ამბები

17:10 | 27.03.2012 | ნანახია 1920 - ჯერ

მაჩხანელის ლელომ მის გუნდს ვერ უშველა, “ლილმა” და “მასიმ” პლეი ოფი გაინაღდეს

საფრანგეთის მორაგბეთა მესამე, ნახევარად პროფესიონალურ ფედერალ 1 დივიზიონის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ორი ტური და რამდენიმე გადადებული თამაში დარჩა. ქართველი ლეგიონერების ორმა გუნდმა, “ლილმა” და “მასიმ” პლეი ოფში თამაში უკვე განაღდეს, ხოლო კიდევ რამდენიმე ამ საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.
შეგახსენებთ, ფედერალ 1 ოთხ რეგიონულ დივიზიონადაა დაყოფილი. თითოეულ ჯგუფში 10 გუნდი თამაშობს და მათგან 4-4 საუკეთესო, Pro D2-ში აღზევებისთვის ბრძოლას პლეი ოფში აგრძელებს, 2 ფინალისტი კი, ქვეყნის რანგით მეორე დივიზიონში თამაშის უფლებას იღებს.
პლეი ოფის საგზური პირველი ჯგუფის გუნდებმა გაინაღდეს. XVI ტურში, დავით ბოლღაშვილის “ლილმა” გიორგი მჭედლიშვილის “დიჟონს” უმასპინძლა და მეტოქე 45:16 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან მხოლოდ მჭედლიშვილმა ითამაშა, რომელიც შეცვლაზე 45-ე წუთზე შევიდა. ამ დროს მისი “დიჟონი” მხოლოდ 3 ქულას აგებდა (16:19), მაგრამ დასკვნით ნახევარ საათში მასპინძლების იერიშებს ვერ გაუძლო. “ლილი” 16 თამაშში მოპოვებული 61 ქულით პირველ ადგილზეა და მე-2 საფეხურზე ქვევით ვეღარ დაეშვება, ხოლო “დიჟონს” 15 თამაშში 40 ქულა აქვს, მე-6 საფეხურზეა და ოთხეულში მოხვედრის იმედი ჯერაც აქვს, რადგან მის წინ მყოფ სამივე გუნდს 41-41 ქულა აქვს.
15 თამაშში 58 ქულით მე-2 ადგილზე შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის “მასია”, რომელმაც ამ ტურში ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დადუნაშვილის “მონლუსონს” 36:29 მოუგო. მასპინძლებმა ხუთი ლელო კი გაიტანეს, მაგრამ თავად ოთხი მიიღეს და პრემიალური ქულის გარეშე დარჩნენ. სამაგიეროდ, ბოლო წუთზე გატანილმა ლელომ პრემიალური ქულა სტუმრებს მოუტანა. “მასი” მე-15 წუთისთვის უკვე 21:3 იგებდა, მაგრამ ტაიმი მხოლოდ 21:17 მოიგო, 61-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს - 24:24, მაგრამ საბოლოოდ მაინბც მასპინძლებმა იმარჯვეს.
ქართველ ლეგიონერთაგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ აშვეთია იყო, რომელიც შესვენებისას შეცვალეს, ყუფარაძე თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო, სუთიაშვილი, კობაური და დადუნაშვილი კი, განაცხადში არ იყვნენ. “მასი” 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ლილს” და ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩასატარებელი, უახლოეს მდევარს, უფრო სწორედ, მდევართა სამეულს კი, 17 ქულას უგებს და მეტოქეებს ამხელა ჰანდიკაპის აღმოფხვრის შანსი აღარ შერჩათ. მდევართა შორის ერთ-ერთი “მონლუსონია”, რომელიც 41 ქულით მე-4 ადგილზეა და პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის.
41 ქულით მე-5 ადგილზეა შოთა მელიქიძის “მაკონი”, რომელმაც ავთანდილ კოპალიანისა და შოთა საყვარელიძის “ორლეანი” 23:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს ანგარიში ტაბლოზე 34-ე წუთზე დაფიქსირდა, მაგრამ მასპინძლებმა მესამე, პრემიის მომტანი ლელო დარჩენილ დროში ვეღარ გაიტანეს. მელიქიძე თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო. კოპალიანი და საყვარელიძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, პირველმა 77 წუთი ითამაშა, რადგან მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მეორე 54-ე წუთზე შეცვალეს. “ორლეანი” 16 თამაშში 15 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.
რევაზ გიგაურის, დიმიტრი ხოჭოლავასა და ნიკოლოზ გიორგაძის “ბულონი” ამჯერად საკუთარ მოედანზე “ნევერთან” 3:52 შერცხვა და კვლავ ბოლო ადგილზეა. ძირითად შემადგენლობაში გიგაური და გიორგაძე იყვნენ, პირველმა სრულად ითამაშა, ხოლო გიორგაძე მწვრთნელმა 45-ე წუთზე შეცვალა. ხოჭოლავა განაცხადში არ იყო. 15 თამაშია, “ბულონს” ერთი პრემიალური ქულაც არ აუღია.
მეორე ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლის საუკეთესო შანსი გია ლაბაძის, ვახტანგ მაისურაძისა და რევაზ ბელქანიას “ლა სეინს” აქვს, რომელმაც აუტსაიდერ “პოსენს” 14 ლელო გაუტანა, 92:6 გაანადგურა და პრემიალური ქულაც მიითვალა. ქართველი ლეგიონერებიდან განაცხადში მხოლოდ ბელქანია იყო, რომელიც მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა. “ლა სეინი” 46 ქულით მე-3 ადგილზეა, მე-2 ადგილს 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეხუთეადგილოსან “რომანს” 9 ქულით უსწრებს, ასე რომ, პლეი ოფში გასასვლელად დარჩენილი სამი თამაშიდან ერთის მოგებაღა ჭირდება.
ირაკლი ნინიძის “რომანმა” დავით კაჭარავასა და ირაკლი მაღალდაძის “ნიცა” 27:13 დაამარცხა, თუმცა, ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. “რომანი” 37 ქულით მე-5 ადგილზეა და 8 ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან “კასტანეს”, ხოლო “ნიცა” 28 ქულით მე-7 საფეხურზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსი აღარ დარჩა. პლეი ოფში მოხვედრის შანსი თითქმის აღარ დარჩა ირაკლი მაჩხანელის “სენტ-ეტიენს”, რომელიც ჯგუფის ლიდერ “ბრესანთან” 18:53 განადგურდა, 33 ქულით მე-6 ადგილზეა და მე-4 ადგილს მთელი 12 ქულით ჩამორჩება. მაჩხანელმა სრულად ითამაშა და 64-ე წუთზე ლელოც გაიტანა, თუმცა, ამან მის გუნდს მაინც ვერ უშველა. ირაკლისთვის ეს მე-6 ლელოა ფედერალ 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-9 მატჩში. აღსანიშნავია, რომ აქამდე მას საფრანგეთში ერთ სეზონში ამდენი ლელო ჯერ არ გაუტანია.
“მონტობანთან” 3:37 შერცხვა გიორგი კუთარაშვილის “ნიმი”, რომელმაც ერთადერთი ჯარიმა მე-3 წუთზე გაიტანა და დაწინაურდა, მაგრამ... ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდი კი, 28 ქულით მე-8 ადგილზეა, ოღონდ, ჯგუფში ყველაზე ცოტა, 14 თამაში აქვს ჩატარებული. თემურ გელანტიას “ნიმმა” “კასტანეს” 25:22 სძლია და მე-9 ადგილს უკვე 20 ქულით იკავებს. ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო და 73 წუთი ითამაშა. მისი გუნდი 45-ე წუთისთვის 25:5 იგებდა, მერე მეტოქემ ჩამორჩენის შემცირება შეძლო, მაგრამ მასპინძლებმა გამარჯვება მაინც მოიპოვეს.
მესამე ჯგუფში ქართველი ლეგიონერების ერთადერთი გუნდი “სენ-ჟუნიენი” პლეი ოფში გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძისა და გიორგი ოზგებაშვილის გუნდმა “სენ-მედარი” 25:9 დაამარცხა, სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის ერთი პრემიალური ქულაც მიიღო და ეს ქულა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ჩხაიძემ და კვირიკაშვილმა სრულად ითამაშეს, “მეკომ” ორი გარდასახვა და ამდენივე ჯარიმა გაიტანა, ხოლო ოზგებაშვილი მოედანზე 50-ე წუთზე გამოჩნდა. “სენ-ჟუნიენს” 16 თამაშში 36 ქულა აქვს, მე-5 ადგილზეა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება “სენ-ნაზერს”, რომელსაც ასევე 16 თამაში აქვს ჩატარებული.
მეოთხე ჯგუფში საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ “ლიმოჟთან” 19:30 დამარცხდა გიორგი ნემსაძისა და დიმიტრი ბასილაიას “ვალანს დაჟენი”. ნემსაძემ სრულად ითამაშა, ხოლო ბასილაია განაცხადში არ იყო. ტაიმი მასპინძლებმა 16:21 დათმეს და სიტუაციის გამოსწორება მეორე ნახევარში ვეღარ მოახერხეს. “ვალანს დაჟენს” 15 თამაშში 44 ქულა აქვს, მე-3 ადგილზეა და პლეი ოფში გასასვლელად 5-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება მართებს. უშუალო კონკურენტ “ოლორონს” სტუმრად 28:24 აჯობა საბა ქართველიშვილის “ლანემეზანმა”, 36 ქულით მე-6 საფეხურამდე აღზევდა და პლეი ოფში მოხვედრის შანსს ჯერაც ინარჩუნებს.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089667