ამბები

16:49 | 3.04.2012 | ნანახია 10598 - ჯერ

პატარა “ბორჯღალოსანთა” დიდი გმირობა

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იტალიელებთან მატჩში მოედანზე დაახლოებით 5 წუთით 12 კაცის ამარა დარჩა, მსაჯმა სამი მორაგბე გაგვისინბინა, მაგრამ ბიჭებმა გაძლეს, ბოლო წუთებზე 8-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხეს და დაუჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს - 20:18!
ეს იყო V-VIII ადგილებისთვის გამართული ნახევარფინალური შეხვედრა, რომელმაც ნორჩმა ქართველებმა ძალიან ცუდად დაიწყეს და დებიუტში მეტოქეს ორი ლელო გატანის შესაძლებლობა მისცეს, რომელთაგან ერთს ზუსტი რეალიზაცია მოყვა. ილია მაისურაძის შეგირდები ნელ-ნელა დალაგდნენ და ჯერ ჯარიმით შეამცირეს ჩამორჩენა, მერე კი, ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს. ტაიმის ბოლოს საქართველოს ნაკრებს ჯარიმიდან ორჯერ შეეძლო დაწინაურება, მაგრამ დარტყმები არაზუსტი აღმოჩნდა და შესვენებაზე გასვლისას დეფიციტი 2 ქულას შეადგენდა - 10:12.
მეორე ტაიმი დაიწყო და საქმეში რუმინელი რეფერი ჩაერთო, რომელმაც 2 წუთის ინტერვალით ორი ქართველი მორაგბე გაასინბინა, მალე კი, ყვითელი ბარათი მესამე ქართველსაც უჩვენა. იტალიელებმა პირველ ორ შემთხვევაში ჯარიმები კარში დაარტყეს და 18:10 დაწინაურდნენ. მერე მათ ლელოს გასატანად შეუტიეს, მაგრამ სამკაცნაკლულმა ქართველებმა მეტოქის იერიში მოიგერიეს და ბოლო წუთებზე თავად შეუტიეს.
სინბინიდან ჯერ ერთი მორაგბე დაბრუნდა, თამაში მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში მიდიოდა, მალე მას მეორე შეუერთდა, იტალია კარის გასწვრივ 10 მეტრში დაჯარიმდა, საქართველოს ნაკრებმა ეს ჯარიმა 3 ქულად აქცია და ჩამორჩენა ერთ ლელომდე დაიყვანა. ამ დროს სინბინით უკვე იტალიელები დაისაჯნენ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი, შეივსო. მაისურაძის ბიჭებმა შეუტიეს და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ლელოთი ანგარიში გაათანაბრეს, ზუსტი გარდასახვის შემდეგ კი, გამარჯვება მოიპოვეს!
ახლა საქართველოს ნაკრები V ადგილისთვის შოტლანდიას დაუპირისპირდება, რომელმაც პორტუგალია 35:12 დაამარცხა. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოწინავე ექვსეულში ბალანსი შეცვალა!
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079407