ამბები

12:21 | 23.03.2012 | ნანახია 2399 - ჯერ

2011 წლის მსოფლიო თასმა, IRB-ს 90 მილიონი გირვანქა მოგება დაუტოვა

გასული წლის შემოდგომაზე ახალ ზელანდიაში გამართულმა მსოფლიო თასმა რაგბიში, მის ორგანიზატორებს, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB), სუფთა მოგების სახით 90 მილიონი გირვანქა მოუტანა (143 მილიონი დოლარი, 108 მილიონი ევრო), რაც დაახლოებით 10 მილიონით მეტია იმ თანხაზე, რომელსაც IRB-ს თავკაცობა წინასწარი გათვლებით ვარაუდობდა.
ფინანსური შემოსავლების თვალსაზრისით, ეს მეორე მაჩვენებელია რაგბის მსოფლიო თასის ისტორიებში. 2007 წელს, საფრანგეთის მსოფლიო თასზე IRB-ს შემოსავალი დაახლოებით 3 პროცენტით მეტი იყო, ვიდრე გასული წლის მაჩვენებელი, მაგრამ საფრანგეთში გამართული მსოფლიო თასისას მსოფლიო ეკონომიკა აღმავლობას განიცდიდა, ხოლო ახლა, მსოფლიო თასმა ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჩაიარა. საერთო კომერციულმა შემოსავალმა, რაგბის საერთაშორისო საბჭოს ცნობით, 142 მილიონი გირვანქა შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის მსვლელობისას ახალ ზელანდიაში 133 ათასი ტურისტი ჩავიდა, ხოლო სულ 48 მატჩზე დასასწრები 1,35 მილიონი ბილეთი გაიყიდა მათმა შემოსავალმა 140 მილიონი გირვანქა შეადგინა. ეს სარეკორდო მაჩვენებელია ახალი ზელანდიისთვის და თითქმის ათჯერ აღემატება 2005 წლის მაჩვენებელს, როდესაც ზელანდიას ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები სტუმრობდნენ. მთლიანობაში, ზელანდიაში ეკონომიკურმა შემოსავალმა 260 მილიონი გირვანქა შეადგინა.
შემოსავლების უდიდესი ნაწილი რაგბის საერთაშორისო საბჭოს 117 წევრ ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის ზრდას მოხმარდება. აქედან კუთვნილ, უკვე გაზრდილ წილს საქართველოც მიიღებს, თუმცა, ყველაზე ნოყიერი ლუკმა არგენტინას შეხვდება (6,3 მილიონი ევრო). ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მომავალი, 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი, რომელსაც ინგლისი უმასპინძლებს, უკვე ამ შაბათს, მექსიკისა და იამაიკის ნაკრებების შეხვედრით იწყება და მასში სულ 80 ქვეყნის ნაკრები ჩაებმება. ჯამში შესარჩევ ეტაპზე 184 თამაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპს მომავალი წელს, ერთა თასის გათამაშებიდან იწყებს.
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.111317