საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონისთვის სანაკრებო თამაშების პარალელურად ტურის გამართვა ჩვეულებრივი მოვლენაა და გასულ უქმეებზე მე-20 ტურის შეხვედრები გაიმართა.
გათამაშების ლიდერი ზაზა ნავროზაშვილის „ლიონი“, ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკს“ დაუხვდა და უშანსოდ დაამარცხა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი მოკრძალებული ანგარიშით მოიგეს (10:3), მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქეს მძლავრად მიეძალნენ და კიდევ 4 ლელო დაუდეს - 38:3. ჩვენებურთაგან ძირითადში იყო დათუნაშვილი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ 33-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი დასჯილთა სკამზე გაატარა.
დრამატული გამოდგა ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის „ალბისა“ და გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავას და კახაბერ კობერიძის „ტარბის“ შეხვედრა. სტუმრებმა 18-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს (9:27 მეორე ტაიმის დებიუტში), 77-ე წუთზე თეო ბეზიატის ლელოთი და სებასტიან პეოტის გარდასახვით 34:36 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლება უკვე გაწითლებულ დროზე ჯარიმის უფლება მოიპოვეს, ანდრე ოუგმა ზუსტად დაარტყა და მასპინძლებს 37:36 გაამარჯვებინა. ამ გამარჯვებით „ალბიმ“ პლეიოფში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. შეხვედრა ძირითადში დაიწყეს ბურჯებმა - შეყლაშვილმა და მირცხვულავამ, პირველი მოედნიდან 53-ე წუთზე გავიდა, ხოლო მირცხულავა 4 წუთის (57-ე) შემდეგ შეცვალეს.
თითქმის სამთვიანი შესვენების შემდეგ, „პერპინიანის“ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა დიმიტრი ბასილაია, მაგრამ ის პირველსავე ტაიმში, 31-ე წუთზე შეცვალეს. მისი და გიორგი მჭედლიშვილის გუნდმა „კარკასონს“ უმასპინძლა, ნახევარი საათის შემდეგ 3:14 ჩამორჩა, მაგრამ მერე ოთხი ლელო გაიტანა, აქედან ორი საჯარიმო, 40:14 მოიგო და პრემიალური ქულაც დაიმსახურა.
აუტსაიდერი, გიორგი ზაქაშვილის „ექს-ან-პროვანსი“, სატურნირო ცხრილში მასზე ერთი ადგილით მყოფ ელიზბარ ყუფარაძის „დაქსთან“ გამართულ პრინციპში მატჩში 23:29 დამარცხდა და კონკურენტს 6 ქულით ჩამორჩა. ბურჯმა ზაქაშვილმა თამაში ძირითადში დაიწყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა ლომიძის „ბეზიე“ „ბიარიცს“ ნაკრებში გამოძახებული ქართველი მესამეხაზელის გარეშე დაუხვდა და 25:26 დამარცხდა. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ლიდერი 5-ჯერ შეიცვალა. მასპინძლებმა ორის წილ სამი ლელო გაიტანეს, მე-60 წუთზე 25:23 დაწინაურდნენ, მაგრამ 74-ეზე ჯარიმა გაუშვეს და მხოლოდ პრემიას დასჯერდნენ.
ბექა გორგაძის „მონ-დე-მარსანმა“ „ბურგუენს“ ქართველის გარეშე სძლია - 26:15. ანტონ ფეიქრიშვილის გარეშე აჯობა „ბეიონმა“ რუმინული პასპორტის მქონე ოთარ ტურაშვილის „კოლომიეს“ - 16:15. ტარიელ რატიანიძის „ნარბონმა“ „მონტობანს“ 26:24 მოუგო. ვეტერანი ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.
საფრანგეთის პრო დ2. XX ტური
ლიონი - ორიაკი 38:3
ექს-ან-პროვანსი - დაქსი 23:29
ალბი - ტარბი 37:36
ბეზიე - ბიარიცი 25:26
მონ-დე-მარსანი - ბურგუენი 26:15
ნარბონი - მონტობანი 26:24
პერპინიანი - კარკასონი 40:14
ბეიონი - კოლომიე 16:15
1. | ლიონი | 20 | 18 | 0 | 2 | 658:307 | 81 | 9 |
2. | ბეიონი | 20 | 14 | 1 | 5 | 463:385 | 63 | 5 |
3. | ბეზიე | 20 | 12 | 1 | 7 | 516:402 | 54 | 4 |
4. | ორიაკი | 20 | 11 | 0 | 9 | 481:423 | 51 | 7 |
5. | კოლომიე | 20 | 10 | 2 | 8 | 407:398 | 50 | 6 |
6. | ალბი | 20 | 11 | 1 | 8 | 397:385 | 49 | 3 |
7. | პერპინიანი | 20 | 10 | 1 | 9 | 450:418 | 49 | 7 |
8. | ნარბონი | 20 | 10 | 0 | 10 | 411:440 | 46 | 6 |
9. | მონ-დე-მარსანი | 20 | 9 | 0 | 11 | 379:441 | 41 | 5 |
10. | მონტობანი | 20 | 8 | 0 | 12 | 375:435 | 38 | 6 |
11. | ბურგუენი | 20 | 7 | 0 | 13 | 350:403 | 37 | 9 |
12. | ბიარიცი | 20 | 8 | 0 | 12 | 411:400 | 37 | 5 |
13. | კარკასონი | 20 | 8 | 0 | 12 | 317:480 | 36 | 4 |
14. | ტარბი | 20 | 8 | 0 | 12 | 394:426 | 32 | 8 |
15. | დაქსი | 20 | 7 | 0 | 13 | 375:473 | 32 | 4 |
16. | ექს-ან-პროვანსი | 20 | 6 | 0 | 14 | 348:516 | 26 | 2 |
ტარბს დაკლებული აქვს 8 ქულა
XXI ტური. 3, 4 და 6 მარტი
პერპინიანი - ბეზიე, ბიარიცი - ტარბი, დაქსი - ალბი, ბურგუენი - ნარბონი, კარკასონი - ლიონი, კოლომიე - მონ-დე-მარსანი, მონტობანი - ექს-ან-პროვანსი, ორიაკი - ბეიონი
გიორგი ბეჭვაია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია