საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც წლეულს პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ელიტდივიზიონში, საფრანგეთში ათდღიანი შეკრება დაიწყო და კლერმონის ბაზაზე მასპინძელთა 19-წლამდელთა გუნდთან ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა – 17:0.
როგორც შენიშნავდით, ახალგაზრდა “ბორჯღალოსნებმა” სპარინგი ერთი წლით უფროსებთან გამართეს, ყველაზე სასიხარულო კი ისაა, რომ ქართველებმა საკმაოდ ძლიერ მეტოქეს აჯობეს. “კლერმონის” 19-წლამდელთა გუნდი საფრანგეთში საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესოა და როდესაც ასეთ კოლექტივს უშანსოდ ამარცხებ, ცოტას ნამდვილად არ უნდა ნიშნავდეს.
საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ბაჩო ხურციძის ინფორმაციით, შემთხვევითი არ ყოფილა მასპინძელთა რეაქციაც. მატჩის შემდეგ ფრანგი მწვრთნელები “ბორჯღალოსანთა” შტაბთან მისულან და ალალად განუცხადებიათ, ასეთი ქართული გუნდი პირველად ვნახეთო...
უდავოა, ფრანგებზე უპირველესად შთაბეჭდილებას ის ფაქტი მოახდენდა, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა აქცენტი უკანა ხაზით თამაშზე გააკეთა და არა, ჩვენი გუნდების საფირმო ნიშნად ქცეულ შერკინებით შეტევაზე. აღსანიშნავია, რომ ქართველი მორაგბეები საჯარიმოებს კარში არ ურტყამდნენ და აქცენტი ლელოებზე ჰქონდათ გადატანილი, რაც დაფასდა კიდეც. შედეგიანი შეტევები მურაზ გიორგაძის (“პატარძეული”), გიორგი ნათელაშვილისა (“რუსთავი”) და დევი დევსურაშვილის (“ხულიგანა”) ანგარიშზეა.
ქართველთა ამგვარი წარმატებული ასპარეზობა იმედიანად განგვაწყობს, უმნიშვნელოვანესი ტურნირის წინ, რომელიც სტარტს 30 მარტს ესპანეთში აიღებს, ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები” კი მადრიდისკენ გეზს ორიოდ დღით ადრე აიღებენ.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა სარაგბო დონეების გუნდების ინტეგრაციას, მსოფლიოსა და ევროპის რაგბის მმართველები სწორედ ახალგაზრდულ ნაკრებებში ცდილობენ და ექსპერიმენტებს მიმართავენ. შარშანდელი ექვსი ერის ორი უარესი გუნდი (შოტლანდია და იტალია) მომდევნო ექვს ნაკრებს გაუტოლეს და ევროპის ჩემპიონატის მეორე, რვაგუნდიანი ჯგუფი შექმნეს. მაშინ საქართველოს ნაკრებმა ზემოთ ნახსენები გრანდების შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა...
გასული წლის მიწურულს, ფორმატი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ოთხთა ტურნირმა (საქართველო, პორტუგალია, ბელგია და რუმინეთი), რომელსაც რუმინეთმა უმასპინძლა, ორი უძლიერესი გამოავლინა (საქართველო და პორტუგალია), რომლებიც ექვსი ერის გუნდებს დაემატნენ და უკვე სრულფასოვან ევროპის ჩემპიონატში ჩაებმებიან. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, გუნდები ორ ოთხგუნდა ჯგუფში უნდა გადანაწილებულიყვნენ და მერე იქ დაკავებული ადგილების მიხედვით, ჯამში პირველი, მესამე, მეხუთე და ბოლოსწინა ადგილების დასაკავებლად უნდა ებრძოლათ, თუმცა, საბოლოოდ, შეჯიბრის პლეი ოფის სისტემით ჩატარება გადაწყდა.
რადგან საქართველოს ნაკრებმა ოთხთა შესარჩევ ტურნირზე იმარჯვა, ის მეოთხედფინალში ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის მეორე გუნდს, ინგლისს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში – უელსი-იტალიას შორის გამარჯვებულს, ხოლო დამარცხების შემთხვევაში, V ადგილისთვის ამავე წყვილში დამარცხებულ გუნდთან შეხვედრით გააგრძელებს ბრძოლას. დასკვნით დღეს, 7 აპრილს, კვლავ ოთხი თამაში გაიმართება და საბოლოოდ გაირკვევა ევროპის ჩემპიონის და მომდევნო 7 ადგილის მფლობელი გუნდი.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები
უკანა ხაზი: გიორგი აფციაური (“არმია”), დევი დევსურაშვილი (“ხულიგანა”), იოსებ კიკვაძე (ქუთაისი), გიორგი ფრუიძე (ქუთაისი), ნიკა ამაშუკელი (“ჯიქები”), გიორგი ნათელაშვილი (რუსთავი), მურაზ გიორგაძე (პატარძეული), რევაზ ჯინჭველაშვილი (ქუთაისი), გიორგი ტალახაძე (“ხულიგანა”), იოსებ ტუკვაძე (“ყოჩები”), რევაზ ბროძელი (“არმაზი”);
შერკინება: ბექა ფირიაშვილი (“ყოჩები”), ბადრი ალხაზაშვილი (“აკადემია”), მიხეილ ზურიკაშვილი (რუსთავი), ლექსო ცისკარიშვილი (“არმია”), ზაურ ხარებავა (ფოთი), გიორგი მარგველანი (“ივერია”), გიორგი სორდია (საფრანგეთი), მიხეილ მასხარაშვილი (“ჯიქები”), შალვა შაშიაშვილი (ქუთაისი), საბა შუბითიძე (“აკადემია”), გიორგი გოგლიძე (“აკადემია”), ვახტანგ ამირანაშვილი (“ივერია”), ონისე მოგელაშვილი (“ჯიქები”), ფარნავაზ გასვიანი (“ლოკომოტივი”).
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე.
მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, ზურაბ ამონაშვილი.
დელეგაციის ხელმძღვანელი: გია გორგასლიძე (სრკ-ს ვიცე-პრეზიდენტი).
მენეჯერი: ოთარ იაშვილი.
ექიმი: ზვიად მკერვალიშვილი.
მასაჟისტი: მირზა ირემაძე.
18-წლამდე მორაგბეთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი. მადრიდი (ესპანეთი). 30 მარტი-7 აპრილი
30 მარტი. 1/4-ფინალები
1. ირლანდია - პორტუგალია
2. ინგლისი - საქართველო
3. უელსი - იტალია
4. საფრანგეთი - შოტლანდია
3 აპრილი. ნახევარფინალები
V-VIII ადგილებისთვის
პირველის წაგებული – მეოთხეს წაგებული
მეორეს წაგებული – მესამეს წაგებული
თასის ნახევარფინალები
პირველის გამარჯვებული – მეოთხეს გამარჯვებული
მეორეს გამარჯვებული – მესამეს გამარჯვებული
7 აპრილი. ფინალები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია