ამბები

16:35 | 6.04.2012 | ნანახია 1913 - ჯერ

ექვსივე თამაში დედაქალაქში

მომავალ უქმეებზე, მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირის ექვსივე შეხვედრა თბილისის ორ სტადიონზე, “ავჭალასა” და “შევარდენზე” გაიმართება. რადგან ორივე სტადიონის ბუნებრივსაფარიანი მოედანი მზადების პროცესშია, თამაშები ხელოვნურ საფარზე გაიმართება - “შევარდენზე” ორი, ხოლო “ავჭალაში” ოთხი თამაშია დაგეგმილი.
ტურნირში თბილისის ორი გუნდი - “ლელო” და “აკადემია” ჩაებმება, რომელთა პირველი ტურის შეხვედრაც იმის გამო გადაიდო, რომ “ლელოს” მთავარი მწვრთნელი და რამდენიმე მორაგბე, საქართველოს “ა” ნაკრებთან ერთად ბრიტანულ ტურნეზე იმყოფებოდა. ეს გადადებული მატჩი 12 აპრილსაა დაგეგმილი, მანამდე კი, გარდამავალი ტურნირის 12 მონაწილეს, შაბათ-კვირას მეორე რაუნდის თამაშები ელის.
შაბათს, 7 აპრილს, “შევარდენის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე, წლევანდელი სეზონის პირველ მატჩს გამართავს თბილისის “აკადემია”, რომელიც გასული სეზონის შედეგების მიხედვით, გადათამაშებაში “ჯიქებთან” დამარცხდა და გავარდნა ემუქრებოდა, მაგრამ უმაღლეს ლიგაში გუნდების 8-დან 10-მდე გაზრდამ სულზე მოუსწრო და კვლავ უძლიერესთა შორის ითამაშებს. სადებიუტო შეხვედრაში, აკადემიელთა მეტოქე გასულ წელს პირველი ლიგის მომგები “ბათუმი XV” იქნება და მასპინძლებმა ძლიერ უნდა მოინდომონ, რათა სასურველ შედეგს მიაღწიონ და გარდამავალი ტურნირის შედეგების მიხედვით, სექტემბრიდან უმაღლესი ლიგის ათეულში დაიმკვიდრონ ადგილი. თურქეთში შეკრებაგავლილმა და საგრძნობლად გაძლიერებულმა ბათუმელებმა, პირველ რაუნდში, “შევარდენზე” “არმაზს” დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მხოლოდ 2 ქულის სხვაობით დამარცხდნენ (18:20) და ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერეს, ახლა კი, უმაღლესი ლიგის მატჩის მოგების გემოს გახსენებას ეცდებიან.
7 აპრილს დანიშნული I ჯგუფის მეორე თამაშიც 16:00 საათზე, “ავჭალაზე” დაიწყება და მასში ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი “არმია”, “არმაზს” დაუხვდება. ჩემპიონმა პირველ რაუნდში ქუთაისის “ბაგრატი” 82:13 გაანადგურა, თანაც, “ა” ნაკრებში მივლინებული ერთბაშად ათი მორაგბე აკლდა, ახლა კი, შევსება მიიღო და “არმაზს” მისი შეჩერება გაუჭირდება, თუმცა, ქართულ რაგბიში პრემიალური სისტემის დარიცხვის შემდეგ, ყველა მატჩში ბოლომდე ბრძოლას უნდა ველოდეთ და არმაზელებიც მაქსიმალური მობილიზებით ითამაშებენ, მით უმეტეს, რომ მერე ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენება გამოცხადდება. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ შარშან, “არმაზმა” პირველ წრეში “არმიას” დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ ოდნავ არ გაუმართლა და ერთი ჯარიმის ხარჯზე მხოლოდ 25:28 დამარცხდა, თუმცა კი, მეორე წრეში არმიელები უფრო დამაჯერებლები იყვნენ - 24:9.
I ჯგუფის მესამე თამაში კვირას, 8 აპრილს “შევარდენზე” გაიმართება და მასში თბილისის “ლელო” საგაზაფხულო ტურნირის პირველი ლიგის დასავლეთ დივიზიონის გამარჯვებულს, ქუთაისის “ბაგრატს” შეხვდება. მაისაშვილი და “ლელოს” რამდენიმე მორაგბე, ბრიტანეთიდან ახლახანს დაბრუნდა საინტერესოა, მოასწრეს თუ არა მათ ადაპტაციის გავლა და გუნდთან შერწყმა. თავის მხრივ, “ბაგრატს”, “არმიასთან” განადგურების მიუხედავად, მონდომება არ აკლია და ახლაც თავდაუზოგავად იბრძოლებენ. საკმარისი იქნება თუ არა ეს ქულების ასაღებად, კვირას საღამოს გამოჩნდება.
II ჯგუფის II რაუნდის პირველ მატჩში, 7 აპრილს, “ავჭალაზე”, 18:00 საათზე, “თიბისი” “ლოკომოტივს” დაუხვდება. პირველ ტურში გუნდებმა განსხვავებული შედეგები აჩვენეს. პირველი ლიგის აღმოსავლეთ დივიზიონის მომგები “თიბისი”, გასული წლის ფინალისტ “აიას” წინ ვერ აღუდგა და 0:71 შერცხვა, ხოლო “ლოკომოტივმა”, ლიდერების გარეშე, “ყოჩები” კლასის დამაჯერებლად, 48:22 დასცა. სავარაუდოდ, “ლოკომოტივი” ამჯერადაც მოახერხებს პრემიალური ქულით მეტოქის დამარცხებას, “თიბისი” კი, მშრალი ანგარიშით მარცხისგან თავის დაღწევას ეცდება.
II ჯგუფის დანარჩენი ორი თამაშიც “ავჭალაზე”, ოღონდ 8 აპრილს გაიმართება. 16:00 საათზე რუსთავის “ხარები” ქუთაისის “აიას” დაუხვდება. პირველ ტურში ორივე ამ გუნდმა იმარჯვა, ოღონდ, თუკი ქუთაისელებს იოლი გასეირნება ჰქონდათ და პრემიალური ქულაც მიითვალეს, რუსთაველებმა კი, “ჯიქებს” მხოლოდ ორი ქულით, 13:11 აჯობეს და ბუნებრივია, ვერც სამით მეტი ლელო გაიტანეს. გასულ წელს “აიამ” “ხარები” ჯერ თასზე 50:0 გაანადგურა, მერე მალთაყვაში 35:0 მოუგო, ხოლო რუსთავში 27:9 აჯობა.  
18:00 საათზე “ავჭალის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე გადახალისებული “ყოჩები” და უმაღლესი ლიგის საგზურის გასულ წელს მომპოვებელი “ჯიქები” გავლენ. შარშანდელ ჩემპიონატში, “ყოჩებმა” რეგულურალურ პირველობაში ბოლო ადგილი დაიკავა და “აკადემიისა” არ იყოს, მასაც გუნდების რაოდენობის ზრდამ უშველა. “ჯიქები” პირველ ლიგაში მეორეები იყვნენ და უმაღლესში თამაშის უფლება, გადათამაშებაში ბრძოლით მოიპოვეს. ასე, რომ ეს გუნდები დაახლოებით თანაბარი ძალის არიან და მაყურებელს საინტერესო ბრძოლა ელის. პირველ რაუნდში ორივე გუნდი დამარცხდა. მართალია, “ყოჩებმა” უფრო დიდი სხვაობით წააგეს და ვერც პრემიალური ქულა აიღეს, მაგრამ მათი მეტოქეს ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი “ლოკომოტივი” იყო, რომელსაც სამი ლელო გაუტანეს, “ჯიქები” კი, “ხარებს” მაგრად ებრძოლნენ და გამარჯვებამდეც სულ ცოტა დააკლდათ.
ზემოთაც ვთქვით, რომ ამის შემდეგ გუნდებს ორკვირიანი, სააღდგომო შესვენება ექნებათ, ოღონდ, “ლელო” და “აკადემია” პირველი ტურის გადადებულ მატჩს ჩაატარებენ (12 აპრილს). აქვე ქულათა დარიცხვის სისტემასაც შეგახსენებთ, რომლის მიხედვითაც გამარჯვებული გუნდი 4 ქულას იღებს, ფრეზე 2-2 ქულა იწერება, 7 და ნაკლები ქულით სხვაობით მარცხისთვის, ასევე, მხოლოდ გამარჯვებულ გუნდს, მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის, ერთი პრემიალური ქულა ეწერება. ერთ წრედ ჩატარებული რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, ჯგუფის აუტსაიდერები პირველ ლიგაში დაქვეითდებიან, ხოლო ორ-ორი საუკეთესო, ჯვარედინად, ორრაუნდიან პლეი ოფში, თასის მოგებისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
I ჯგუფი
II რაუნდი.
7 აპრილი

თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური). 16:00 საათი
აკადემია (თბილისი) - ბათუმი XV (ბათუმი)
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 16:00 საათი
არმია (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
8 აპრილი
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური). 16:00 საათი
ლელო (თბილისი) - ბაგრატი (ქუთაისი)
 

1  არმია    (თბილისი) 1 1 0 0 82-13 5
2  არმაზი (თბილისი) 1 1 0 0 20-18 4
3  ბათუმი XV (ბათუმი) 1 0 0 1 18-20 1
4  ლელო (თბილისი) 0 0 0 0 0-0 0
5  აკადემია (თბილისი) 0 0 0 0 0-0 0
6  ბაგრატი (ქუთაისი) 1 0 0 1 13-82 0



12 აპრილი. I რაუნდის გადადებული მატჩი
ლელო - აკადემია
III რაუნდი. 21-22 აპრილი
ბათუმი XV - ლელო
აკადემია - არმია
ბაგრატი - არმაზი
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
არმაზი - ლელო
ბათუმი XV - არმია
ბაგრატი - აკადემია
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
არმია - ლელო
ბათუმი - ბაგრატი
არმაზი - აკადემია

II ჯგუფი
II რაუნდი.
7 აპრილი
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 18:00 საათი

თიბისი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
8 აპრილი
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 16:00 საათი

ხარები (რუსთავი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 18:00 საათი
ყოჩები (თბილისი) - ჯიქები (თბილისი)
 

1  აია (ქუთაისი) 1 1 0 0 71-0 5
2 ლოკომოტივი (თბილისი) 1 1 0 0 48-22 5
3  ხარები (რუსთავი) 1 1 0 0 13-11 4
4  ილიაუნი ჯიქები (თბილისი) 1 0 0 1 11-13 1
5   ყოჩები (თბილისი) 1 0 0 1 22-48 0
6 თიბისი (თბილისი) 1 0 0 1 0-71 0



III რაუნდი. 21-22 აპრილი
ჯიქები - ლოკომოტივი
აია - ყოჩები
თიბისი - ხარები
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
ლოკომოტივი - ხარები
ჯიქები - აია
ყოჩები - თიბისი  
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
აია - ლოკომოტივი
თიბისი - ჯიქები
ყოჩები - რუსთავი

12-13 და 19-20 მაისი. ორმატჩიანი ნახევარფინალები
I ჯგუფის გამარჯვებული - II ჯგუფის მეორეადგილოსანი
II ჯგუფის გამარჯვებული - I ჯგუფის მეორეადგილოსანი
26 ან 27 მაისს ფინალი
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08594