ამბები

11:20 | 27.03.2012 | ნანახია 3681 - ჯერ

პირველად უელსელების წინააღმდეგ

ბრიტანულ ტურნეზე მყოფი საქართველოს მორაგბეთა “ა” ნაკრები, რომელმაც პირველ შეხვედრაში ინგლისური კლუბი “ეშერი” ხუთჯერ დაალელოვა და 25:8 დაამარცხა, 27 მარტს, თბილისის დროით 22 საათზე თავის მეორე მატჩს გამართავს.

ქართველმა მორაგბეებმა უელსში გადაინაცვლეს და მათი მომავალი მეტოქე ამ ქვეყნის პრემიერლიგის კლუბების ნაკრები იქნება. უელსელები მოუთმენლად ელოდნენ ქართველებთან ჯახს, ოღონდ, რატომღაც ჰგონიათ, რომ იმ გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ, რომელმაც 2011 წლის მსოფლიო თასზე გამოიჩინა თავი და არა “ა” ნაკრებთან. თავის მხრივ, საქართველოს ნაკრებს პირველად ეძლევა შანსი უელსური გუნდის წინააღმდეგ თამაშისა.
“ა” ნაკრების დანიშნულება ყველასთვის ცნობილია - იქ უნდა გაისინჯონ ის მორაგბეები, რომლებიც უახლოეს პერიოდში ეროვნულ გუნდში უნდა დაწინაურდნენ და ამიტომ, ექვსი დღის წინანდელ შემადგენლობაში ცვლილებებიც მრავლად მოხდა და ექსპერიმენტებიც იგეგმება. 15 ნომრად ბექა ურჯუკაშვილის ნაცვლად საბა ნიკოლავა ითამაშებს, რომელიც წინა მატჩში განაცხადში არ იყო, ურჯუკაშვილმა კი, სათადარიგოებში გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ ამ ამპლუის მორაგბე ირაკლი ყიასაშვილმა რუსეთის ეროვნულ გუნდთან მატჩში ტრავმა მიიღო. ის ბრიტანულ ტურნეზე კი გაემგზავრა, მაგრამ ეტყობა, სათამაშოდ მზად ჯერ არაა.
შუამარბები ირაკლი ჩხიკვაძე და გიორგი ჯიმშელაძე იქნებიან. წინა შეხვედრაში, ჯიმშელაძე 10 ნომერზე თამაშობდა, მაგრამ ახლა პოზიცია შეიცვალა, ისევე, როგორც ზურაბ ძნელაძემ. ის წინა მატჩში შუამარბის პოზიციაზე ჩხიკვაძის მეწყვილე იყო, ახლა კი, თამაშს გარემარბად იწყებს. მეორე გარემარბი ლექსო გუგავაა, რომელიც ამავდროულად გუნდს უკაპიტნებს. 10 ნომრად გამოცდიან ირაკლი გეგენავას, რომელმაც ეს პოზიცია “ეშერთან” მატჩში ჯიმშელაძის დაშავების შემდეგ დაიკავა, ხოლო 9 ნომერი ამჯერად გიორგი კაჭარავა იქნება - ბიძინა სამხარაძე ამ ჯერზე დაისვენებს.
პირველ ხაზში ერთი ცვლილებაა. ირაკლი მირცხულავასთან და შალვა მამუკაშვილთან ერთად, 3 ნომრად ლევან ჩილაჩავას ადგილს გიორგი მენაბდიშვილი დაიკავებს. მეორე ხაზში დავით ჩიტიძეს კოტე მიქაუტაძის ნაცვლად, რომელმაც “ეშერთან” შეხვედრაში მეტოქის გალახვისთვის წითელი ბარათი მიიღო, მიხეილ გაჩეჩილაძე შეუწყვილდება. მესამე ხაზი უცვლელია - ბექა ბიწაძე, გივი ბერიშვილი და გიორგი ტყეშელიაძე. სათადარიგოთა შორისაა ჯაბა კიკვიძე, რომელიც წინა მატჩში განაცხადში არ იყო.
წინა მატჩზე ის კი ვთქვით, რომ საქართველოს “ა” ნაკრებმა “ეშერს” ხუთი ლელო გაუტანა, მაგრამ ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ, გაირკვა, რომ სამი ლელო ჩიტიძის ანგარიშზეა, ჩხიკვაძისა და გეგენავას კი, თითო-თითო. აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისელები 56-ე წუთზე წითელით კი არა, ყვითელი ბარათით დასჯილან და ქართველებმა მეხუთე ლელო კაცნაკლულებმა გაიტანეს.
საქართველოს “ა” ნაკრები ბრიტანულ ტურნეზე მესამე მატჩს 31 მარტს გამართავს და ამჯერად ჩრდილოეთ უელსის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშეებს.
 
27 მარტი. უელსი. ბრიჯენდი. 22:00 საათი (თბილისის დროით)
უელსის პრემიერლიგის ნაკრები - საქართველოს “ა” ნაკრები
საქართველოს “ა” ნაკრები: 15. საბა ნიკოლავა (“არმია”, თბილისი), 14. ზურაბ ძნელაძე (“აია”, ქუთაისი), 13. ირაკლი ჩხიკვაძე (“არმია”, თბილისი), 12. გიორგი ჯიმშელაძე (“არმია”, თბილისი), 11. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი, კაპ.), 10. ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), 9. გიორგი კაჭარავა (“ლელო”, თბილისი); 1. ირაკლი მირცხულავა (“ტარბი”, საფრანგეთი), 2. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), 3. გიორგი მენაბდიშვილი (“გრენობლი”, საფრანგეთი), 4. მიხეილ გაჩეჩილაძე (“აკადემია”, თბილისი), 5. დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი), 6. ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), 7. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), 8. გიორგი ტყეშელიაძე (“ჰართპულ კოლეჯი”, ინგლისი).
სათადარიგოები: 16. ბექა მეკოკიშვილი (“არმია”, თბილისი), 17. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), 18. ჯაბა კიკვიძე (“არმია”, თბილისი), 19. გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი); 20. სანდრო ნიჟარაძე (“ჰართპულ კოლეჯი”, ინგლისი), 21. გიგა გაგოშვილი (“არმია”, თბილისი), 22. ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი).
მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08524