საქართველოს მორაგბეთა “ა” ნაკრებმა, წლევანდელ ბრიტანულ ტურნეზე თავისი მესამე შეხვედრაც მოიგო და შინ დაუმარცხებლად ბრუნდება. გუნდის დაარსების დღიდან (2009 წლიდან), ეს მისი ზედიზედ მე-9 გამარჯვებაა და იმედია, ეს ტრადიცია მომავალშიც შენარჩუნდება.
ნებისმიერი ქვეყნის “ა” ნაკრების მიზანი, ეროვნული გუნდისათვის კანდიდატების მომზადებაა. “ბორჯღალოსანთა” უახლოესი რეზერვი საკუთარი თვალით იხილა ზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, რომელიც გუნდს ბრიტანულ ტურნეზე ახლდა. პირველ ორ მატჩში, ქართველებმა ჯერ ინგლისის პირველი ლიგის გუნდი “ეშერი” დაამარცხეს - 25:8, მერე უელსის პრემიერლიგის ნაკრები - 36:32, დასკვნით მატჩში კი, ჩრდილოეთ უელსის გუნდს - RGC 1404-ს დაუპირისპირდნენ, რომელიც რეგიონის ნაკრებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ზემოთ ვთქვით, ამ ნაკრების შექმნის მთავარი მიზანი ეროვნული გუნდისთვის კანდიდატების შერჩევააო და წინა მატჩისგან განსხვავებით (რომელიც ამ თამაშამდე ოთხი დღით ადრე გაიმართა), ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა. უკანა და ნახევარდაცვის ხაზში, მთავარი სიახლე გიორგი ბეგაძის გამოჩენა იყო, რომელმაც ერთ-ერთ ვარჯიშისას დაშავებული ბიძინა სამხარაძე შეცვალა. შესაბამისად, ამპლუით 9 ნომერმა გიორგი კაჭარავამ, 10 ნომერზე ითამაშა, ირაკლი გეგენავა გარემარბი იყო, ხოლო ზურაბ ძნელაძემ სათადარიგოებში გადაინაცვლა. შერკინების პირველ ხაზში, ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს თამაში ბექა მეკოკიშვილმა და ლევან ჩილაჩავამ, მეორე ხაზში დავით ჩიტიძეს ბექა ბიწაძე შეუწყვილდა, ხოლო მესამე ხაზში მისი ადგილი გიორგი თხილაიშვილმა დაიკავა. ისიც ვთქვათ, რომ “ტულონის” მეორეხაზელ კოტე მიქაუტაძეს, რომელმაც პირველ მატჩში “ეშერის” მორაგბე გალახა და წითელი ბარათი მიიღო, ექვსკვირიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და მომდევნო მატჩებში ამის გამო ვერ ითამაშა.
განვლილ ორ შეხვედრაში ქართველი მორაგბეები მხოლოდ ლელოზე თამაშობდნენ და ჯარიმა კარში მხოლოდ ერთხელ, უელსის პრემიერლიგის წინააღმდეგ თამაშისას, უკანასკნელ წუთზე დაარტყეს, რითაც მოგება დაიბევეს - 36:32, ამჯერად კი, ტურნეს გამარჯვებით დასრულების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მეორე წუთზე ჯარიმით ანგარიში გახსნეს. მე-10 წუთისთვის, მასპინძლებმა ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და წინ გაიჭრნენ, მაგრამ შესვენებამდე ქართველებისგან პასუხად 3 ლელო მიიღეს, 2 გარდასახვა ზუსტი იყო და ტაიმი 22:7 დასრულდა.
მეორე ნახევრის საწყის ათ წუთში, ორივე გუნდი ძირითადად მეტოქის შეტევების ჩაშლით იყო დაკავებული, მერე ჩრდილოუელსელებმა ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტეს და 53-ე წუთზე ჩამორჩენა 12 ქულამდე დაიყვანეს. დარჩენილი დროის უმეტესმა ნაწილმა კვლავ უელსელების იერიშებით ჩაიარა და 75-ე წუთზე მათ ლელოს გატანა შეძლეს, ზუსტი გარდასახვის შემდეგ კი, მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ. ამან ქართველები პანიკაში არ ჩააგდო, მეტოქეს შეუტიეს, ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და მისი რეალიზებით, 25:17 დაწინაურდნენ, რისი აღმოფხვრაც მეტოქემ ვეღარ მოახერხა და შესაბამისად, საქართველოს ნაკრები შინ ბეჭდაუდებელი ბრუნდება.
ამ ბიჭების გარკვეულ ნაწილს, ივნისში უკვე მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით, ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა მოუწევთ, რადგან ამ პერიოდში გუნდის ძირითადი ბირთვის შეკრება ვერ ხერხდება. “ბორჯღალოსნებს” 9 ივნისს ჯერ ერთა თასის დასკვნითი მატჩი ელით უკრაინელებთან, მერე კი, ჩრდილოამერიკული ტურნეს ჯერი დადგება, რომლის ფარგლებშიც ქართველები აშშ-სა და კანადის ნაკრებთან ტესტ მატჩებს გამართავენ.
უელსი (ეირიასი). ეირიას პარკი
RGC 1404 - საქართველო “ა” 17:25 (7:22)
საქართველო “ა”: 15. საბა ნიკოლავა, 14. ირაკლი გეგენავა, 13. ირაკლი ჩხიკვაძე, 12. გიორგი ჯიმშელაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. გიორგი კაჭარავა, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ირაკლი მირცხულავა, 2. ბექა მეკოკიშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ბექა ბიწაძე, 5. დავით ჩიტიძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. გივი ბერიშვილი, 8. გიორგი ტყეშელიაძე.
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გიორგი მენაბდიშვილი, 18. ჯაბა კიკვიძე, 19. მიხეილ გაჩეჩილაძე, 20. სანდრო ნიჟარაძე, 21. გიგა გაგოშვილი, 22. ზურაბ ძნელაძე.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია