ამბები

20:47 | 25.03.2012 | ნანახია 2474 - ჯერ

ზირაქაშვილი საიუბილეო გამარჯვებით დაბრუნდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურჯი - დავით ზირაქაშვილი, გასული წლის 11 დეკემბერს მიღებული ტრავმის შემდეგ, მოედანზე პირველად გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის - “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის III ტურში, ინგლისურ “ლესტერთან” 30:12 მოგებულ შეხვედრაში, ზირაქაშვილმა ხელი მაჯაში მოიტეხა და ამის გამო, თითქმის 4 თვე გაუცდა. საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის XXI ტურში, ქართველი ლეგიონერი “პერპინიანის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში შეცვლაზე, 54-ე წუთზე შევიდა და 17681 გულშემატკივრის ოვაცია დაიმსახურა.
ზირაქაშვილს მარჯვენა მაჯაზე სპეციალური სახვევი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მან აშკარად გააძლიერა საკუთარი გუნდის შერკინება და ამ კომპონენტში მასპინძლებმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვეს, მეტოქეს სამჯერ აიძულეს დაჯარიმება და 29:23 იმარჯვეს. იმ დროს, როდესაც ქართველი ლეგიონერი თამაშში ჩაერთო, ანგარიში საყაიმო იყო - 20:20 და “კლერმონმა” გამარჯვება სწორედ შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის წყალობით მოახერხა. მთლიანობაში, შეხვედრა დაძაბული გამოდგა და პირველსავე წუთზე მოედანზე ჩხუბი ატყდა. რეფერიმ მორაგბეთა დამშვიდება გადაწყვიტა და ორივე გუნდიდან თითო-თითო გაასინბინა.
მალე, ჯეიმს ჰუკმა და დევიდ სკრელამ ჯარიმები გაცვალეს, მერე მასპინძლებმა ლელო გაიტანეს, სკრელამ კიდევ 2 ჯარიმა მიითვალა და ქართველი ლეგიონერის გუნდი, მე-15 წუთისთვის, 14:3 დაწინაურდა. სულ რაღაც შვიდ წუთში, “პერპინიანმა” ჰუკის ჯარიმით, ლელოთი და იმავე ჰუკის გარდასახვით უპასუხა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დავიდა. თუმცა, შესვენების წინ, სკრელამ ერთი შანსიც გამოიყენა და ტაიმი 17:13 დასრულდა. განახლდა თუ არა შეხვედრა, სკრელამ ჯარიმიდან ზუსტად კიდევ ერთხელ დაჰკრა, მაგრამ ერთ წუთში სტუმრებმა ლელოთი და გარდასახვით წონასწორობის აღდგენა მოახერხეს. მერე მოედანზე ზირაქაშვილი შევიდა, რომელმაც რამდენჯერმე მეტოქის ხაზის გაჭრა სცადა და წინ წაწევაც მოახერხა, აქტიური იყო როგორც შეტევაში, ასევე, დაცვაში, თუმცა, გუნდს ყველაზე მეტი სარგებელი შერკინებაში კარგი დგომით მოუტანა.
საბოლოოდ, “კლერმონმა” Top 14-ში საკუთარ მოედანზე ზედიზედ მე-40 გამარჯვება მოიპოვა.
ამ მოგებამ “კლერმონს” ლიდერ “ტულუზასთან” ჩამორჩენის მინიმუმამდე დაყვანის საშუალება მისცა, რადგან აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის გუნდი, სტუმრად “ბორდოსთან” 17:18 შერცხვა. შეხვედრას 33 ათასი მაყურებელი დაესწრო და მისი ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. პირველ ტაიმში გუნდებმა სამ-სამი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ “ბორდომ” ერთხელ არეკნითაც იხეირა - 12:9. 46-ე წუთზე, სტუმრებმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ 55-ე წუთამდე, ხუთწუთიან ინტერვალში, 2 ჯარიმა მიიღეს. “ტულუზას” მოგების იმედი 76-ე წუთზე გაუჩნდა, როდესაც ლელოს გატანა მოახერხა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო და Top 14-ის ლიდერი მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა.
გიორგაძე ტრავმირებულია და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, ხოლო ბრეგვაძე შეცვლაზე 50-ე წუთზე შევიდა. ამ პრემიალურმა ქულამ, “ტულუზას” ერთპიროვნული ლიდერობის შენარჩუნების საშუალება მისცა (74 ქულა), მაგრამ ახლა მას მხოლოდ ქულით ჩამორჩება დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” (73 ქულა) და დასკვნით ხუთ ტურში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
მე-3 ადგილზე დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონია”, რომელმაც “რასინგ მეტროს” 32:20 აჯობა. ქართველ ლეგიონერთაგან ამ მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ქუბრიაშვილმა მიიღო, რომელიც ფრანგულ კლუბს დამღლელი სანაკრებო მატჩების შემდეგ დაუბრუნდა და მოედანზე მხოლოდ 8 წუთი გაატარა (72-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა). ჩილაჩავა და მიქაუტაძე, საქართველოს A ნაკრებთან ერთად, ბრიტანულ ტურნეზე იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი “რასინგ მეტრომ” 20:19 მოიგო, მაგრამ მე-2 ნახევარში ქულები მხოლოდ “ტულონმა” აგროვა და ჯამში 62 ქულით, რეგულარულ პირველობაში მე-3 ადგილზეა.
ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”, საკუთარ მოედანზე მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის “მონპელიეს” დაუხვდა და 27:18 იმარჯვა. გამარჯვებულთა შორის არ უთამაშია ფეიქრიშვილს. განაცხადში არ იყვნენ შველიძე და ნარიაშვილიც. სამაგიეროდ, ჟღენტმა და გორგოძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს თამაში და პირველმა მოედანზე 68, ხოლო მეორემ 70 წუთი გაატარა.
სტუმრებმა პირველ ტაიმში ერთი ლელო კი გაიტანეს, მაგრამ საპასუხოდ, ლელოს გარდა, 3 ჯარიმა მიიღეს და ტაიმი 5:14 დათმეს, ხოლო მე-2 ნახევრის დასაწყისში ლელო-გარდასახვა გაუშვეს და “კასტრმა” 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა - 21:5. “მონპელიეს” ორ ჯარიმას, მასპინძლებმა 2 ჯარიმით უპასუხეს, ტაიმის მიწურულს “მონპელიემ” ლელო გაიტანა და რეალიზაციაც გამოიყენა, მაგრამ პრემიალური ქულის აღებაც ვერ მოახერხა. შედეგად, “კასტრი” 55 ქულით მე-4 ადგილამდე აღზევდა, ხოლო 52 ქულიანი “მონპელიე” მე-5 საფეხურზე დაეშვა და საპლეიოფო ექვსეულში მოსახვედრად, დარჩენილ ხუთ ტურში დიდი ბრძოლა მოუწევს.
44 ქულით მე-8 ადგილზეა ბექა შეყლაშვილის “აჟენი”, რომელიც მხიარულ მატჩში, პარიზში, “სტად ფრანსესთან” 27:53 დამარცხდა. მასპინძლებმა 7 ლელო გაიტანეს, სტუმრებმა კი - 3. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე ერთი საათი გაატარა.
უშუალო კონკურენტთან - “ბაიონთან” სტუმრად დამარცხდა დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის “ბრივი”. შეხვედრა უხეში გამოდგა და რეფერიმ ორივე გუნდს ორ-ორი ყვითელი ბარათი უჩვენა. პირველად მორაგბეები ჩხუბის გამო 24-ე წუთზე დაისაჯნენ, შვიდ წუთში სინბინი მასპინძელთა კიდევ ერთმა მორაგბემ მიიღო, მაგრამ “ბრივმა” რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა, ხოლო 45-ე წუთზე, მათმა უკანახაზელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც წითლად იქცა და სტუმრებმა 35 წუთი კაცნაკლულებმა ითამაშეს.
პირველ ნახევარში გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაიტანეს, მერე “ბაიონის” ორ ზუსტ ჯარიმას “ბრივმა” ერთით უპასუხა, ხოლო 74-ე წუთზე მასპინძლებმა ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს. კაცნაკლულმა “ბრივმა” ისღა მოახერხა, რომ 78-ე წუთზე გატანილი ჯარიმით, ჩამორჩენა შვიდ ქულამდე დაიყვანა და ერთი პრემიალური ქულა მიითვალა.
ქართველ ლეგიონერთაგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ კაკოვინი იყო, რომელიც 66-ე წუთზე შეცვალეს. შეცვლაზე ითამაშეს ნატრიაშვილმა და ხინჩაგიშვილმა – ორივე მოედანზე 47-ე წუთზე გამოჩნდა და 19 წუთით “ბრივის” პირველი ხაზი ქართველებისა იყო.
ახლა ამ გუნდს 38 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნ, მე-13 ადგილზე მყოფ “ბაიონს” მხოლოდ 4 ქულითღა უსწრებს.
საკუთარ მოედანზე დამარცხდა, უშუალო კონკურენტ “ბიარიცთან”, გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის “ლიონი” და Pრო D2-ში დაქვეითებას, ალბათ, ვეღარ გადაურჩება. ლიონელები 26 ქულით ბოლო ადგილზე არიან და მე-12 საფეხურზე მყოფ “პერპინიანს” უკვე 9 ქულით ჩამორჩებიან. პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაიმართა და ის ფრედ - 10:10 დასრულდა, მაგრამ მერე სტუმრებმა აიშვეს - 71-ე წუთზე, 34:10 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით, სხვაობის ოდნავ შემცირებაღა მოახერხეს.
რატიანიძე განაცხადში არ იყო, ხოლო კავთიძე შეცვლაზე 66-ე წუთზე შევიდა.
Top 14-ის XX ტური, მარტის ბოლო დღეს გაიმართება.

სატურნირო მდგომარეობა XXI ტურის შემდეგ: 1. ტულუზა - 74, 2. კლერმონი - 73, 3. ტულონი - 62, 4. კასტრი - 55, 5. მონპელიე - 52, 6. სტად ფრანსე - 52, 7. რასინგ მეტრო - 49, 8. აჟენი - 44, 9. ბორდო - 41, 10. ბრივი - 38, 11. ბიარიცი - 38, 12. პერპინიანი - 35, 13. ბაიონი - 34, 14. ლიონი - 26.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.101723