ამბები

16:59 | 2.04.2012 | ნანახია 1740 - ჯერ

ზიბზიბაძის ლელომ “პერიგოს” Pro D2-ში დარჩენის იმედი გაუჩინა

საფრანგეთი მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში დარჩენისთვის მებრძოლმა “პერიგომ”, უშუალო კონკურენტი “ბეზიე” 33:26 დაამარცხა და დაქვეითებისგან თავის დაღწევის იმედი გაიჩინა. ამ გამარჯვებაში ლომის წვლილი მიუძღვით “პერიგოს” ქართველ ლეგიონერებს - თედო ზიბზიბაძეს, დავით დადუნაშვილსა და ალექსანდრე მარველაშვილს.

სამივე ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო, ზიბზიბაძემ სრულად ითამაშა და 57-ე წუთზე გატანილი ლელოთი მასპინძლები დააწინაურა, დადუნაშვილი 75-ე წუთზე შეცვალეს, ოღონდ 58-ე წუთზე სინბინით დაისაჯა და მოედანზე სულ 65 წუთი გაატარა, ხოლო მარგველაშვილი ტრავმის გამო ცოტა ხნით ჯერ 32-ე წუთზე შეცვალეს, მერე 63-ეზე, 7 წუთში მოედანზე ისევ დააბრუნეს და ბოლომდე ათამაშეს. “პერიგომ” მატჩი ცუდად დაიწყო, ჯერ ჯარიმა გაუშვა, მე-17 წუთზე ლელო მიიღო და გარდასახვაც ზუსტი იყო, მაგრამ 4 წუთში ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა.

32-ე წუთზე “ბეზიემ” ლელო-გარდასახვით უპირატესობის 10 ქულამდე გაზრდა ისევ მოახერხა, თუმცა, ზედ შესვენებამდე “პერიგომ” ჯარიმა გამოიყენა და ტაიმი 10:17 დასრულდა. ერთ მუშტად შეკრულმა მასპინძლებმა მატჩის ბედის შემობრუნება მეორე ნახევარში მოახერხეს. ახალგაზრდა ჟერომი ბოსველმა ფრანსუა სტეინის სტილში, 54-ე წუთზე ჯარიმა თითქმის 65 მეტრიდან გაიტანა, ორიოდე წუთში კი, მთელი გუნდის კარგი თამაშის შედეგად, ზიბზიბაძე გარღვევაზე გავიდა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა, რითაც “პერიგო” 18:17 დააწინაურა, ზუსტი რეალიზაციის შემდეგ კი, მისი გუნდის უპირატესობა 3 ქულამდე გაიზარდა.

ამას დადუნაშვილის სინბინა მოყვა, სტუმრებმა რიცხობრივი მეტობით ისარგებლეს და ჯარიმით ჯერ წონასწორობა აღადგინეს, ხოლო 63-ე წუთზე გატანილი ჯარიმით წინ გაიჭრნენ. “პერიგომ” საპასუხო ჯარიმა 66-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ ერთ წუთში არეკნი გაუშვა. წონასწორობა 75-ე წუთზე აღდგა და თითქოს მატჩიც ფრედ უნდა დასრულებულიყო, რაც “პერიგოს” ხელს არ აძლევდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გამარჯვების ლელო გაიტანა, გარდასახვაც ზუსტი იყო და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.

ამრიგად, გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, “პერიგო” 35 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე აღზევდა და 2 ქულით გაუსწრო აუტსაიდერ “ბეზიეს”, ხოლო მე-14 ადგილზე მყოფ “ნარბონთან” ჩამორჩენა 11 ქულამდე დავიდა და დარჩენილ მატჩებში მისი აღმოფხვრა შესაძლებელია.

Pro D2-ში დარჩენა პრაქტიკულად დაიბევა ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის “ორიაკმა”, რომელმაც ამ ტურში “მონ დე მარსანი” 26:12 დაამარცხა, თანაც, ოთხი უპასუხო ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც მიითვალა. ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ დათუნაშვილი იყო და შეუცვლელად ითამაშა, ნაცარაშვილი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, ხოლო ასეიშვილი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო.

საწყის 20 წუთში გაშვებულ ორ ჯარიმას, “ორიაკმა” 23-ე და 30-ე წუთზე ორი კარგი გარღვევით და ლელოთი უპასუხა, ერთი რეალიზაცია გამოიყენა და ტაიმი 12:9 მოიგო. 51-ე წუთზე, დათუნაშვილმა მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 15 მეტრში ორი ხელით მოიგო აუტი, კარგი მოლი დააყენა, რომელშიც ნაცარაშვილიც აქტიურად გაისარჯა და ლელო გავიდა, ხოლო 66-ე წუთზე ანგარიში უკვე 26:9 გახდა. სტუმრებმა ერთი ჯარიმის გატანაღა მოახერხეს და 14 ქულის სხვაობით დამარცხდნენ. “ორიაკი” 52 ქულით მე-11 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მთელი 17 ქულა აშორებს.

Pro D2-ს კვლავ გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლი” ლიდერობს, რომელსაც 91 ქულა აქვს და 17 ქულით უახლოეს მდევარ “დაქსს” უსწრებს. “გრენობლმა” ამ ტურში “ნარბონი” 32:26 დაამარცხა. ამ დროს ქართველი პირველხაზელი ქვეყნის “ა” ნაკრებთან ერთად ბრიტანულ ტურნეზე ირჯებოდა, მის გუნდს კი, თოპ 14-ში აღზევება პრაქტიკულად განაღდებული აქვს და ამისთვის დარჩენილი ხუთიდან ორი თამაშის მოგებაც ეყოფა.

“კარკასონთან” 16:34 დამარცხდა დავით ლოსაბერიძის და ზერო პეტრიაშვილის “პო”, მაგრამ ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ. მათი გუნდი 68 ქულით მე-4 ადგილზეა და საპლეიოფო ხუთეულში მოსახვედრად იბრძვის. 61 ქულით მე-7 ადგილზეა და იგივე მიზანი აქვს კახა კობერიძის “ალბის”, რომელიც განვლილ მატჩში “ექს-ან-პროვანსთან” 27:35 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა” “ბურგონი” 23:16 დაამარცხა და წაგებათა ოთხმატჩიანი სერია შეწყვიტა. მაგრაქველიძე თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო, მირცხულავა კი, “ა” ნაკრებს ბრიტანეთში ახლდა. აღსანიშნავია, რომ მოედანზე მაგრაქველიძის გამოსვლისას ანგარიში 14:13 იყო და მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა სწორედ დასკვნით ნახევარ საათში მოიპოვეს. “ტარბი” 52 ქულით მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 17 ქულითაა დაშორებული. Pro D2-ის მომდევნო ტურის მატჩები 7-8 აპრილს გაიმართება.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089576