რუსეთის ჩემპიონის, “ენისეის-სტმ”-ის პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ პერვუხინი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან გამანადგურებელი, 0:46 მარცხის შემდეგ, რუსეთის ეროვნული ნაკრების უელსელმა მთავარმა მწვრთნელმა კინგსლი ჯონსმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
პერვუხინი კლუბის ოფიციალურ საიტზე ტრადიციულად, გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობს და საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირებაზეც აქ ისაუბრა.
ალექსანდრ პერვუხინი: “ქართველებთან მატჩამდე, შემადგენლობაში ჯონსის მიერ განხორციელებულ ექსპერიმენტებს მშვიდად ვუყურებდი, მაგრამ ახლა, ყველანაირი ზღვარი დაირღვა. აუცილებელია, მომხდარს სათანადო შეფასება და ახსნა-განმარტება მიეცეს. ის, რომ წავაგებდით, თავიდანვე ცხადი იყო, მაგრამ თუ ასე უბრძოლველად შევრცხვებოდით, არავინ ელოდა. ჩვენ მეტოქის ჩათვლის მოედანს სულ ერთხელ მივუახლოვდით! და ეს ასეთ პრინციპულ, თანაც, ოფიციალურ შეხვედრაში. რისთვის მუშაობს ეს სამწვრთნელო შტაბი და რისთვის ვამუშავებთ ტაქტიკურ მონახაზებს? სირცხვილისა და სამომავლოდ ფსიქოლოგიური განადგურების გარდა, ჩვენ ამ მატჩში არაფერი მიგვიღია.
თურქულ შეკრებაზე, საქართველოს ჩემპიონ “არმიასთან” მატჩის შემდეგ, მწვრთნელებს დავურეკე და ნაკრებში პრონენკოს და ნოვოსელოვის წაყვანა ვურჩიე, რომლებმაც კარგად იმუშავეს სტატიკაში. კარგად მახსოვდა, რომ საქართველოსთან მატჩებში, შერკინებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ოსტროუშკოს, სიმპლიკევიჩის და კლუჩნიკოვის არყოფნა, არაფერს ნიშნავს, რადგან ჩვენი შერკინებების და დერეფნების დროსაც კი, მხოლოდ 15-20 პროცენტი თუ მოვახერხეთ ბურთის დაუფლება და ასეთ დროს ისინიც ვერაფერს იზამდნენ.
ექსპერიმენტების ჩატარება და ახალგაზრდა ბიჭების პირდაპირ საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაყვანა დიდი შეცდომა იყო. გრესევს შერკინებიდან ბურთი როცა გაქონდა, მას უკვე სამი კაცი ეჯდა თავზე. ზუსტად ვიცი, რუს მწვრთნელს საქართველოსთან ასეთი მარცხის შემდეგ, ნაკრებიდან დაუყოვნებლივ გააძევებდნენ”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია