ამბები

17:38 | 29.03.2012 | ნანახია 9920 - ჯერ

გრანდებთან ზღვარის წასაშლელად

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, რომელიც წელს პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ელიტდივიზიონში, სადაც ექვსი ერის წარმომადგენელი ქვეყნების ახალგაზრდული გუნდები გამოდიან, პირველ მატჩს ხვალ, 30 მარტს, თბილისის დროით 12:30 საათზე ინგლისის წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა სარაგბო დონეების გუნდების ინტეგრაციას, მსოფლიოსა და ევროპის რაგბის მმართველები სწორედ ახალგაზრდულ ნაკრებებში ცდილობენ და ექსპერიმენტებს მიმართავენ. გასულ წელს, ექვსი ერის ორი უარესი გუნდი (შოტლანდია და იტალია), მომდევნო ექვს ნაკრებს გაუტოლეს და ევროპის ჩემპიონატის მეორე, რვაგუნდიანი ჯგუფი გააკეთეს. მაშინ საქართველოს ნაკრებმა ზემოთნახსენები გრანდების შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. ქართველები ნახევარფინალში იტალიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ, მღელვარებას ვერ სძლიეს და ტაიმი 3:29 დათმეს. მერე პატარა “ბორჯღალოსნებმა” იბრძოლეს და ჩამორჩენა 13 ქულამდე დაიყვანეს (16:29), თუმცა, საბოლოოდ 16:36 დამარცხდნენ.
გასული წლის მიწურულს, ფორმატი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ოთხთა ტურნირმა (საქართველო, პორტუგალია, ბელგია და რუმინეთი), რომელსაც რუმინეთმა უმასპინძლა, ორი უძლიერესი გამოავლინა (საქართველო და პორტუგალია), ისინი ექვსი ერის გუნდებს დაემატა და უკვე სრულფასოვან ევროპის ჩემპიონატში ჩაება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ელიტდივიზიონში თამაშის უფლება ორჯერ მოიპოვა.
პირველად ეს გასული წლის ივნისში მოხდა, როდესაც “შავი ზღვის” თასზე რუმინეთში მასპინძლების, რუსეთის და უკრაინის ნაკრებებს აჯობეს. გასული წლის შემოდგომაზე, რეგიონების გამარჯვებულ გუნდებს (“შავი ზღვის თასის” მსგავსი ტურნირები დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაშიც ჩატარდა) რუმინეთშო ოთხთა ტურნირში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, სადაც საქართველო უკონკურსოდ უნდა გამოსულიყო, მაგრამ რაგბის “ბოსებმა” მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს, ქართველებს მოგებული უფლება ჩამოართვეს და მის დასაბრუნებლად ხელახლა ბრძოლა “შესთავაზეს”. საქართველოს ნაკრებმა არც აქ შეირცხვინა თავი, რუმინეთი 27:6, ბელგია 27:9, ხოლო პორტუგალია 24:3 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი ისე დაიკავა, ერთი ლელოც არ მიუღია.  
თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ელიტდივიზიონში, ევროპის რვა საუკეთესო გუნდი ორ ოთხგუნდა ჯგუფში უნდა გადანაწილებულიყო და მერე იქ, დაკავებული ადგილების მიხედვით, ნაკრებებს ჯამში პირველი, მესამე, მეხუთე და ბოლოსწინა ადგილების დასაკავებლად ებრძოლათ, თუმცა, საბოლოოდ შეჯიბრის პლეი ოფის სისტემით ჩატარება გადაწყდა.
რადგან საქართველოს ნაკრებმა ოთხთა შესარჩევ ტურნირზე იმარჯვა, ის მეოთხედფინალში გასული წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე გუნდს, ინგლისს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში უელსი-იტალიას შორის გამარჯვებულს, ხოლო დამარცხების შემთხვევაში V ადგილისთვის ამავე წყვილს შორის დამარცხებულ გუნდთან შეხვედრით გააგრძელებს ბრძოლას. დასკვნით დღეს, 7 აპრილს, კვლავ ოთხი თამაში გაიმართება და საბოლოოდ გაირკვევა ევროპის ჩემპიონის და მომდევნო 8 ადგილის მფლობელი გუნდის ვინაობა.
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, თითო ტაიმის ხანგრძლივობა 35 წუთია. ესპანეთში ელიტდივიზიონის გარდა 1994-1995 წლებში დაბადებულ მორაგბეებს შორის, კიდევ ორი ჯგუფის თამაშები გაიმართება. ჯამში, მადრიდში 24 ნაკრების 624 მორაგბე მოიყრის თავს, 36 თამაში გაიმართება და მათ 40 რეფერი და 100 მათი დამხმარე მოემსახურება. ისიც ვთქვათ, რომ 2011 წელს ევროპის ჩემპიონი ირლანდია გახდა, რომელმაც ფინალში ინგლისი დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, ილია მაისურაძის თავკაცობით, მზადების რამდენიმე ეტაპი გაიარა. დასკვნით ეტაპზე, 18 მარტს, ქართველი მორაგბეები საფრანგეთში გაემგზავრნენ, ევროპის ერთ-ერთ გრანდ “კლერმონის” ბაზაზე დაბინავდნენ და ათი დღე იქ ივარჯიშეს. 22 მარტს მათ “კლერმონის” 19-წლამდელთა გუნდთან საკონტროლო შეხვედრა გამართეს, რომელიც ამ ასაკში საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია და მეტოქე 17:0 შეარცხვინეს. აღსანიშნავია, რომ ეს ასაკობრივი ნაკრები, ძალისმიერს კი არა ხელდახელ, გაშლილ რაგბის თამაშობს. ამხანაგურ მატჩში ქართველები ჯარიმას კარში არ ურტყამდნენ და მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს. თავი უკანახაზელებმა მურაზ გიორგაძემ (“პატარძეული”), გიორგი ნათელაშვილმა (“რუსთავი”) და დევი დევსურაშვილმა (“ხულიგანა”) გამოიჩინეს.
ქართველი ჭაბუკები მადრიდში 28 მარტს ჩავიდნენ და საკუთარი შესაძლებლობების ჩვენებას პირველ ჯერზე ინგლისთან შეეცდებიან. აღსანიშნავია, რომ ეს ტურნირის გახსნის მატჩია როგორც ელიტურ, ასევე, ქვედა დივიზიონების თამაშებს შორის.  

საქართველოს ნაკრები
უკანა ხაზი:
გიორგი აფციაური (“არმია”), დევი დევსურაშვილი (“ხულიგანა”), იოსებ კიკვაძე (ქუთაისი), გიორგი ფრუიძე (ქუთაისი), ნიკა ამაშუკელი (“ჯიქები”), გიორგი ნათელაშვილი (რუსთავი), მურაზ გიორგაძე (პატარძეული), რევაზ ჯინჭველაშვილი (ქუთაისი), გიორგი ტალახაძე (“ხულიგანა”), იოსებ ტუკვაძე (“ყოჩები”), რევაზ ბროძელი (“არმაზი”);
შერკინება: ბექა ფირიაშვილი (“ყოჩები”), ბადრი ალხაზაშვილი (“აკადემია”), მიხეილ ზურიკაშვილი (რუსთავი), ლექსო ცისკარიშვილი (“არმია”), ზაურ ხარებავა (ფოთი), გიორგი მარგველანი (“ივერია”), გიორგი სორდია (საფრანგეთი), მიხეილ მასხარაშვილი (“ჯიქები”), შალვა შაშიაშვილი (ქუთაისი), საბა შუბითიძე (“აკადემია”), გიორგი გოგლიძე (“აკადემია”), ვახტანგ ამირანაშვილი (“ივერია”), ონისე მოგელაშვილი (“ჯიქები”), ფარნავაზ გასვიანი (“ლოკომოტივი”).
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, ზურაბ ამონაშვილი
დელეგაციის ხელმძღვანელი: გია გორგასლიძე (სრკ-ს ვიცე პრეზიდენტი)
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ექიმი: ზვიად მკერვალიშვილი
მასაჟისტი: მირზა ირემაძე

18-წლამდე მორაგბეთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი
მადრიდი (ესპანეთი). 30 მარტი - 7 აპრილი
30 მარტი. 1/4-ფინალები

1.    ინგლისი - საქართველო
2.    ირლანდია - პორტუგალია
3.    უელსი - იტალია
4.    საფრანგეთი - შოტლანდია

3 აპრილი. ნახევარფინალები
V-VIII ადგილებისთვის

პირველის წაგებული - მესამეს წაგებული
მეორეს წაგებული - მეოთხეს წაგებული
 

თასის ნახევარფინალები
პირველის გამარჯვებული - მესამეს გამარჯვებული
მეორეს გამარჯვებული -  მეოთხეს გამარჯვებული
 

7 აპრილი. ფინალები
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.126649