ევროპული რაგბის მმართველი ორგანოს - FIRA-AER-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ჟილ ბიზო მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ექვს ერში თამაში ჯერ ნაადრევია.
გასულ მსოფლიო თასზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, მსოფლიოში სულ უფრო მეტად ალაპარაკდნენ ექვსი ერის კარის გაღებაზე და აზრს ბიზოსაც დაეკითხნენ, მაგრამ მან ჩვენი ქვეყნის დონე დაიწუნა და თქვა, რომ თუნდაც შოტლანდია და იტალია, აქ სათამაშოდ ჯერ არ ჩამოვლენ.
ექვსი ერის გაფართოებაზე სტატია ერთ-ერთმა შოტლანდიელმა ჟურნალისტმა მოამზადა, რომლის გუნდიც წლეულს ექვს ერზე ბოლო ადგილზე გავიდა. მან თავის ნაშრომს “რაგბი ექვსი ერის გარეთაც ვითარდება” დაარქვა და სანამ უშუალოდ ბიზოს სიტყვებზე გადავიდოდა, დიდი დრო ქართული რაგბის განვითარებას და რუსეთის ნაკრების 46:0 განადგურებას დაუთმო.
“საქართველოში გაჩნდა 23 ახალი სარაგბო კერა, მაგრამ ამ ქვეყნის ნაკრები გუნდი რუსეთთან სათამაშოდ არ შეუშვეს ქვეყნის უდიდეს, 70-ათასიან სტადიონზე და ქართველებმა პრინციპულ მეტოქეს მხოლოდ 30-ათასიან არენაზე უმასპინძლეს. თამაშის წინა დღეს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გულშემატკივრებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, მაგრამ სტადიონზე მაინც მრავლად იყვნენ სამართალდამცავები. მერე რა, რომ რუსეთის ნაკრებს რამდენიმე მორაგბე აკლდა, რომლებსაც ჰონკონგში 7-კაცა მსოფლიო სერიაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, საქართველომ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და ის 46:0 გაანადგურა, რითაც კიდევ ერთხელ დაისაკუთრა ევროპის ერთა თასი (რასაც უკრაინასთან გასვლით მატჩში ოფიციალურად გაიფორმებს) და ყველას აჩვენა, რომ ის ამ დონეს უკვე ბევრად ასცდა”, - წერს სქოთი ჟურნალისტი და მერე ბიზოს ეკითხება, შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრები ექვს ერში შესვლას.
“არა”, - მოკლედ პასუხობს ბიზო, - “ქართული რაგბი ძლიერ განვითარდა, მაგრამ იტალიური რაგბის დონისა ჯერ კიდევ არაა. ერთეულ შეხვედრებში საქართველოს ნაკრებმა შესაძლოა დაამარცხოს იტალია და შოტლანდია, მაგრამ ამ ქვეყნების დონეებს შორის მაინც უდიდესი სხვაობაა. ისე, ეს შეკითხვა უფრო ექვსი ერის ორგანიზატორებს ეკუთვნის და არა “ფირა”-ს. შესაძლოა, საქართველოს ნაკრები მომავალში შევიდეს კიდეც ექვს ერში, მაგრამ ახლა ეს არაფრისდიდებით არ მოხდება და ამ საკითხის განხილვა არც ღირს”.
ბიზოს კომენტარი აქ სრულდება და სტატიის ავტორი განაგრძობს: “შოტლანდიელ გულშემატკივრებს შეუძლიათ, შვებით ამოისუნთქონ. ისე, საქართველოს ნაკრები ძლიერი მეტოქეა და თბილისში ტესტ-მატჩის გასამართად ჩასვლას ვერც იტალია გაბედავს და ვერც შოტლანდია. მთლიანობაში, ექვსი ერი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რაგბი. ტურნირს ყოველწლიურად მოგების სახით 80 მილიონი ევრო მოაქვს და მინი-მსოფლიო თასის მსგავსი გათამაშებაა. რომში, დუბლინში, კარდიფში, ლონდონში, პარიზსა და ედინბურგში ჩასვლა ძალიან ადვილია, თბილისი კი, მათგან გეოგრაფიულადაც შორსაა და კულტურითაც”.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია