საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები დღეს, თბილისის დროით 14:45 საათზე, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ წარსდგება და მისი დამარცხებით შარშან განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას ეცდება.
მსოფლიოსა და ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციებმა, შარშანდელი ექვსი ერის ორი უარესი გუნდი (შოტლანდია და იტალია) A დივიზიონში დააქვეითეს და პატარა “ბორჯღალოსნები” იტალიელებს თასის ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს ამ ასაკობრივ ნაკრებს ასეთ ძლიერ მეტოქესთან უწევდა თამაში, ბიჭებმა მღელვარებას ვერ სძლიეს და პირველი ტაიმი 3:29 დათმეს. მეორე ტაიმში მათ იბრძოლეს და ჩამორჩენა 13 ქულამდე დაიყვანეს (16:29), თუმცა, საბოლოოდ 16:36 დამარცხდნენ.
ახლა სიტუაცია სხვაგვარადაა, საქართველოს ნაკრებმა, პორტუგალიასთან ერთად, უძლიერეს ექვსეულთან თამაში შესარჩევ ეტაპზე წარმატებული გამოსვლით დაიმსახურა და ფსიქოლოგიური ბარიერიც უკვე გადალახა. ყოველ შემთხვევაში, ესპანეთში საგანგებოდ ჩასული სრკ-ს პრეზიდენტი გია ნიჟარაძე ამბობს, რომ ფსიქოლოგიური წნეხი ინგლისთან მატჩის შემდეგ უნდა მოხსნილიყო, რომელშიც პატარა ქართველები სახელოვან მეტოქესთან 8:58 შერცხვნენ. ისე, უკეთესი დღე არც იტალიას დადგომია, რომელიც უელსმა 8:41 გაანადგურა, არადა, ქართველებისთვის ეს ამ დონეზე ჩატარებული პირველი მატჩი იყო, იტალია კი, ექვსეულის წევრია და გრანდებს მუდამ ეთამაშება.
“არ იფიქროთ, რომ იტალიას სუსტი გუნდი ჰყავს. უბრალოდ, ასაკობრივ ნაკრებებში რამდენიმე გუნდი დანარჩენებს ბევრად ჯობია და ეს ახლაც ნათლად გამოჩნდა. ქართველი ბავშვები ინგლისელებზე და იტალიელებზეც ფიზიკურად პატარები არიან, მაგრამ თუ ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც განვლილი სამი თვის განმავლობაში, ყველაფერი კარგად იქნება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ბიჭებმა 19-წლამდელთა საკმაოდ ძლიერი გუნდი ლამაზ სტილში - 17:0 დაამარცხეს, ესე იგი, ძალას წარმოადგენენ და ახლა უნდა გვაჩვენონ, რა შეუძლიათ”, - გვითხრა ნიჟარაძემ მადრიდიდან.
მისივე თქმით, მორაგბეებს ტრავმები არ აწუხებთ და ილია მაისურაძე ყველა იმ მორაგბეს გაიყვანს მოედანზე, რომლის ხილვაც სურს, ოღონდ, რაღა თქმა უნდა, იმათი გამოკლებით, ვინც ესპანეთში გამგზავრებამდე დაშავდნენ. მოკლედ, საქართველოს ნაკრებს V ადგილისთვის ბრძოლის გაგრძელება თუ უნდა, იტალიას უნდა სძლიოს და ამით ევროპაც დააფიქროს, რომ ჩვენთვის ექვსი ერის წარმომადგენლებთან ხშირი თამაში მხოლოდ კარგის მომტანი იქნება (ჩვენთვისაც და მათთვისაც). ამ ნახევარფინალურ წყვილში გამარჯვებული ნაკრები, V ადგილისთვის შოტლანდია-პორტუგალიას წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ზემოთ ნახსენები წყვილების უიღბლონი კი, ბოლოსწინა, VII საფეხურს გაითამაშებენ - იმედია, იქ საქართველოს ნაკრები არ იქნება.
თასისთვის ის ოთხეული იბრძოლებს, რომელიც ამას თითქმის რეგულარულად აღწევს. ნახევარფინალში ინგლისი უელსს ეთამაშება, ხოლო ირლანდია - საფრანგეთს. ტურნირის დასკვნითი დღე 7 აპრილია.
საქართველოს ნაკრები
უკანა ხაზი: გიორგი აფციაური (“არმია”), დევი დევსურაშვილი (“ხულიგანა”), იოლსებ კიკვაძე (ქუთაისი), გიორგი ფრუიძე (ქუთაისი), ნიკა ამაშუკელი (“ჯიქები”), გიორგი ნათელაშვილი (რუსთავი), მურაზ გიორგაძე (პატარძეული), რევაზ ჯინჭველაშვილი (ქუთაისი), ილია მელაძე (“აკადემია”), იოსებ ტუკვაძე (“ყოჩები”), რევაზ ბროძელი (“არმაზი”), ლაშა ნადირაძე (“ჯიქები”);
შერკინება: ბექა ფირიაშვილი (“ყოჩები”), ბადრი ალხაზაშვილი (“აკადემია”), მიხეილ ზურიკაშვილი (რუსთავი), ლექსო ცისკარიშვილი (“არმია”), ზაურ ხარებავა (ფოთი), გიორგი მარგველანი (“ივერია”), შოთა თევზაძე (“ჯიქები”), მიხეილ მასხარაშვილი (“ჯიქები”), შალვა შაშიაშვილი (ქუთაისი), საბა შუბითიძე (“აკადემია”), გიორგი გოგლიძე (“აკადემია”), ვახტანგ ამირანაშვილი (“ივერია”), ონისე მოგელაშვილი (“ჯიქები”), ფარნავაზ გასვიანი (“ლოკომოტივი”).
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, ზურაბ ამონაშვილი
დელეგაციის ხელმძღვანელი: გია გორგასლიძე (სრკ-ს ვიცე პრეზიდენტი)
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ექიმი: ზვიად მკერვალიშვილი
მასაჟისტი: მირზა ირემაძე
18-წლამდე მორაგბეთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი
მადრიდი (ესპანეთი). 30 მარტი - 7 აპრილი
30 მარტი. 1/4-ფინალი
ინგლისი - საქართველო 58:8 (27:3)
ირლანდია - პორტუგალია 34:24 (26:10)
უელსი - იტალია 41:8 (27:3)
საფრანგეთი - შოტლანდია 19:7 (7:0)
3 აპრილი. ნახევარფინალი V-VIII ადგილებისთვის
შოტლანდია - პორტუგალია (13:00 საათი)
იტალია - საქართველო (14:45)
თასის ნახევარფინალი
ინგლისი - უელსი (17:30)
ირლანდია - საფრანგეთი (19:30)
7 აპრილი. ფინალი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია