ამბები

20:01 | 6.04.2012 | ნანახია 9818 - ჯერ

პატარა გმირების მორიგი გმირობის მოლოდინში

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მობურთალმა საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, V-VIII ადგილების ნახევარფინალში იტალიის სასწაულებრივი ძლევით, პროგრამა მინიმუმი უკვე შეასრულა. ექვსი ერის ერთ-ერთი წარმომადგენლის უკან მოტოვების შემდეგ, გაჩნდა უფრო დამაჯერებელი იმედი, რომ იტალიელთა გზას შოტლანდიაც გაუყვება და მსოფლიოსა და ევროპული რაგბის მმართველების მიერ ნაფერები გრანდების ბედი, თავდაყირა დადგება. 

დასკვნით დღეს, 7 აპრილს, თბილისის დროით 14:45 საათზე, ილია მაისურაძის შეგირდები V-VI ადგილებისათვის შოტლანდიას დაუპირისპირდებიან. იტალიელთა ძლევის გამო, ექსპერიმენტულ ევროპის ჩემპიონატზე, ქართველი მორაგბეები ექვსი ერის წარმომადგენელთან მესამე მატჩას გამართავენ და ამით საქმე პორტუგალიასაც გაუკეთდა, რომელმაც იგივე ბედი გაიზიარა და მართალია VII-VIII ადგილებისთვის, მაგრამ ისიც ექვსი ერის წარმომადგენელ იტალიასთან ითამაშებს.
ქართველმა მორაგბეებმა მეოთხედფინალში ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ ძლიეს, მეტოქე ინგლისს ძალით და სათამაშო კლასითაც ბევრად ჩამორჩნენ და 8:58 განადგურნენ. ნახევარფინალური შეხვედრაც, იმავე ფსიქოლოგიური წნეხის გამო ძალიან ცუდად დაიწყო და ათი წუთის შემდეგ მეტოქე ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით 12:0 დაწინაურდა, მაგრამ “პატარა ბორჯღალოსნებმა” თამაშის დალაგება შეძლეს, საკუთარი თავის ირწმუნეს და შესვენებამდე ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს - 10:12.
აღსანიშნავია, რომ შესვენების წინ ქართველებს დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ ორი მცდელობიდან ვერცერთი ჯარიმა ვერ გაიტანეს. საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო, რეფერიმ საფრთხე იგრძნო და ტრადიციულად, გრანდების მხარე დაიჭირა. მან ერთმანეთის მიყოლებით სამი ქართველი მორაგბე გაასინბინა, რითაც იტალიამ უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა (18:10) და 15-მა 12-ს შეუტია, მაგრამ პატარა ვაჟკაცები არ გატყდნენ, მიძალებას ვაჟკაცურად გაუძლეს, ამასთან, უნდა ვაღიაროთ, რომ ერთ-ორ ეპიზოდში, იტალიელებმა უნიჭოდ ითამაშეს, მერე კი, 13-მა ქართველმა “აძურის” იქით შეუტია, ჯარიმით სხვაობა შეამცირა, მერე შემადგენლობაც შეივსო და მთელი გუნდის კარგი თამაში, ნიკა ამაშუკელის გარღვევით, გიორგი ფრუიძის დიდებული თამაშით და ლელოთი დაგვირგვინდა, რასაც რევაზ ბროძელმა გადამწყვეტი გარდასახვის ზუსტი დარტყმა მიაყოლა და საქართველოს ნაკრებმა დამსახურებული გამარჯვება იზეიმა. 
საქართველოს ეს ასაკობრივი ნაკრები, განსაკუთრებით გამოირჩევა უკანა ხაზის კარგი გარჯით და ხელით ბურთაობით. გადამწყვეტ ეპიზოდებში, ქართველებმა მოიგეს როგორც თავისი, ასევე მეტოქეს შერკინებები და დერეფნები, შეტევებს დროული გარღვევებით ამწვავებდა გიორგი აფციაური და რაც მთავარია, ნათლად ჩანდა, რომ ამ ბიჭებს საკუთარი შესაძლებლობებისა სწამდათ. ახლა მთავარია, რომ ეს ბიჭები ემოციურად არ იყვნენ დაცლილი და მთავარია, შოტლანდიას ისეთივე შემართება დაუპირისპირონ, რაც იტალიასთან, განსაკუთრებით ბოლო წუთებზე აჩვენეს. ამასთან, მნიშვნელოვანი იქნება ფიზიკური მზადყოფნაც, რადგან იტალიელებთან გამართული ურთულესი მატჩი, ულაპარაკოდ დიდ ენერგიას წაიღებდა და სამ დღეში ძალის აღდგენა იოლი სულაც არ იქნება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ, სქოთებთან მატჩისთვის წინა თამაშთან შედარებით სულ სამი ცვლილება განახორციელა. უკანა ხაზში მხოლოდ ერთი მორაგბე შეიცვალა. 15 ნომრის პოზიციაზე, იოსებ კიკვაძეს ნაცვლად გიორგი აფციაური გამოჩნდა, რომელმაც იტალიელთა წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშა და ქართველთა იერიშებს სიმწვავე შემატა, შერკინების მეორე ხაზში, შალვა შაშიაშვილის ადგილს მიხეილ მასხარაშვილი დაიკავებს. თავის მხრივ, შაშიაშვილმა შერკინების შემკვრელის პოზიციაზე ვახტანგ ამირანაშვილი შეცვალა. მესამე ხაზში გიორგი გოგლიძის ადგილს დაიკავებს ონისე მოგელაშვილი. 
ქართველთა მომავალი მეტოქე შოტლანდია, მეოთხედფინალში საფრანგეთთან 7:19 დამარცხდა. ის 0:19 აგებდა და ერთი საპასუხო ლელოს გატანა მეორე ტაიმის შუაში მოახერხა. V-VIII ადგილების ნახევარფინალში, სქოთებმა პორტუგალიას 6 ლელო გაუტანეს, მაგრამ ორი თავადაც მიიღეს და 37:12 იმარჯვეს. მეტოქეს ძლიერი უკანა ხაზი ჰყავს, პორტუგალიელებს ორ-ორი ლელო 14-მა და 15-მა ნომრებმა გაუტანეს, თითო-თითო კი 11-მა და შეცვლაზე შესულმა 19-მა. აღსანიშნავია, რომ ფრანგებს ერთადერთი ლელო სწორედ 14-მა გაუტანა და ალბათ, ის მოწინააღმდეგის რიგებში ყველაზე სახიფათო მოთამაშეა. 
სანამ საქართველოს ნაკრების თამაში დაიწყება, იტალია და პორტუგალია VII ადგილოსნის ბედს გაარკვენენ, მერე საფრანგეთი და უელსი მე-3 ადგილს გაითამაშებენ, ხოლო ფინალში შარშანდელის მსგავსად ირლანდია და ინგლისი იბრძოლებენ, ოღონდ, შარშან ოთხთა ტურნირი ცალკე ჩატარდა და მაშინ გამარჯვება ირლანდიელებს დარჩათ. 
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა იტალიელთა დამარცხება შეძლეს და საუკეთესო შემთხვევაში V, ხოლო უარეს ვარიანტში VI ადგილს დაიკავებენ, მას ამ ასაკობრივ დონეზეც კი, მომავალში გრანდებთან თამაში დაბევებული არ აქვთ. მსგავსი ტურნირი მომავალ წელსაც რომ ჩატარდეს, ექვსეულს არავინ შეეხება და ქართველ 17-წლამდელებს, სხვა გუნდებთან ერთად, დარჩენილი ორი ადგილისთვის შესარჩევ ტურნირში მოუწევს ბრძოლა, მაშინ, როდესაც ქვედა დონეებზე, ჯგუფის ბოლოადგილოსანს ქვედა დივიზიონის გამარჯვებული ანაცვლებს.
 
საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: 15. გიორგი აფციაური (“არმია”), 14. დევი დევსურაშვილი (“ხულიგანა”), 13. ნიკა ამაშუკელი (“ჯიქები”), 12. ილია მელაძე (“აკადემია”), 11. გიორგი ფრუიძე (ქუთაისი), 10. რევაზ ჯინჭველაშვილი (ქუთაისი), 9. რევაზ ბროძელი (“არმაზი”); 1. ზაურ ხარებავა (ფოთი), 2. ბექა ფირიაშვილი (“ყოჩები”), 3. გიორგი მარგველანი (“ივერია”), 4. ფარნავაზ გასვიანი (“ლოკომოტივი”), 5. მიხეილ მასხარაშვილი (“ჯიქები”), 6. ონისე მოგელაშვილი (“ჯიქები”), 7. საბა შუბითიძე (“აკადემია”), 8. შალვა შაშიაშვილი (ქუთაისი). 
სათადარიგოები: 16. ბადრი ალხაზაშვილი (“აკადემია”), 17. ლექსო ცისკარიშვილი (“არმია”), 18. მიხეილ ზურიკაშვილი (რუსთავი), 19. შოთა თევზაძე (“ჯიქები”), 20. ლაშა ნადირაძე (“ჯიქები”), 21. იოსებ ტუკვაძე (“ყოჩები”), 22. გიორგი ნათელაშვილი (რუსთავი), 23. მურაზ გიორგაძე (პატარძეული), 24. იოსებ კიკვაძე (ქუთაისი), 25. ვახტანგ ამირანაშვილი (“ივერია”), 26. გიორგი გოგლიძე (“აკადემია”).
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, ზურაბ ამონაშვილი
დელეგაციის ხელმძღვანელი: გია გორგასლიძე (სრკ-ს ვიცე პრეზიდენტი)
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ექიმი: ზვიად მკერვალიშვილი
მასაჟისტი: მირზა ირემაძე
 
18-წლამდე მორაგბეთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი
მადრიდი (ესპანეთი). 30 მარტი - 7 აპრილი
30 მარტი. 1/4-ფინალები
ინგლისი - საქართველო 58:8 (27:3)
ირლანდია - პორტუგალია 34:24 (26:10)
უელსი - იტალია 41:8 (27:3)
საფრანგეთი - შოტლანდია 19:7 (7:0)
3 აპრილი. ნახევარფინალი V-VIII ადგილებისათვის
იტალია - საქართველო 18:20 (12:10)
შოტლანდია - პორტუგალია 35:12 (13:5)
თასის ნახევარფინალები
ინგლისი - უელსი 22:16
ირლანდია - საფრანგეთი 22:20
7 აპრილი
VII ადგილისთვის
იტალია - პორტუგალია (13:00)
V ადგილისთვის
შოტლანდია - საქართველო (14:45)
III ადგილისთვის 
უელსი - საფრანგეთი (17:00)
ფინალი
ირლანდია - ინგლისი (18:45)
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092486