საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში, მე-19 ტურის ის გადადებული შეხვედრები გაიმართა, რომელთა გამართვასაც თავის დროზე უამინდობამ შეუშალა ხელი. 24 მარტი იღბლიანი აღმოჩნდა დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი “ორიაკისა” და მისი ქართველი პირველხაზელის, გიორგი ნაცარაშვილისთვის.
“ორიაკმა” “ბურგონს” უმაასპინძლა, მეტოქე 36:10 გაანადგურა და პრემიალური ქულაც მიითვალა, რითაც გასავარდნ ზონას მნიშვნელოვნად დაშორდა. ამ მატჩში ნაცარაშვილმა, რომელიც მოედანზე 50-ე წუთზე შევიდა, Pro D2-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა. მან თავი მოედანზე გასვლიდან 3 წუთში, 53-ე წუთზე გამოიჩინა. ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა მეორეხაზელმა ლევან დათუნაშვილმა, ხოლო კარლენ ასეიშვილი საქართველოს A ნაკრებთან ერთად ბრიტანულ ტურნეზე იმყოფება და უელსის პრემიერლიგის კლუბების ნაკრებთან სათამაშოდ ემზადება. თამაშში ბრძოლა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, როდესაც ანგარიში 13:10 იყო, მერე კი, მასპინძლებმა აიწყვიტეს და ტაიმი 23:10 მოიგეს, მერე ნაცარაშვილმა ლელო გაიტანა, სულ ბოლოს კი, “ორიაკმა” მეოთხე ლელოც გაიტანა და პრემიალური ქულა მიითვალა. ახლა მას 47 ქულა აქვს, მე-13 ადგილზეა და გასავარდნ მე-15 საფეხურს 15 ქულა აშორებს.
უქართველებო ქართულ დერბიში, Pro D2-ის ერთპიროვნულმა ლიდერმა, გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლმა” კახა კობერიძის “ალბი” 55:10 გაანადგურა, პრემიალური ქულაც მიითვალა და Top 14-ს კიდევ უფრო მიუახლოვდა. მენაბდიშვილი საქართველოს A ნაკრებთან ერთად ბრიტანულ ტურნეზე იმყოფება, თუმცა, კლუბის განაცხადში ისედაც ვერ ხვდება ხოლმე. განაცხადში არ იყო კობერიძეც. “გრენობლმა” მეტოქე შერკინებაში ძალიან დაჩაგრა და ორჯერ საჯარიმო ლელო მიითვალა, ჯამში კი, “ალბის” ერთის საპასუხოდ 8 ლელო გაუტანა. ახლა “გრენობლს” 87 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს მთელი 17 ქულით უსწრებს. “ალბი” 61 ქულით მე-6 საფეხურზეა და მეხუთეზე მყოფ “მონ დე მარსანს” 5 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ მე-5 ადგილი Top 14-ში ამსვლელი მეორე საგზურის პლეი ოფში თამაშის უფლებას იძლევა.
გადადებულ მატჩში “კარკასონთან” 21:27 დამარცხდა მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი”. ეს ამ გუნდისთვის ზედიზედ მეოთხე მარცხია და 48 ქულით მე-12 ადგილამდე დაეშვა. მირცხულავა A ნაკრებთან ერთად ბრიტანულ ტურნეზე იმყოფება, ხოლო მაგრაქველიძემ შეცვლაზე ბოლო 31 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 66-ე წუთისთვის 27:9-ს იგებდნენ, რის შემდეგაც “ტარბმა” ორი ლელო გაიტანა, ერთი რეალიზაცია გამოიყენა და 7 ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის ერთი პრემიალური ქულის აღება მოახერხა.
გადადებული თამაშები არ ჰქონდათ, მაგრამ გეტყვით, რომ დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პო” 68 ქულით მე-3 ადგილზეა და პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის, ხოლო თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის “პერიგო” 31 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მეთოთხმეტეზე მყოფ “ნარბონთან” ექვს მატჩში 14-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა მართებს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია