საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში პროგრამა მინიმუმიც შეასრულა და მაქსიმუმიც. მიზანი მოწინავე ექვსეულიდან რომელიმე გუნდის გამოძევება იყო და “ბორჯღალოსნებს” იტალია ემსხვერპლა, შოტლანდიას კი, იმედია, ძველ ანგარიშს მომავალ წელს გავუსწორებთ.
ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მსოფლიოსა და ევროპული რაგბის მმართველებმა, ამ ტურნირს ასეთივე ფორმატი მაინც, სამომავლოდაც შეუნარჩუნეს. სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ, მოგვეცემა თუ არა საგაისოდ ექვსი ერის წარმომადგენლებთან თამაშის საშუალება, რომელთან თანასწორობაც, ამ ბიჭებმა უკვე დაამტკიცეს, როცა იტალიას ჯერ 12 კაცის ამარა გაუძლეს (15-ის წინააღმდეგ), მერე 13 კაცით იქით შეუტიეს და ჯარიმა გაიტანეს, ბოლოს კი, ლელოთი და გარდასახვით გამარჯვება მოიპოვეს - 20:18.
ისე, ევროპის ყველა სხვა დონეზე, დივიზიონის ბოლოადგილოსანი, მომავალი წლისთვის ადგილს ქვედა დივიზიონის გამარჯვებულს უთმობს, მაგრამ ასე არაა “ელიტაში”. საქართველომ და პორტუგალიამ, მოწინავე ექვსეულთა თამაშის უფლება შესარჩევ ეტაპში გამარჯვების წყალობით მიიღეს და მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა მე-6 ადგილი დაიკავეს, მათ სწორედ შესარჩევ ეტაპზე მოუწევთ იგივე უფლების საგაისოდ მოპოვება და წლევანდელ შედეგებს არავინ დაგვიფასებს, რა თქმა უნდა, თუ ბოლოს და ბოლოს, FIღA-ში გონს არ მოეგებიან და ფორმატში შესაბამის ცვლილებებს არ შეიტანენ (რისი იმედიც ნაკლებად უნდა გვქონდეს).
შოტლანდიას ქართველი ჭაბუკები V ადგილის დასაკავებლად ეკვეთნენ და საწყის წუთებში ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვეს. პერიოდულად, საქართველოს ნაკრები კიდევ ახერხებდა უპირატესობის დაუფლებას, მაგრამ გამოუცდელობის გამო, ბურთი იკარგებოდა და “ბორჯღალოსანთა” ნაცვლად, ლელო მოწინააღმდეგეს გაჰქონდა. გამოუცდელობის ბრალი იყო, გასულ წელს იტალიის ძლევა რომ ვერ მოხერხდა, რაც წელს გამოსწორდა, მომავალ წელს კი, იმედია, შოტლანდიის ჯერიც დადგება.
ადრეც ვთქვით, რომ სქოთების კოზირი უკანა ხაზის გამართული მოქმედება იყო და ლელოებიც სწორედ მათი კარგი გარჯის წყალობით გავიდა. მეტოქემ ბურთი რომ მოიხელთა, ქართველთა თავგანწირული დაცვა შეტევის ფლანგის სწრაფი ცვლით მოსალა, მათმა გარემარბმა 30 მეტრიანი რეიდი მოაწყო და ბურთი ჩათვლის მოედანში ფულბეკს შეაყოლა. ამან ქართველები ცოტა დააბნია და სამ წუთში ფულბეკმა მეორე ლელო მიითვალა. რეალიზაციები არაზუსტი იყო და ტაბლოზე 10:0 ენთო. 26-ე წუთზე სქოთებმა რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ, ქართველთა დაცვა ერთხელაც გატეხეს და რადგან ამ ჯერზე გარდასახვაც ზუსტი იყო, 17:0 დაწინაურდნენ.
საქართველოს ნაკრებმა საპასუხოდ შეუტია, რადგან სამმეოთხედელებს ხაზის გაჭრა არ გამოუვიდათ, მეტოქის 22-ის ხაზთან კარგი მოლი დააყენეს და ძალისმიერი ლელო გაიტანეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა და ტაიმი 17:5 დასრულდა.
გატანილმა ლელომ ქართველებს საკუთარი ძალების რწმენა დაუბრუნა, მეორე ტაიმის დასაწყისში მათ მეტოქეს მასირებული იერიში მოუწყეს და ის საკუთარი ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში გამოკეტეს. ამ დროს რომ სწრაფი ლელო გასულიყო... მით უმეტეს, შოტლანდია რამდენჯერმე დაჯარიმებისთვის სინბინით დაისაჯა და საქართველოს ნაკრები ძალიან ახლოს იყო ლელოს გატანასთან, მაგრამ მეორე ძალისმიერი ლელო არ შედგა, მერე რეფერიმ შალვა შაშიაშვილი გაასინბინა და მოედანზე მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა, მერე კი, მეტობაში შოტლანდია დარჩა.
ამ დროს, FIRA-ს ოფიციალურმა საიტმაც კი აღიარა, საქართველოს ნაკრები კარგად თამაშობს, მაგრამ შოტლანდია დღეს შეუდარებელიაო. ილია მაისურაძის შეგირდებმა კვლავ მოლით სცადეს ფონს გასვლა, მერე ბურთი ხაზზე გაშალეს, მაგრამ თითქმის მთელი 15 წუთის უპირატესობა უქულოდ დასრულდა, მერე ბურთი დაიკარგა, მეტოქემ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, რომელშიც პრაქტიკულად მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და ფულბეკმა ერთხელაც დაგვამწუხრა.
განახლდა თამაში და საქართველოს ნაკრებმა კვლავ დასცა ბანაკი მეტოქის 22-ში, 57-ე წუთზე, კიდევ ერთხელ დააყენა კარგი მოლი და შაშიაშვილმა მიზანს უწია. რეალიზაცია ამჯერადაც არაზუსტი იყო და სხვაობა კვლავ 12 ქულა დარჩა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს იტალიასთან მოგებული მატჩის გამეორების იმედი გაუჩნდა და კიდევ უფრო მონდომებით შეუტია. ჩათვლის მოედნამდე 5 მეტრიღა რჩებოდა, მაგრამ ბურთი დაიკარგა, შოტლანდიამ თამაში საქართველოს ნაკრების 22-ში გადაიტანა და ბურთზე კონტროლი დაამყარა. მაისურაძის შეგირდებმა პირველი იერიში მოიგერიეს, მაგრამ მეორე მიძალებას ვეღარ გაუმკლავდნენ და სქოთებმა მეხუთე ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი გარდასახვაც მიაყოლეს - 29:10.
თამაშის დამთავრებამდე 6-7 წუთი რჩებოდა და მატჩის ბედის შემოტრიალების იმედი გადაიწურა, სულ ბოლოს კი, რეფერიმ მასხარაშვილს წითელი ბარათი უჩვენა და ქართველმა 18-წლამდელებმა ისტორიული ევროპის ჩემპიონატი VI ადგილზე, იტალიის წინ დაასრულეს!
ქართველთაგან ძლეულმა იტალიამ, პირველ ტაიმში პორტუგალიას ბევრი ვერაფერი დააკლო და ტაიმი მხოლოდ სამი ქულით, 17:14 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში აიწყვიტა და 41:14 იმარჯვა. III ადგილისთვის მატჩში, საფრანგეთმა უელსს ორი ლელო გაუტანა და 10:0 დაწინაურდა, რაზეც უელსელებმა მხოლოდ ერთი ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს და თამაში 10:7 დასრულდა. ფინალში ინგლისმა ირლანდიასთან თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით 12:0 დაწინაურდა, ტაიმი კი, 12:6 მოიგო. მეორე ნახევარში ინგლისელები კიდევ უფრო დაწინაურდნენ, მერე მეტოქეს მიახლოვების საშუალება მისცეს და ჯამში 25:13 იმარჯვეს, რითაც ევროპის ჩემპიონის ტიტული, სწორედ ირლანდიელებს ჩამოართვეს.
18-წლამდე მორაგბეთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი
მადრიდი (ესპანეთი). 30 მარტი - 7 აპრილი
7 აპრილი. V ადგილისთვის
შოტლანდია - საქართველო 29:10 (17:5)
საქართველო 15. გიორგი აფციაური (ლაშა ნადირაძე 50), 14. დევი დევსურაშვილი, 13. ნიკა ამაშუკელი (იოსებ ტუკვაძე 53), 12. ილია მელაძე (გიორგი ნათელაშვილი 42), 11. გიორგი ფრუიძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. რევაზ ბროძელი; 1. ზაურ ხარებავა (მიხეილ ზურიკაშვილი 65), 2. ბექა ფირიაშვილი (ბადრი ალხაზაშვილი 42), 3. გიორგი მარგველანი, 4. ფარნავაზ გასვიანი, 5. მიხეილ მასხარაშვილი, 6. ონისე მოგელაშვილი, 7. საბა შუბითიძე, 8. შალვა შაშიაშვილი (შოთა თევზაძე 65).
არ უთამაშიათ: ლექსო ცისკარიშვილი, მურაზ გიორგაძე, იოსებ კიკვაძე, ვახტანგ ამირანაშვილი, გიორგი გოგლიძე.
2 ლელო: ჯგუფური, შაშიაშვილი
1 სინბინი: შაშიაშვილი
1 გაძევება: მასხარაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, ზურაბ ამონაშვილი
დელეგაციის ხელმძღვანელი: გია გორგასლიძე (სრკ-ს ვიცე პრეზიდენტი)
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ექიმი: ზვიად მკერვალიშვილი
მასაჟისტი: მირზა ირემაძე
VII ადგილისთვის
იტალია - პორტუგალია 41:14
III ადგილისთვის
უელსი - საფრანგეთი 7:10
ფინალი
ირლანდია - ინგლისი 13:25
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია