საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ “ბორჯღალოსანთა” ღირსეული მემკვიდრეები არიან. ამ ბიჭებმა შეძლეს, სასტარტო დაბნეულობის შემდეგ, მატჩს ინტრიგა პირველსავე ტაიმში დაუბრუნეს, ხოლო მეორე ნახევარში, ჯერ 15 მეტოქის იერიში 12-მა მოიგერიეს და როდესაც შემადგენლობაში გასინბინებული მორაგბეები დაბრუნდნენ, დასკვნით წუთებში, ექვსი ერის წარმოამდგენელ გუნდს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენეს.
რუმინელმა რეფერიმ, მეორე ტაიმში, როდესაც ქართველებმა სათამაშო უპირატესობის მოპოვება მოახერხეს, ერთმანეთის მიყოლებით სამი მორაგბე გაასინბინა, მიზეზები - მოლის ჩაშლა საკუთარი ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 35 მეტრში, მეტოქისთვის თვალის ამოთხრის მცდელობა და თამაშგარეში ჩარჩენა. აქ, ალბათ, რეფერის თავგამოდებასთან უფრო უნდა გვქონდეს საქმე, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ორ თამაშში, საქართველოს ნაკრები ხუთჯერ დაისაჯა სინბინით (ორჯერ ინგლისთან) და ეს ძალიან ბევრია. აუცილებელია, რომ ამ კუთხით რაღაც შეიცვალოს და შემდგომში მსაჯებს ნაკლებად მიეცეთ ყვითელი ბარათის გამოყენების შანსი, რასაც ასე ხშირად იყენებენ საქართველოს ნაკრების თამაშებისას.
მეოთხედფინალში ინგლისთან 8:58 დამარცხების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ ბიჭებს ფსიქოლოგიური პრობლემა არ ჰქონდათ და იტალიას, რომელიც მეოთხედფინალში უელსთან 8:41 განადგურდა, დიდ ბრძოლას გაუმართავდნენ. ასეც მოხდა, ოღონდ, არა პირველ წუთებში. როგორც წესი, დებიუტში ამ ბიჭებს დალაგება უჭირთ ხოლმე და ასე მოხდა ამჯერადაც, რაც, შესაძლოა, იმის ბრალიც იყო, რომ მწვრთნელმა, წინა მატჩისგან განსხვავებით, რამდენიმე ცვლილება და გადაადგილება განახორციელა. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ეს გადაადგილებები სწორი იყო და ამან წარმატება მოიტანა.
თამაში იტალიელთა უპირატესობით დაიწყო, მათ აქტიურად შეუტიეს ქართველთა ჩათვლის მოედანს, დაცვის ხაზში ნაპრალი მოძებნეს და მე-2 წუთზე ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. მე-11 წუთზე, საქართველოს ნაკრებმა საკუთარი ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში, 4-კაციანი დერეფანი დააყენა, მაგრამ ბურთი მაინც დაკარგა და მეორე ლელო გავიდა. ამჯერად, რეალიზაცია არაზუსტი იყო და იტალია 12:0 დაწინაურდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ, ქართველებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს, ახლა უკვე თავად შეუტიეს, მეტოქეს რაქში დაჯარიმება აიძულეს და ჯინჭველაშვილმა 35 მეტრიდან შანსი ხელიდან არ გაუშვა.
ტაიმის შუიდან, უკვე იტალიელები უშვებდნენ შეცდომებს, 23-ე წუთზე, მათ ცენტრალური ხაზის სიახლოვეს დაკარგეს ბურთი, ფრუიძემ კარგი იერიში წამოიწყო და ბროძელმა პირველი საპასუხო ლელო გაიტანა, რასაც ჯინჭველაშვილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრები სრულ უპირატესობას დაეუფლა და მეტოქეს დაცვაში თამაში აიძულა, თუმცა, მათი ზღუდის სალელოვედ გაჭრა ვერ ხერხდებოდა. ამის ფონზე, ჯინჭველაშვილმა ქართველთა დაწინაურება შორეული ჯარიმების გამოყენებით სცადა, მაგრამ 48 და 55 მეტრიდან დარტყმები გაუფიჭდა და ტაიმი 10:12 დასრულდა.
დაიწყო მეორე ტაიმი და რუმინელი რეფერი ამოქმედდა. 43-ე წუთზე, მარგველანი თამაშგარიდან განზრახ თამაშისთვის ამხილა და ყვითელი ბარათი უჩვენა. იტალიამ ჯარიმა კარში დაარტყა და უპირატესობა გაზარდა, ორიოდე წუთში კი, მსაჯისგან კიდევ ერთი საჩუქარი მიიღო. ამჯერად, სინბინით შუბითიძე დაისაჯა და იტალიამ 22 მეტრიდან უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა (18:10). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები მოედანზე მეტოქეზე ორი კაცით ნაკლები იყო, მათ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, მაგრამ კარიდან მარჯვნივ, 22 მეტრიდან დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. 50-ე წუთზე, რუმინელმა დანაშაული ფირიაშვილზე დააფიქსირა, თითქოსდა, ის რაქში მეტოქის დაბრმავებას ცდილობდა, მესამე ქართველი გაასინბინა და სამი წუთით, 15 იტალიელი 12 ქართველის წინააღმდეგ თამაშობდა.
იტალიამ სალელოვედ შეუტია, მალე მოედანზე მარგველანი დაბრუნდა და 13-მა ქართველმა მეტოქის იერიშების მოგერიება მოახერხა, მერე კი იქით შეუტია და იტალიელთა ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში შერკინება დაინიშნა. მალე, თამაშში შუბითიძეც დაბრუნდა და იტალიელებს კაცნაკლული ქართველებისგან დიდი პრობლემები შეექმნათ, გარკვეული პერიოდით, მათ ბურთის 22 მეტრამდე გატანა მოახერხეს, მაგრამ საბოლოოდ, ზეწოლას ვერ გაუძლეს, დაჯარიმდნენ და ბროძელმა ის 3 ქულად აქცია.
ჯარიმის დროს რეფერიმ იტალიელთა უკანახაზელი გაასინბინა, საქართველოს მესამე გასინბინებულიც დაუბრუნდა, თამაშის დასრულებამდე ხუთ წუთზე ნაკლები რჩებოდა, მაგრამ რიცხობრივი მეტობა ახლა უკვე საქართველოს ნაკრებისა იყო და მათაც გადამწყვეტი იერიში წამოიწყეს. აღსანიშნავია, რომ ტაბლოზე დრო უკვე ამოწურული იყო, მაგრამ რადგან მეორე ტაიმში რეფერიმ დრო რამდენჯერმე შეაჩერა, ქართველებს მიზნის მისაღწევად მცირედი დრო კიდევ რჩებოდათ. ეს დრო სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, გიორგი ფრუიძე მცველებს გაექცა და მაშინ, როდესაც კომპენსირებული დროც უკვე ამოწურული იყო, ლელოთი ანგარიში გაათანაბრა. ახლა ჯერი ამაშუკელზე მიდგა, ვისაც ფეხი არ აუკანკალდა, ნერვები მოთოკა, ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა - 20:18.
ახლა, ქართველ ჭაბუკებს კიდევ ერთ ელიტარული დივიზიონის წარმომადგენელთან მოუწევთ შეხვედრა. შოტლანდიამ V ადგილისთვის გამართულ მეორე ნახევარფინალში, პორტუგალია 35:12 დაამარცხა და 7 აპრილს პატარა “ბორჯღალოსნებს” დაუპირისპირდება, იტალია და პორტუგალია კი, ბოლოსწინა მე-7 ადგილს გაითამაშებენ.
სქოთებთან მატჩში პორტუგალია ლელოთი დაწინაურდა, მაგრამ შესვენებამდე ორი ლელო და ერთი ჯარიმა გაუშვა - 5:13. მეორე ნახევრის საწყის 15 წუთში, სქოთებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს და ერთი გარდასახვა გამოიყენეს, პორტუგალიამ საპასუხო ლელო-გარდასახვის გატანა მოახერხა, მაგრამ დასკვნით წუთებში კვლავ შოტლანდიამ იმძლავრა, მეტოქის ჩათვლის მოედანი ორჯერ დაალელოვა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
თასის ნახევარფინალში ორი მძიმე მატჩი გაიმართა. მეოთხედფინალში საქართველოს დამმარცხებელი ინგლისი, უელსს დაუპირისპირდა და მეტოქეს 22:16 აჯობა. ინგლისელებმა, ერთის საპასუხოდ, სამი ლელოს გაიტანეს და თასის ფინალში, შარშანდელის მსგავსად, ირლანდიას დაუპირისპირდებიან, რომელმაც საფრანგეთი 22:20 დაამარცხა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, წინ ხან ერთი გუნდი გადიოდა, ხან მეორე. ირლანდიელებმა გადამწყვეტი ლელო 61-ე წუთზე გაიტანეს, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო. ამან ფრანგებს შანსი შეუნარჩუნა და ოთხ წუთში მათ უპირატესობის დაბრუნება ჯარიმიდან სცადეს, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო და ახლა ისინი, მესამე ადგილს უელსს შეეცილებიან.
18-წლამდე მორაგბეთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი
მადრიდი (ესპანეთი). 30 მარტი - 7 აპრილი
3 აპრილი. ნახევარფინალი V-VIII ადგილებისათვის
იტალია - საქართველო 18:20 (12:10)
საქართველო: 15. იოსენ კიკვაძე (გიორგი აფციაური 49), 14. დევი დევსურაშვილი, 13. ნიკა ამაშუკელი, 12. ილია მელაძე (გიორგი ნათელაშვილი 63), 11. გიორგი ფრუიძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. რევაზ ბროძელი; 1. ზაურ ხარებავა, 2. ბექა ფირიაშვილი, 3. გიორგი მარგველანი, 4. ფარნავაზ გასვიანი, 5. შალვა შაშიაშვილი (ბადრი ალხაზაშვილი 52), 6. გიორგი გოგლიძე, 7. საბა შუბითიძე, 8. ვახტანგ ამირანაშვილი (ონისე მოგელაშვილი 43).
2 ლელო: ბროძელი, ფრუიძე
2 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი, ამაშუკელი
2 ჯარიმა: ჯინჭველაშვილი, ბროძელი
3 სინბინი: მარგველანი, შუბითიძე, ფირიაშვილი
რეფერი: ვ. იორდანესკუ (რუმინეთი)
ანგარიშის მიმდინარეობა:
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, ზურაბ ამონაშვილი
დელეგაციის ხელმძღვანელი: გია გორგასლიძე (სრკ-ს ვიცე პრეზიდენტი)
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ექიმი: ზვიად მკერვალიშვილი
მასაჟისტი: მირზა ირემაძე
შოტლანდია - პორტუგალია 35:12 (13:5)
თასის ნახევარფინალები
ინგლისი - უელსი 22:16
ირლანდია - საფრანგეთი 22:20
7 აპრილი
VII ადგილისთვის
იტალია - პორტუგალია
V ადგილისთვის
შოტლანდია - საქართველო
III ადგილისთვის
უელსი - საფრანგეთი
ფინალი
ირლანდია - ინგლისი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია