საქართველოს მორაგბეთა “ა” ნაკრები, რომელმაც ბრიტანული ტურნე წარმატებით მოიარა და სამიდან სამი თამაში მოიგო, სამშაბათს გამთენიისას თბილისში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ “ა” ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მიზეზთა გამო ყველა ის მორაგბე ვერ იახლა, რომელთა ხილვაც სურდა და ბრიტანეთში ექსპერიმენტული შემადგენლობით გაემგზავრა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა ინგლისის ჩემპიონლიგის “ეშერი” 25:8, უელსის პრემიერლიგის ნაკრები 36:32, ხოლო ჩრდილოეთ უელსის ნაკრები 25:17 დაამარცხა და დაარსებიდან ოთხი წლის თავზე, დაუმარცხებელ გუნდად რჩება.
“ა” ნაკრებს ბრიტანეთში ახლდა ეროვნული გუნდის თავკაცი მილტონ ჰეიგი და მისი ასისტენტი კრის გიბსი, გუნდს კი, გამოცდილი ლექსო გუგავა კაპიტნობდა, რომლისთვისაც ეროვნული გუნდი უცხო არაა და ჰეიგმა პირობა დადო, რომ ის მალე კვლავ ძირითადი გუნდის მაისურს მოირგებს. მასთან ერთად, დაწინაურების შანსი კიდევ 4-5 მორაგბეს აქვს, ოღონდ, მათ კონდიციების გაუმჯობესება ესაჭიროებათ.
ლევან მაისაშვილი: “როგორც ადრე, “ა” ნაკრები ახლაც ეროვნულ გუნდთან მჭიდრო კავშირშია და ვცდილობდით, “ბორჯღალოსნების” სტილში გვეთამაშა. ეს იმიტომ კეთდება, რომ ეროვნულ გუნდში დაწინაურების შემთხვევაში, მორაგბეს სათამაშო სტილთან შეგუება არ გაუჭირდეს. სამწუხაროდ, ტურნეზე ყველა ის მორაგბე ვერ წავიყვანეთ, ვისი ხილვაც გვსურდა - ნაწილი კლუბებმა არ გამოუშვეს, რადგან სანაკრებო ფანჯარა დასრულებული იყო, ხოლო ნაწილს ტრავმები აწუხებდა. ამასთან, ტურნეს მსვლელობის დროსაც რამდენიმე მორაგბე დაგვაკლდა, კოტე მიქაუტაძეს დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, ხოლო რამდენიმე მოთამაშემ ტრავმა მიიღო.
იმ ბიჭებიდან, რომლებიც ბრიტანეთში გვყავდა წაყვანილი, ერთი ნაწილი ეროვნულ გუნდთან ახლოსაა და უნდა დაემტკიცებინათ, თუ რა შეუძლიათ, ხოლო მეორე ნაწილი ახალგაზრდები იყვნენ, რომელთაც ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღეს. ფსიქოლოგიური კუთხით, ეს ტურნე ძალიან კარგი იყო, რადგან ბრიტანულ გუნდებს სამივე თამაში მოვუგეთ. განსაკუთრებით ძლიერი მეტოქე უელსის პრემიერლიგის ნაკრები იყო, რომელიც პრაქტიკულად ჩვენი დონის გუნდია. ამ გუნდში მრავლად იყვნენ უელსის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეები და მათი 7-კაცა ნაკრების 5-6 წევრი გამოდიოდა. დაახლოებით 10 წლის წინათ, ჩემს მიერ გაწვრთნილი 19-წლამდელი ნაკრები უელსელ თანატოლებთან იმის გამო დამარცხდა (6 ქულით), რომ უბრალოდ მოგების ვერ იწამა. მაშინ ჩვენს ნაკრებში გორგოძე, კვირიკაშვილი, სამხარაძე და ის სხვა ბიჭებიც თამაშობდნენ, რომლებიც ახლა ეროვნული გუნდის ლიდერები არიან. წელს ბიჭებმა გამარჯვების ირწმუნეს და შედეგიც სახეზეა. პირადად მეც უკმაყოფილების გრძნობა გამიქრა.
ვერ ვიტყვი, რომ მთლად ეროვნულის სტილში ვითამაშეთ, დასახული ამოცანების უმეტესობა ვერ შევასრულეთ, მაგრამ გამარჯვებები თავდადების ხარჯზე მაინც მოვიპოვეთ. წელს “ა” ნაკრების დაგეგმილი ტურნე არ გვაქვს, თუმცა, შეიძლება რამე შეიცვალოს და ეს ძალიან კარგი იქნება”.
მილტონ ჰეიგი: “ა” ნაკრების ბრიტანული ტურნე რაგბის კავშირის მიერ დასახული გეგმის ნაწილი იყო, რათა ჩვენ უფრო მეტი მორაგბე გაგვეცნო. ბიჭებს დამატებით მოტივაციას ის აძლევდათ, რომ მათ თამაშს ეროვნული ნაკრების მწვრთნელები უყურებდნენ. მოთამაშეებმა უდიდესი გამოცდილება შეიძინეს. ამასთან, გუნდმა სამივე თამაში მოიგო, ჩვენ ეროვნული ნაკრების პოტენციური კანდიდატები გავიცანით, გუნდმა ეროვნული ნაკრების სტილში სცადა თამაში, რათა ბიჭებს შემდგომში ადაპტაცია არ გაუჭირდეთ. მოკლედ, მიზანი მიღწეულია.
ამ მოთამაშეთა 90 პროცენტი საქმეში ნანახი არ მყავდა. “ა” ნაკრებში რამდენიმე ისეთი მორაგბე დავინახე, რომელთაც მცირედი ვარჯიშის შემდეგ ეროვნულის დონეზე თამაში შეუძლია. პოტენციალი აშკარად არის, უბრალოდ, ცოტა მეტი მუშაობაა საჭირო. “ა” ნაკრების კაპიტან ლექსო გუგავას დღესვე შეუძლია ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდეს, კიდევ 4-5 ბიჭს კი, რომელთა გვარების დასახელებისგანაც თავს შევიკავებ, სწორად მუშაობის შემდეგ, იგივეს გაკეთება შეეძლება”.
ლექსო გუგავა: “როდესაც შენს თამაშს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი უყურებს და შენი ქვეყნის სახელს იცავ, მეტი მოტივაცია აღარ გჭირდება. ყველა მორაგბეს სურდა, რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ეჩვენებინა და განსაკუთრებულად მოვინდომეთ. მართალია, სისტემამ სათანადოდ არ იმუშავა, მაგრამ მონდომების ხარჯზე გამარჯვებები მოვიპოვეთ. სამივე კარგი გუნდი იყო, განსაკუთრებით ძლიერი კი, უელსის პრემიერლიგის ნაკრები”.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია