დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფის” ერთმატჩიან მეოთხედფინალში, ინგლისური “ჰარლიქუინსი” 37:8 გაანადგურა და ნახევარფინალში თამაში დაიბევა.
ტულონელებმა “ჰაინეკენის თასიდან” “ჩელენჯ ქაფზე” გადასულ “ჰარლიქუინსს”, რომელსაც ეს ტურნირი სამჯერ აქვს მოგებული და თასის მოქმედი მფლობელია, “სტად ფელიქს მაიოლზე” უმასპინძლეს, რომელიც 13700 მაყურებელს იტევს. შეხვედრას 12762 მაყურებელი დაესწრო და ფრანგებმა საყვარელი გუნდის სრული უპირატესობა იხილეს. ტულონელებმა “ჩელენჯ ქაფის” ფინალში ერთადერთხელ, 2010 წელს ითამაშეს და ფინალში დამარცხდნენ, ახლა კი, ძველი მიღწევის გასამეორებლად ერთი, ხოლო თასის მოსაპოვებლად ორი ნაბიჯი რჩებათ.
მასპინძელთა გამარჯვება დიდწილად ინგლისელმა მგეზავმა, ჯონ უილკინსონმა განაპირობა, რომელმაც შესვენებამდე 5 ჯარიმა გაიტანა, მერე გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და “ტულონმა” ტაიმი 22:3 მოიგო. უილკინსონი მეორე ტაიმის დასაწყისში დაშავდა, მარჯვენა ხელი იტკინა და შესაცვლელი გახდა, მაგრამ ფრანგებმა მეტოქის იერიშებს გაუძლეს, მერე თავად შეუტიეს და ახლა უკვე ავსტრალიელმა მეტ გიტომ გაიტანა ჯარიმა, 58-ე წუთზე კი, მასპინძლებმა მეორე ლელო გაიტანეს და რეალიზაცია ამჯერადაც ზუსტი იყო - 32:3.
ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ქუბრიაშვილი იყო და ის მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. “დუდუმ” ძალიან კარგად ითამაშა დაცვაში, პრაქტიკულად არცერთი ბოჭვა არ გაუფუჭებია და მის ახლო-მახლო ბურთიანმა მეტოქემ ვერ გაიხარა. არც მანამდე იყვნენ ჯაბანნი, მაგრამ ბოლოსკენ, “ტულონის” მორკინალებმა მეტოქისა საგრძნობლად დაჩაგრეს, ძალაში უპირატესობის გრძნობამ და დიდმა სხვაობამ, მათ ჯარიმის აუტში გატანის საშუალება მისცა. დერეფნის მოგების შემდეგ, კარგი მოლი დადგა, რომელშიც ქუბრიაშვილიც ჩაება და 72-ე წუთზე მესამე ლელო გავიდა. სულ ბოლოს “ჰარლიქუინსმა” ერთი, პრესტიჟის ლელოს გატანა შეძლო და მატჩიც 37:8 დასრულდა.
ნახევარფინალში “ტულონი” კვლავ მასპინძლის უფლებით ისარგებლებს და ფრანგულ დერბიში პარიზულ “სტად ფრანსეს” დაუხვდება, რომელმაც ერთი დღით ადრე ასევე ინგლისური “ექსეტერ ჩიფსი” 22:17 დასცა. შესაძლოა, “ჩელენჯ ქაფის” ნახევარფინალში ოთხივე წარმომადგენელი ფრანგებს ყავდეთ. დღეს “ლონდონ უოსპსი” “ბიარიცს” მასპინძლობს, ხვალ კი, დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის “ბრივი” - უელსის “სკარლეტსს”. ხინჩაგიშვილი და ნატრიაშვილი სათადარიგოთა შორის არიან, კაკოვინი კი, განაცხადში არაა. ერთმატჩიანი ნახევარფინალები აპრილის ბოლოს გაიმართება.
აქვე შეგახსენებთ, რომ “ჰაინეკენის თასის” მეოთხედფინალში ქართველი ლეგიონერების ორი გუნდი ითამაშებს. აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” დღეს, შოტლანდიაში ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელის, მაიკლ ბრედლის “ედინბურგს” ეთამაშება, რომლის რიგებსაც მომავალი წლიდან დიმიტრი ბასილაია დაიცავს. გიორგაძე ტრავმირებულია, ბრეგვაძე განაცხადში არაა. ხვალ დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” ინგლისში “სარასენსს” ეთამაშება. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაშია.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია