინაურდა. გუგავამ ხაზი გაჭრა, მას ბერიშვილი წამოეშველა, მერე სამხარაძემ ბურთი სწრაფად გამოიტანა რაქიდან და ჩხიკვაძემ კარგი იერიში ლელოთი დააგვირგვინა. ტაიმის მიწურულს, რეფერიმ, რომელმაც მატჩი ძალიან ცუდად განსაჯა, წესების სრული დაცვით მობურთალი ნიჟარაძე დაადანაშაულა და ქართველები 10 წუთით კაცნაკლული მეორედ დატოვა. 
მეორე ტაიმი ქართველთა ორქულიანი უპირატესობით დაიწყო და ის მალევე გაიზარდა. კაცნაკლულებმა მასპინძლებს მატჩის განახლებისთანავე შეუტიეს და 42-ე წუთზე ჩიტიძემ მესამე ლელო გაიტანა, მაგრამ რეალიზაცია კვლავ არაზუსტი იყო. შეივსო თუ არა ქართველთა შემადგენლობა, მოედანზე ჩხუბი ატყდა, ჩილაჩავას “ტულონში” მისი თანაგუნდელი, მიქაუტაძე ყველაზე აქტიურად გამოექომაგა და მეტოქეს ისეთი უთავაზა, მსაჯმა წითელი ბარათი აუფრიალა. ეს 49-ე წუთზე მოხდა, ხოლო შვიდ წუთში წითელი ბარათი უკვე ინგლისელმა მორაგბემ მიიღო და რიცხვობრივი თანაფარდობის აღდგენისთანავე, თხილაიშვილმა მეოთხე ლელო გაიტანა. გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო, მაგრამ 68-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა გეგენავამ მასპინძლებს ერთხელაც გაუჭრა ხაზი და მეხუთე ლელოთი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 25:8. 
საქართველოს “ა” ნაკრები ტურნეს განმავლობაში კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს. 27 მარტს ისინი უელსის კლუბების ნაკრებს ბრიჯენდში (კარდიფის მახლობლად) გაეჯიბრებიან, ხოლო 31 მარტს – ჩრდილოეთ უელსის ნაკრებს კონვიში (ჩრდილოეთ უელსი) ეთამაშებიან.
 
ეშერ რაგბი - საქართველო ა 8:25 (8:10)
საქართველო: 15. ბექა ურჯუკაშვილი, 14. სანდრო ნიჟარაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. ირაკლი ჩხიკვაძე, 11. ლექსო გუგავა, 10 გიორგი ჯიმშელაძე, 9. ბიძინა სამხარაძე; 1. ირაკლი მირცხულავა, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. დავით ჩიტიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა ბიწაძე, 7. გივი ბერიშვილი, 8. გიორგი ტყეშელიაძე.
სათადარიგოები: 16. ბექა მეკოკიშვილი, 17. გიორგი მენაბდიშვილი, 18. ლაშა თავართქილაძე, 19. გიორგი თხილაიშვილი; 20. გიორგი კაჭარავა, 21. გიგა გაგოშვილი, 22. ირაკლი გეგენავა.
5 ლელო: ბიწაძე, ჩხიკვაძე, ჩიტიძე, თხილაიშვილი, გეგენავა
2 სინბინი: მამუკაშვილი, ნიჟარაძე
1 გაძევება: მიქაუტაძე
 
ზურა ქსოვრელი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076868