საქართველოს მორაგბეთა 2012 წლის საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირის დასკვნითი ფაზა, სტარტს 31 მარტიდან იღებს. ხვალიდან მასში 10 განთესილი გუნდი ჩაებმება, რომელთაც პირველი ლიგის აღმოსავლეთ და დასავლეთ დივიზიონების გამარჯვებულები შეუერთდნენ და ეს 12 გუნდი, თასის მოსაპოვებლად და უძლიერესთა შორის დასარჩენად ბრძოლას დაიწყებს.
საქართველოს რაბის კავშირის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რაგბის პოპულარიზაციის და კლუბების რაოდენობის ზრდის პირობებში, უმაღლეს ლიგაში მონაწილე კლუბთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. გასულ წელს უძლიერესთა შორის მობურთალ 8 გუნდს, რომელთაგან გავარდნას ორი ბოლოადგილოსანი გადაურჩა (თბილისის “ყოჩები” და “აკადემია”), ის ორი დაემატა, რომელთაც უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება შარშან პირველ ლიგაში წარმატებული გამოსვლით მოიპოვეს (ბათუმის “ბათუმი XV” და თბილისის “ჯიქები”). ამასთან, სხვადასხვა ნაკრებების კალენდრით და ქართული კლუბების ევროთასებში ჩართვის სურვილის გათვალისწინებით, შეიცვალა საქართველოს ჩემპიონატის ჩატარების პრინციპი და ის გაზაფხული-შემოდგომის სისტემიდან, შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადადის, ისე, როგორც ევროპის წამყვან სარაგბო ქვეყნებშია.
იმის გამო, რომ ამა წლის სექტემბრამდე გუნდები უქმად არ ყოფილიყვნენ (მთელი 7-8 თვე), სრკ-მ წელს საგაზაფხულო, მოკლევადიანი ტურნირის ჩატარება გადაწყვიტა და ამასთან, სპორტული პრინციპების გათვალისწინებით, საუკეთესო ათეულს იქ ადგილის დასაბევებლად პირველი ლიგის ორ საუკეთესოსთან მოუწევს უპირატესობის დამტკიცება. პირველმა ლიგამ, რომელიც რეგიონალური პრინციპით ორ, აღმოსავლეთ და დასავლეთ დივიზიონებად იყო დაყოფილი, საგაზაფხულო ტურნირი უკვე მოილია. აღმოსავლეთში თბილისის “თიბისიმ” იპირველა, დასავლეთში ქუთაისი “ბაგრატმა”, ისინი უმაღლესლიგელებს დაემატნენ და ახლა ეს 12 გუნდი თასისთვის ბრძოლას ორ, 6 გუნდა ჯგუფებში იწყებს.
ჯგუფები გასული წლის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, გუნდების მიერ დაკავებული ადგილების გათვალისწინებით მოხდა. თითოეულ ჯგუფში ერთწრიანი ტურნირი გაიმართება, ანუ, სულ 5-5 ტური შედგება, რის შემდეგაც ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი თასისთვის ორრაუნდიან ნახევარფინალში გააგრძელებს ბრძოლას, ხოლო ჯგუფის აუტსაიდერები, სექტემბრიდან პირველ ლიგაში დაქვეითდებიან. ჯგუფურ ეტაპზე ქულათა დარიცხვა ფრანგული სისტემით მოხდება. გამარჯვებისთვის გუნდი 4 ქულას იღებს, ფრე 2 ქულად ფასობს და იმოქმედებს ბონუს სისტემაც. თითო პრემიალურ ქულას ის გუნდი მიიღებს, ვინც 7 და ნაკლები ქულის სხვაობით დამარცხდება, ან ის გამარჯვებული (მხოლოდ გამარჯვებული), რომელიც მეტოქეს სამით მეტ ლელოს გაუტანს (ლელოებით 3:0, 4:1, 5:2 და ა.შ.).
თამაშები შაბათ-კვირას ჩატარდება და ერთ სათამაშო დღეს ერთი ჯგუფის მატჩები გაიმართება. ხვალ ჩემპიონატს 2011 წლის ჩემპიონი თბილისის “არმია” ხსნის, რომელიც დასავლეთ დივიზიონის გამარჯვებულ ქუთაისის “ბაგრატს” “ავჭალის” სტადიონზე მიიღებს. შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. I ჯგუფის მეორე მატჩში, “არმაზი” გასულ წელს პირველი ლიგის მომგებ “ბათუმი XV”-ს “შევარდენზე”, 16:00 საათზე დაუხვდება, ხოლო ჯგუფის მესამე მატჩი თბილისის “ლელოსა” და “აკადემიას” შორის, 12 აპრილისთვის გადაიდო, რადგან “ლელოს” მორაგბეები (4) და მთავარი მწვრთნელი, “ა” ნაკრებთან ერთად ბრიტანულ ტურნეზე არიან და სწორედ იმ დღეს, ჩვენი ქვეყნის “ა” ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ეთამაშება. “არმიას” “ა” ნაკრებში ბევრად მეტი მორაგბე ჰყავს მივლინებული (10) და თამაშის გადადების მოთხოვნა მათაც შეეძლოთ, მაგრამ მწვრთნელებს საკუთარი რეზერვის სწამთ და “ბაგრატის” წინააღმდეგ ლიდერების გარეშე ითამაშებენ.
1-ელ აპრილს ბრძოლაში უკვე მეორე ჯგუფის ექვსეული ჩაებმება. ყველა თამაში 16:00 საათზეა დანიშნული და ორი მათგანი თბილისში გაიმართება. თბილისის “ლოკომოტივი” “ყოჩებს” “ავჭალაში” ეთამაშება, ხოლო რუსთავის “ხარები” დედაქალაქურ “ჯიქებს” “შევარდენზე” დაუპირისპირდებიან. რუსთაველებისა არ იყოს, საკუთარ ქალაქში არ თამაშობს ქუთაისი “აიაც”, რომელიც თბილისის “თიბისის” ფოთის გარეუბანში, მალთაყვაში დაუხვდება. აღსანიშნავია, რომ ორივე ჯგუფში, თითოეული გუნდი ორ-ორ საშინაო შეხვედრას მის მიერ შერჩეულ ქალაქში ჩაატარებს, ხოლო დასკვნით, V ტურში, მასპინძელ გუნდს წილისყრა გამოავლენს.
გასული წლის ჩემპიონატის გათვალისწინებით, წლევანდელი დაძაბულობით და სანახაობით მას არაფრით არ უნდა ჩამოუვარდებოდეს, თუმცა, ქვეყნის ჩემპიონი “არმია”, კიდევ უფრო გაძლიერდა და დანარჩენებს მისთვის ტიტულის ჩამორთმევა ძლიერ უნდა გაუჭირდეთ. გარდა სამშობლოში დაბრუნებული ლეგიონერებისა, არმიელებმა, რომელთაც მყარი ფინანსური გარანტია აქვთ, საკუთარ ბანაკში მოწინააღმდეგე გუნდების წამყვანი მორაგბეებიც გადაიბირეს, თურქეთში ორკვირიანი შეკრებაც მოაწყეს, რომლის დროსაც რუსეთის ჩემპიონი “ენისეი-სტმ”-იც დაამარცხეს და ტიტულის მოპოვების უმთავრესი ფავორიტები არიან, დანარჩენს კი, უშუალოდ თამაშების მსვლელობა დაგვანახებს.
სულ ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ აქამდე საქართველოს ჩემპიონატის გახსნა უჩუმრად, ტრადიციული ჰიმნის გაჟღერებისა და დროშის აღმართვის გარეშე ხდებოდა და იმედია, ეს “ტრადიცია” ამჯერად მაინც დაირღვევა და გახსნა ოფიციალური ატრიბუტიკის თანხლებით შედგება.
2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
I ჯგუფი
I რაუნდი. 31 მარტი
თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი
არმია (თბილისი) - ბაგრატი (ქუთაისი)
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ბათუმი XV (ბათუმი)
ლელო (თბილისი) - აკადემია (თბილისი) (გადაიდო)
II რაუნდი. 7-8 აპრილი
ლელო - ბაგრატი
აკადემია - ბათუმი XV
არმია - არმაზი
12 აპრილი. I რაუნდის გადადებული მატჩი
ლელო - აკადემია
III რაუნდი. 21-22 აპრილი
ბათუმი XV - ლელო
აკადემია - არმია
ბაგრატი - არმაზი
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
არმაზი - ლელო
ბათუმი XV - არმია
ბაგრატი - აკადემია
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
არმია - ლელო
ბათუმი - ბაგრატი
არმაზი - აკადემია
II ჯგუფი
I რაუნდი. 1 აპრილი
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი)
თბილისი. შევარდენი”. 16:00 საათი
ხარები (რუსთავი) - ჯიქები (თბილისი)
ფოთი (მალთაყვა). 16:00 საათი
აია (ქუთაისი) - თიბისი (თბილისი)
II რაუნდი. 7-8 აპრილი
თიბისი - ლოკომოტივი
ყოჩები - ჯიქები
ხარები - აია
III რაუნდი. 21-22 აპრილი
ჯიქები - ლოკომოტივი
აია - ყოჩები
თიბისი - ხარები
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
ლოკომოტივი - ხარები
ჯიქები - აია
ყოჩები - თიბისი
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
აია - ლოკომოტივი
თიბისი - ჯიქები
ყოჩები - რუსთავი
12-13 და 19-20 მაისი. ორმატჩიანი ნახევარფინალები
I ჯგუფის გამარჯვებული - II ჯგუფის მეორეადგილოსანი
II ჯგუფის გამარჯვებული - I ჯგუფის მეორეადგილოსანი
26 ან 27 მაისს ფინალი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია