ამბები

20:15 | 30.03.2012 | ნანახია 4615 - ჯერ

ინგლისმა ზღვარი გაგვივლო

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა (1994-1995 წლებში დაბადებულები) ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატზე, სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლებთან პირველი გამოცდა ვერ ჩააბარა. 

ეს გუნდი, 15 და 17-წლამდე ასაკობრივ ტურნირებში, აქამდე პრაქტიკულად დაუმარცხებლად გამოდიოდა და იყო იმედი, რომ მსოფლიოსა და ევროპის რაგბის მამებს, რომლებმაც ექვსი ერის კარი ამ ასაკობრივ დონეზე გახსნეს, ჩვენს ძალას დავანახებდით, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ინგლისელებმა “პატარა ბორჯღალოსნებს” შანსი არ დაუტოვეს, ერთის წილ 8 ლელო გაუტანეს და 58:8 იმარჯვეს. ჩვენ კი გვქონდა უკეთესის იმედი და მოლოდინი, მაგრამ მიზეზთა გამო, ამ ეტაპზე ეს შედეგი სრულიად ლოგიკურია და ნათლად ასახავს სხვაობას მოწინავე ევროპული ქვეყნებისა და საქართველოს სარაგბო კულტურას შორის.
საქართველოში სარაგბო თვალსაზრისით უკეთესობისკენ ნაბიჯების გადადგმა ახლაღა იწყება. ამ სპორტით ბავშვები და მათი მშობლები დაინტერესებას ბოლო რამდენიმე წელია იჩენენ და ჯერ არჩევანის გასაკეთებლად იმ რაოდენობის მორაგბეები ვერ შეგროვდნენ, რომ უკვე განვითარებულ სარაგბო ქვეყნებს შევედაროთ; წელს გადაიდგა პირველი ნაბიჯი და “ვეღირსეთ” ძლიერი ევროპული ნაკრები წინააღმდეგ თამაშს (გასულ წელს იტალიასთან კი ვითამაშეთ, მაგრამ იტალია ექვსი ერის დანარჩენ ხუთ წევრს მაინც საგრძნობლად ჩამორჩება) და ეს ქართველი ჭაბუკების ფსიქოლოგიაზე აუცილებლად აისახებოდა, რაც ბუნებრივია, დაძაბულ ფონს შექმნიდა და ბიჭებიც მოედანზე რიდით გავიდოდნენ; სხვებისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი ამხანაგური თამაში გამართა უცხოურ გუნდთან (“კლერმონის” ასაკობრივ გუნდთან), ამ დროს კი, იმავე ინგლისს ტესტ-მატჩები და შეთამაშება არ აკლდა; ჩვენთან მინდვრები ახლა გამოჩნდა და მწვრთნელების პრობლემის აღმოფხვრაც, ეტაპობრივად ხდება, ინგლისში კი, ამის პრობლემა ნაღდად არა აქვთ.
მწვრთნელები ვახსენეთ და უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს, რუმინეთში გამართული ორივე მოგებული ტურნირისას, ამ ბიჭებს დავით ჩავლეიშვილი და მამუკა ტყეშელაშვილი ავარჯიშებდნენ, წელს კი, ბიჭების გაწვრთნა ეროვნულ გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტ ილია მაისურაძეს გადააბარეს და შესაძლოა, დროის მცირე მონაკვეთში მასსა და მორაგბეებს შორის სრული უერთიერთგაგება ვერც დამყარდა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ, საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო უკანახაზელი გიორგი ტალახაძე (ხულიგანა) და მორკინალი გიორგი სორდია (საფრანგეთი) გამოაკლდნენ. 
საქართველოსა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირება, ტურნირის სადებიუტო შეხვედრა იყო. მატჩი თავიდანვე ბრიტანელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ჩანს, მათ ქართველთა რიდი ჰქონდათ და როცა შანსი მიეცათ, ჯარიმა კარში დაარტყეს. ეს მეექვსე წუთზე მოხდა, ორიოდე წუთში კი, მათი კარგი იერიში უკვე ლელოთი დაგვირგვინდა და მას ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. ამას ქართველებმა მე-16 წუთზე საკუთარი იერიშით უპასუხეს, წინ ნაბიჯ-ნაბიჯ წაიწიეს, მეტოქის 22-მეტრა ხაზს მიაუხლოვდნენ, მერე ინგლისი თამაშგარესთვის დაჯარიმდა და გიორგი აფციაურმა ჯარიმით სხვაობა შეამცირა, მაგრამ სულ ორიდე წუთით. ბრიტანელებმა საფრთხე იგრძნეს თუ არა, ჯარიმა თავადაც კარში დაარტყეს, ხოლო 23-ე წუთზე მათ რამდენჯერმე კარგად გაჭრეს ხაზი და საბოლოოდ იერიში ძელებსშორის გატანილი მეორე ლელოთი დააგვირგვინეს, რასაც კვლავ ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 3:20.
მთლიანობაში, პირველ ტაიმში ინგლისმა საქართველოს ნაკრები დაჯაბნა როგორც ფიზიკურად, ასევე სტრატეგიაში და სისწრაფეში, რამაც მათ 26-ე წუთზე მესამე ლელოს გატანის საშუალება მისცა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ ტაიმი 27:3 დასრულდა. შესვენებამდე დარჩენილ 9-10 წუთში, ქართველებს ლელო არ გაუშვიათ, მაგრამ ორჯერ დაისაჯნენ სინბინით. ფრანგმა რეფერიმ სახიფათო თამაშისთვის ჯერ შალვა შაშიაშვილი გაასინბინა, ხოლო ხუთ წუთში - ვახტანგ ამირანაშვილი, ქართველ მორაგბეებს კი, მთელი ხუთი წუთით 13 კაცის ამარა მოუწიათ თავის დაცვა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში - კაცნაკლულებს. 
ევროპული რაგბის ოფიციალურ საიტზე პირველი ტაიმის შემდეგ დაიწერა, რომ მიმდინარე მატჩში, მამაცად მოთამაშე ქართველების წინააღმდეგ ინგლისი დომინირებდა. მეორე ტაიმის დებიუტშივე, ინგლისელებმა კვლავ სალელოვედ შეუტიეს, ცოტა ხანში კი, მოედანზე სინბინიდან შაშიაშვილი დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, ინგლისელებმა საქართველოს ჩათვლის მოედნის მეოთხედ გადაკვეთა მაინც მოახერხეს და 34:3 დაწინაურდნენ. ამას ქართველებმა კარგი იერიშით უპასუხეს, მეტოქის 22-ში შეაღწიეს, სადაც მეტოქე დაჯარიმდა და მათი მეორეხაზელი სინბინით დაისაჯა. ქართველმა ჭაბუკებმა ლელოს გასატანად შეუტიეს, მაგრამ ბურთი დაკარგეს, კონტრშეტევა მიიღეს და მეხუთე ლელოთი დაისაჯნენ, ხოლო კიდევ სამ წუთში, მორიგ შეცდომას მეექვსე ლელო მოყვა. გარდასახვები ამჯერადაც ზუსტი იყო და ინგლისელთა უპირატესობამ 45 ქულას მიაღწია - 48:3.
საქართველოს ნაკრები შეცდომების გამო კი ისჯებოდა, მაგრამ არ დანებდა და ჯიქურ ცდილობდა პრესტიჟის ლელოს გატანას. “პატარა ბორჯღალოსნებმა” ინგლისელები თითქმის ათი წუთით საკუთარ 22-ში გამოკეტეს, თავიდან მეტოქე თავს კარგად იცავდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გატყდა და პრესტიჟის ლელოც გავიდა, რომელიც შაშიაშვილმა მიითვალა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა. მიზანი - პრესტიჟის ლელოს გატანა შესრულებული იყო და ამან ინგლისელები გააბრაზა. ისინი მიხვდნენ, საქართველოს თუ ინიციატივა დავუთმეთ, კარგი დღე არ გვიწერიაო, ბურთზე კონტროლი დაამყარეს და კიდევ ორი ლელო მიითვალეს, ოღონდ, ამ ჯერზე გარდასახვები ვერ გამოიყენეს და 58:8 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრები ბრძოლას V ადგილისთვის განაგრძობს და ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება, რომელიც უელსთან 8:41 შერცხვა. იტალიელებმა ანგარიში ჯარიმით გახსნეს, მაგრამ საპასუხოდ პირველ ტაიმშივე ოთხი ლელო მიიღეს. ამას უელსელებმა ერთი ჯარიმა, ორი ზუსტი გარდასახვა მიაყოლეს და ტაიმი 27:3 მოიგეს. მეორე ტაიმის დებიუტში, იტალიელთა პირველხაზელმა ლელო გაიტანა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე უელსელებმა კიდევ ორი ლელო მიითვალეს, ორივე გარდასახვა გამოიყენეს და 41:8 იმარჯვეს. ისინი თასისთვის აგრძელებენ ბრძოლას და ნახევარფინალში ინგლისელებს შეხვდებიან. 
ელიტ დივიზიონში წელს აღზევებული კიდევ ერთი გუნდი – პორტუგალია 2011 წლის ევროპის ჩემპიონ ირლანდიასთან საპატიო ანგარიშით დამარცხდა - 24:34. ირლანდიელებმა გადამწყვეტი უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, ოთხი ლელო გაიტანეს, სამი რეალიზაცია გამოიყენეს, პორტუგალიამ შუალედში ერთი ჯარიმით უპასუხა და ანგარიში 26:3 იყო, მაგრამ შესვენებამდე სამი წუთით ადრე, ლელო-გარდასახვა პორტუგალიამაც გაიტანა და ტაიმი 16 ქულით დათმო. მეორე ნახევრის დასაწყისში ირლანდიამ უპირატესობა ჯარიმით გაზარდა, პორტუგალიამ ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა ისევ შეამცირა, მატჩის მიწურულს გუნდებმა ლელოები გაცვალეს, ოღონდ, პორტუგალიამ რეალიზაცია ამჯერადაც ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ირლანდიის ნაკრების წინასწარ განაცხადში ვინმე საბა მეუნარგია გამოჩნდა, თუმცა, საბოლოოდ მას პორტუგალიელთა წინააღმდეგ არ უთამაშია. 
ირლანდია თასის შესანარჩუნებლად ბრძოლას განაგრძობს და ნახევარფინალში საფრანგეთს ეთამაშება, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში შოტლანდიას 19:7 აჯობა, ხოლო პორტუგალიელები მე-5 ადგილის ნახევარფინალში სქოთებს დაუპირისპირდებიან. ტურნირის დასკვნით დღეს, 7 აპრილს, კვლავ ოთხი თამაში გაიმართება და ყველა ადგილი გათამაშდება.  
 
18-წლამდე მორაგბეთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი
მადრიდი (ესპანეთი). 30 მარტი - 7 აპრილი
30 მარტი. 1/4-ფინალები
ინგლისი - საქართველო 58:8 (27:3)
საქართველო: 15. გიორგი აფციაური (დევი დევსურაშვილი 36), 14. იოლებ კიკვაძე, 13. ნიკა ამაშუკელი, 12. გიორგი ნათელაშვილი (ილია მელაძე 36), 11. მურაზ გიორგაძე (გიორგი ფრუიძე 54), 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. ლაშა ნადირაძე (რევაზ ბროძელი 36); 1. ზაურ ხარებავა, 2. ბექა ფირიაშვილი (ბადრი ალხაზაშვილი 54), 3. ლექსო ცისკარიშვილი (გიორგი მარგველანი 36), 4. ფარნავაზ გასვიანი, 5. მიხეილ მასხარაშვილი, 6. ვახტანგ ამირანაშვილი, 7. საბა შუბითიძე (გიორგი გოგლიძე 63), 8. შალვა შაშიაშვილი.
არ უთამაშიათ: იოსებ ტუკვაძე, მიხეილ ზურიკაშვილი, ონისე მოგელაშვილი, შოთა თევზაძე
1 ლელო: შაშიაშვილი
1 ჯარიმა: აფციაური
2 სინბინი: შაშიაშვილი (26), ამირანაშვილი (31)
რეფერი: ბლასკო (საფრანგეთი)
ანგარიშის მიმდინარეობა: 0:3 (6), 0:10 (8), 3:10 (16), 3:13 (18), 3:20 (23), 3:27 (26), სბ. (26 საქ.), სბ. (31 საქ.)/ 3:34 (43), სბ. (44 ინგ.), 3:41 (50), 3:48 (53), 8:48 (66), 8:53 (66), 8:58 (70)
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, ზურაბ ამონაშვილი
დელეგაციის ხელმძღვანელი: გია გორგასლიძე (სრკ-ს ვიცე პრეზიდენტი)
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ექიმი: ზვიად მკერვალიშვილი
მასაჟისტი: მირზა ირემაძე
 
ირლანდია - პორტუგალია 34:24 (26:10)
უელსი - იტალია 41:8 (27:3)
საფრანგეთი - შოტლანდია 19:7 (7:0)
 
3 აპრილი. ნახევარფინალები
V-VIII ადგილებისთვის
იტალია - საქართველო 
შოტლანდია - პორტუგალია 
 
თასის ნახევარფინალები
ინგლისი - უელსი 
ირლანდია - საფრანგეთი
 
7 აპრილი. ფინალები
 
ზურა ქსოვრელი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.131611