საფრანგეთის მორაგბეთა ნახევრად პროფესიულ ლიგა ფედერალ 1-ის რეგულარული პირველობის ბოლოსწინა, XVII ტურში ორმა ქართველმა ლეგიონერმა, ირაკლი მაჩხანელმა და გიორგი ნემსაძემ ლელოები გაიტანეს, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა გუნდს 14 ქულა შესძინა, მაგრამ სამივე მათგანის გუნდმა მარცხი განიცადა.
პირველ ჯგუფში დავით ბოლღაშვილის “ლილმა”, რომელსაც Pro D2-ში გადასასვლელი პლეი ოფის საგზური უკვე განაღდებული აქვს, აუტსაიდერს - რევაზ გიგაურის, დიმიტრი ხოჭოლავასა და ნიკოლოზ გიორგაძის “ბულონს” უმასპინძლა, მომხვდური 48:0 გაანადგურა და ლიდერის პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. ოთხი ქართველი ლეგიონერიდან განაცხადში მხოლოდ ერთი - გიორგაძე იყო, რომელმაც თამაში პირველივე წუთიდან დაიწყო და შეუცვლელად გაისარჯა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა თითო ტაიმში ოთხ-ოთხი ლელო გაიტანეს და თანაბარი, 24-24 ქულა მოაგროვეს. “ლილმა” ამ მოგების შემდეგ, 17 თამაშიდან 66 ქულა მოაგროვა, პირველ ადგილზეა და რადგან მისმა მდევარმა “მასიმ” პრემიალური ქულა ვერ აიღო, უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა. რაც შეეხება “ბულონს”, მან 16-ივე თამაში ისე წააგო, რომ მცირე სხვაობისთვის განკუთვნილი ერთი პრემიელური ქულაც ვერ მიუთვლია.
შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის “მასიმ”, რომელსაც პლეი ოფში გასვლა ასევე განაღდებული აქვს, იქ მოსახვედრად მებრძოლი გიორგი მჭედლიშვილის “დიჟონი” სტუმრად 18:14 დაამარცხა. მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო, ისევე, როგორც კობაური. სუთიაშვილმა 8 ნომრის პოზიციაზე სრულად ითამაშა, ძირითად შემადგენლობაში იყო პირველხაზელი აშვეთია და ის მწვრთნელმა 50-ე წუთზე შეცვალა. “მასიმ” ტაიმი 13:8 მოიგო, 49-ე წუთზე კი, ლელო გაიტანა და უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. მასპინძლებმა 12 წუთში ორი საპასუხო ჯარიმის გატანა შეძლეს, მაგრამ დასკვნით 20 წუთში ქულის აღება ვეღარ მოახერხეს.
“მასი” 62 ქულით მე-2 ადგილზეა, მაგრამ 16 თამაში აქვს ჩატარებული და პირველზე აღზევებაც შეუძლია. გამოტოვებულ შეხვედრას ის პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლ “ნევერთან” გამართავს, რეგულარული პირველობის დასკვნით მატჩში კი, იმ “ლილს” უმასპინძლებს, რომელსაც ახლა 4 ქულით ჩამორჩება. 16 თამაშიდან 41 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა “დიჟონი”, მაგრამ მის წინ მყოფ სამ გუნდს 45-45 ქულა აქვს, რაც მას პლეი ოფში გასვლის შანსს უნარჩუნებს.
45 ქულით მე-4 ადგილზეა ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დადუნაშვილის “მონლუსონი”, რომელმაც “სტრასბურს” უმასპინძლა და 33:14 მოუგო. ქართველ ლეგიონერთაგან თამაშში მონაწილეობა მხოლოდ ყუფარაძემ მიიღო, რომელიც მოედანზე 50-ე წუთზე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს მისი გუნდი 33:0-ს იგებდა და ოთხი ლელო ჰქონდა გატანილი, მაგრამ დარჩენილ დროში ორი ლელო მიიღო და პრემიალური ქულის გარეშე დარჩა. 45 ქულით მე-5 ადგილზეა შოთა მელიქიძის “მაკონი”, რომელმაც “ბობინის” სტუმრად 20:16 აჯობა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო.
ავთანდილ კოპალიანისა და შოთა საყვარელიძის “ორლეანი” საკუთარ მოედანზე 17:20 დამარცხდა “ნევერთან”. ორივე ქართველი ძირითად შემასდგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ოღონდ, საყვარელიძემ მე-60 წუთიდან 10 წუთი სინბინში გაატარა. თამაში ფრედ სრულდებოდა, მაგრამ “ნევერმა” საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე ჯარიმის გატანა მოახერხა. “ორლეანს” 16 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.
მეორე ჯგუფში, მეათე მატჩში თავისი მე-7 ლელო გაიტანა ირაკლი მაჩხანელმა, მაგრამ მისი “სენტ-ეტიენი” “მონტობანთან” 24:44 დამარცხდა და პლეი ოფში გასვლის შანსი საბოლოოდ დაკარგა. ქართველმა გარემარბმა მეტოქის ჯარიმას ლელოთი მე-5 წუთზე უპასუხა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ, მისი გუნდი 7:3 დაწინაურდა, მაგრამ მე-17 წუთისთვის უკვე 7:20 აგებდა, ხოლო ტაიმი 17:26 დათმო. 53-ე წუთზე ანგარიში 24:34 იყო, მაგრამ მასპინძლებმა მეტი ვეღარ შეძლეს და 20-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ. “სენტ-ეტიენს” 16 თამაშში 33 ქულით მე-6 ადგილი უკავია. მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდმა პლეი ოფში გასვლა ვერ მოახერხა, მაჩხანელისთვის ეს სეზონი აშკარად წარმატებული იყო, რადგან ერთ ჩემპიონატში ამდენი ლელო ჯერ არ გაუტანია.
ამ ჯგუფიდან პლეი ოფში თამაშის საუკეთესო შანსი გია ლაბაძის, ვახტანგ მაისურაძისა და რევაზ ბელქანიას “ლა სეინს” აქვს, რომელიც 16 თამაშში 46 ქულით მე-4 ადგილზეა და 5 ქულას უგებს უახლოეს მდევარს. განვლილ ტურში ქართველი ლეგიონერების გუნდი ლიდერ “ბრესანთან” სტუმრად 7:29 დამარცხდა. მაისურაძე ტრავმირებულია, ლაბაძემ სრულად ითამაშა, ბელქანია კი, შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა.
“ლა სეინს” პლეი ოფში მოხვედრას ირაკლი ნინიძის “რომანი” ეცილება, რომელსაც 16 თამაშში 41 ქულა აქვს. განვლილ ტურში “რომანი” გიორგი კუთარაშვილის “შატორენარს” ეწვია და 13:6 მოუგო. კუთარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად გაისარჯა, ტაიმის ბოლოს კი, სინბინით დაისაჯა. ნინიძე თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო. მასპინძლებს საქმე 21-ე წუთზე გაუფუჭდათ, როდესაც მათი მორაგბე წითელი ბარათით დაისაჯა და დარჩენილი ერთი საათი, მინიმუმ კაცნაკლულები თამაშობდნენ. ტაიმი 3:3 დასრულდა, მაგრამ საბოლოოდ, “რომანმა” მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა. “შატორენარმა” ერთი პრემიალური ქულა აიღო და 29 ქულით მე-8 ადგილზეა.
დავით კაჭარავასა და ირაკლი მაღალდაძის “ნიცამ” თემურ გელანტიას “ნიმს” უმასპინძლა და 39:24 დაამარცხა, მაგრამ ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ. “ნიცა” 32 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო “ნიმი” 20 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილს იკავებს.
მესამე ჯგუფში მოულოდნელი მარცხი განიცადა და პლეი ოფში მოხვედრა სათუო გაიხადა მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძისა და გიორგი ოზგებაშვილის “სენ-ჟუნიენმა”. ქართველთა გუნდმა ბოლოსწინა ადგილზე მყოფ “აჟმოს” უმასპინძლა და 19:23 დამარცხდა. კვირიკაშვილმა 10 ნომერზე, ხოლო ჩხაიძემ 8 ნომრად სრულად ითამაშეს, ოზგებაშვილი კი, მოედანზე 76-ე წუთზე გამოვიდა. კვირიკაშვილმა ანგარიში მე-6 წუთზე არეკნით გახსნა და ერთ წუთში ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზრდა, მაგრამ მალე ლელო გაუშვა, რეალიზაცია ზუსტი, 22-ე წუთზე “აჟმომ” ჯარიმაც გაიტანა და 10:6 დაწინაურდა. 35-ე წუთზე “სენ-ჟუნიენმა” მეტობით ისარგებლა და ლელო გაიტანა, კვრიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა, მაგრამ ზედ შესვენების წინ სტუმრებმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინეს - 13:13.
მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში სტუმრებმა ლელო, გარდასახვა და ჯარიმა მიითვალეს, რაზეც კვირიკაშვილმა დასკვნით 10 წუთში ორი ჯარიმით უპასუხა და მატჩი 19:23 დასრულდა. ახლა “სენ-ჟუნიენი” 37 ქულით მე-5 ადგილზეა, ერთით ჩამორჩება “სენ-ნაზერს” და დასკვნით ტურში მეორეადგილოსან “ვანის” სტუმრად პრემიალური ქულით დამარცხება მართებს, თანაც ისე, რომ იგივე კონკურენტმა “აჟმოსთან” ვერ მოახერხოს.
მეოთხე ჯგუფში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის “ვალანს დაჟენმა”, რითაც სიტუაცია მნიშვნელოვნად გაირთულა. ქართველთა გუნდი უშუალო კონკურენტ “ბლანიაკს” სტუმრად ეთამაშებოდა და 24-ე წუთისთვის 15:0 უგებდა, ტაიმის მიწურულს ორი ლელო გაუშვა, ერთი რეალიზაცია ზუსტი იყო და პირველი ნახევარი 3-ქულიანი უპირატესობით დაასრულა. დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, მასპინძლებმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინეს, 45-ე წუთზე რეფერიმ ძირითად შემადგენლობაში მოთამაშე ნემსაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა და “ბლანიაკი” ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ კაცნაკლულმა სტუმრებმა ორი ჯარიმის გატანა შეძლეს და 54-ე წუთზე 3-ქულიანი ლიდერობა დაიბრუნეს.
მიუხედავად ამისა, 68-ე წუთამდე სტუმრებმა კიდევ ორი ლელო გაუშვეს, ერთი რეალიზაცია ზუსტი იყო და ქართველთა გუნდი მეტოქეს 9 ქულით ჩამორჩა. 71-ე წუთზე ნემსაძემ საპასუხოდ ლელო გაიტანა, გარდასახვა ზუსტი იყო და ჩამორჩენა 2 ქულამდე დავიდა, მაგრამ მეტი ვეღარ მოხერხდა - 28:30. “ვალანს დაჟენი” 45 ქულით მე-4 ადგილამდე დაეშვა და საბა ქართველიშვილის “ლანემეზანს”, რეგულარული პირველობის დასრულებამდე ორი თამაშით ადრე, 5 ქულითღა უსწრებს. “ლანემეზანმა” “ლურდს” 36:19 აჯობა, მაგრამ ქართველს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ 7 აპრილს “ვალანს დაჟენი” “ლანემეზანს” გადადებულ მატჩში დაუპირისპირდება და ბევრი რამ სწორედ აქ გაირკვევა, ფედერალ 1-ის დასკვნითი ტური კი, 22 აპრილსაა დანიშნული.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია