ამბები

1:10 | 28.03.2012 | ნანახია 11269 - ჯერ

უელსელებმაც გვაღიარეს – “ამ მატჩმა დაგვანახა, საქართველოში რაგბი რა დონეზეა განვითარებული”

ბრიტანულ ტურნეზე მყოფმა საქართველოს მორაგბეთა ”ა” ნაკრებმა მეორე საკონტროლო მატჩი გამართა და ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში “ბორჯღალოსნებმა” ინგლისური დაბალი ლიგის წარმომადგენელი “ეშერი” 25:8 დაამარცხეს, ახლა კი გაცილებით ძლიერი უელსური პრემიერლიგის ნაკრებიც ხუთჯერ დაალელოვეს და სანახაობრივ მატჩში 36:32 იმარჯვეს.
შეგახსენებთ, რომ “ა” ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ბრიტანეთში ის მორაგბეები იახლა, რომლებიც უახლოეს პერიოდში ეროვნულ გუნდში უნდა დაწინაურდნენ და ამიტომ, ერთი კვირის წინანდელ შემადგენლობაში ცვლილებებიც მრავლად მოხდა. 15 ნომრად ბექა ურჯუკაშვილის ნაცვლად საბა ნიკოლავა გამოჩნდა, რომელიც წინა მატჩში განაცხადშიც არ იყო, ურჯუკაშვილმა კი, სათადარიგოებში გადაინაცვლა.
შუამარბების პოზიციაზე ირაკლი ჩხიკვაძე და გიორგი ჯიმშელაძე ვიხილეთ, არადა წინა შეხვედრაში, ჯიმშელაძე 10 ნომერზე თამაშობდა, მაგრამ ახლა პოზიცია შეიცვალა, ისევე, როგორც ზურაბ ძნელაძემ. ის პირველ მატჩში შუამარბის პოზიციაზე ჩხიკვაძის მეწყვილე იყო, ახლა კი, თამაში გარემარბად დაიწყო. მეორე გარემარბი ლექსო გუგავა გახლდათ, რომელიც ამავდროულად გუნდის კაპიტნად მოგვევლინა. 10 ნომრად ირაკლი გეგენავა ვიხილეთ, რომელმაც ეს პოზიცია “ეშერთან” მატჩში ჯიმშელაძის დაშავების შემდეგ დაიკავა, ხოლო 9 ნომერი ამჯერად გიორგი კაჭარავა იყო.
პირველ ხაზში ერთი ცვლილება მოხდა. ირაკლი მირცხულავასთან და შალვა მამუკაშვილთან ერთად, სამ ნომრად ლევან ჩილაჩავას ადგილი გიორგი მენაბდიშვილმა დაიკავა, მეორე ხაზში კი დავით ჩიტიძეს, დისკვალიფიცირებული კოტე მიქაუტაძის ნაცვლად, მიხეილ გაჩეჩილაძე შეუწყვილდა. უცვლელი გახლდათ მესამე ხაზი – ბექა ბიწაძე, გივი ბერიშვილი და გიორგი ტყეშელიაძე. სათადარიგოთა შორისა იყო ჯაბა კიკვიძე, რომელიც წინა მატჩში განაცხადშიც არ გახლდათ.
მიუხედავად გადახალისებული შემადგენლობისა (თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საქართველოს ნაკრების მე-2 შემადგენლობა ნამდვილად არ გახლდათ), “ბორჯღალოსნებმა” ერთი შეხედვით მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს. კიდევ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ეს ფაქტობრივად, საქართველოს და უელსის ჩემპიონატების საუკეთესო მორაგბეთა შერკინება გახლდათ, ასეთ შეხვედრაში წარმატება კი რას ნიშნავს, თავადაც მიხვდებით.
მატჩის პირველ ტაიმში ქართველთაგან ლელოები შალვა მამუკაშვილმა, დავით ჩიტიძემა და გიორგი კაჭარავამ გაიტანეს, სამივე გარდასახვა კი ზუსტად ნიკოლავამ შეასრულა. აღნიშნულს უელსელებმა ხუთი საჯარიმოთი და ერთი გარდასახული ლელოთი უპასუხეს და საწყისი ნახევარი 22:21 მოიგეს. აღნიშნულში მასპინძლებს გიორგი მენაბდიშვილის გასინბინებაც დაეხმარათ, რის გამოც სტუმრები ათი წუთი კაცნაკლულნი ირჯებოდნენ.
მე-2 ტაიმის სტარტზე უელსური პრემიერლიგის ნაკრებმა ერთი ჯარიმაც მიითვალა, რასაც ქართველებმა ირაკლი ჩხიკვაძისა და ჯაბა კიკვიძის ლელოები მიაყოლეს. მათგან ნიკოლავამ ერთი გარადასახა და საქართველოს “ა” ნაკრები 33:25 დაწინაურდა. შეხვედრის მიწურულს უელსელებმა გარდასახული ლელოთი ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, თუმცა, ნიკოლავამ ერთი ჯარიმაც გაიტანა დ საბოლოო ანგარიში – 32:36 დააფიქსირა.
სამწუხაროდ, ქართველთა მატჩისშემდგომი კომენტარები ვერ მოვიძიეთ, სამაგიეროდ, საინტერესო უნდა იყოს თუ რა განაცხადა უელსელთა დამრიგებელმა უეინ ჰოლმა. “პრემიერლიგის მოთამაშეებისთვის ეს დიდი გამოცდა გახლდათ. ამ თამაშმა გამოაჩინა, რომ ჩვენს ლიგაში ბევრი ნიჭიერი მორაგბეა. ტრიბუნებზე შეკრებილი ათასი ქომაგის დახმარებითა და ბოლო წუთებზე გატანილი ლელოს წყალობით, დრამატული ფინალი ვიხილეთ, თუმცა, გამარჯვება მეტოქეს დარჩა. საქართველოს “ა” ნაკრებმა მაღალი დონის თამაში აჩვენა, რითაც გამოჩნდა, ამ ქვეყანაში რაგბი როგორაა განვითარებული”.
“ბორჯღალოსნები” ბრიტანული ვოიაჟის დასკვნით მატჩს 31 მარტს ჩაატარებენ. ქართველი მორაგბეები ქონვიში ჩრდილოეთ უელსის პრემიერლიგის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და თუკი ამ ჯახშიც იმარჯვეს, ტურნეს სრული ტრიუმფით დაასრულებენ. და ერთიც. საქართველოს “ა” ნაკრებთან ერთად, ბრიტანეთში ეროვნული გუნდის მწვრთნელები მილტონ ჰეიგი და ქრის გიბსიც იმყოფებიან და უეჭველია, რომ თავისთვის არაერთ საინტერესო მორაგბესაც მოინიშნავდნენ.

27 მარტი. უელსი. ბრიჯენდი
უელსის პრემიერლიგის ნაკრები – საქართველოს “ა” ნაკრები 32:36 (22:21)
საქართველოს “ა” ნაკრები:
15. საბა ნიკოლავა (“არმია”, თბილისი), 14. ზურაბ ძნელაძე (“აია”, ქუთაისი), 13. ირაკლი ჩხიკვაძე (“არმია”, თბილისი), 12. გიორგი ჯიმშელაძე (“არმია”, თბილისი), 11. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი, კაპ.), 10. ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), 9. გიორგი კაჭარავა (“ლელო”, თბილისი); 1. ირაკლი მირცხულავა (“ტარბი”, საფრანგეთი), 2. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), 3. გიორგი მენაბდიშვილი (“გრენობლი”, საფრანგეთი), 4. მიხეილ გაჩეჩილაძე (“აკადემია”, თბილისი), 5. დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი), 6. ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), 7. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), 8. გიორგი ტყეშელიაძე (“ჰართპულ კოლეჯი”, ინგლისი).
შემცვლელები: 16. ბექა მეკოკიშვილი (“არმია”, თბილისი), 17. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), 18. ჯაბა კიკვიძე (“არმია”, თბილისი), 19. გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი); 20. სანდრო ნიჟარაძე (“ჰართპულ კოლეჯი”, ინგლისი), 21. გიგა გაგოშვილი (“არმია”, თბილისი), 22. ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი).
5 ლელო: მამუკაშვილი, ჩიტიძე, კაჭარავა, ჩხიკვაძე, კიკვიძე.
4 გარდასახვა: ნიკოლაძე.
საჯარიმო: ნიკოლაძე.
მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი.

 

დათო მანჯავიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.10542