ამბები

13:38 | 8.04.2012 | ნანახია 2370 - ჯერ

“ტულუზა” “ჰაინეკენს” დაემშვიდობა

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - “ჰაინეკენის თასს”, მეოთხედფინალში გასული 2 ქართველი ლეგიონერის კლუბიდან ერთი დაემშვიდობა, თუმცა, ამაში ჩვენებურებს წვლილი არ მიუძღვით.
“ტულუზას” მთავარმა მწვრთნელმა, ქართველი ჰუკერი - ჯაბა ბრეგვაძე “მარიფილდზე” “ედინბურგთან” გამართულ ჯახში განაცხადში არ შეიყვანა, აქვსენტი გიორგაძე კი, ტრავმირებულია. შედეგად, შოტლანდიელებმა, 37881 ერთგული გულშემატკივრის გასახარად, ყველა პროგნოზი თავდაყირა დააყენეს, ფრანგებს 19:14 სძლიეს და ნახევარფინალში ითამაშებენ.
მასპინძლებმა ლელოს გატანა მატჩის დებიუტშივე შეძლეს და რეალიზაციაც გამოიყენეს, რაზეც სტუმრებმა მალევე ჯარიმით უპასუხეს; ტაიმის შუაწელს, ჯარიმითვე, ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, ხოლო 29-ე წუთზე, მორიგი ჯარიმით წინ გაიჭრნენ. ორიოდე წუთში, მათ საპასუხო ლელოს გატანაც შეძლეს, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო - 14:7.
“ედინბურგმა”, ზედ შესვენების წინ, არეკნით, ჩამორჩენა შეამცირა და ტაიმი 4 ქულით დათმო, მეორეს დასაწყისში კი, ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო 52-ე წუთზე, ჯარიმითვე დაწინაურდა.
დაძაბულობა ბოლო წუთამდე გაგრძელდა, საბოლოო წერტილი კი, სქოთებმა კვლავ ჯარიმით დასვეს და ნახევარფინალში თამაშის უფლება დაიბევეს.
მე-2 მეოთხედფინალურ შეხვედრაში, ირლანდიური “ლენსტერი” “კარდიფს” 50340 მაყურებლის მხარდაჭერით დაუხვდა და მომხვდური 34:3 გაანადგურა.
ანგარიში სტუმრებმა პირველსავე წუთზე, ჯარიმით გახსნეს, მაგრამ მერე 4 ლელო გაუშვეს, ყველა გარდასახვა ზუსტი იყო, მასპინძლებმა 2 ჯარიმაც გამოიყენეს და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს.
დღეს “ჰაინეკენის თასის” კიდევ 2 მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება. ირლანდიურ დერბიში, “მანსტერი” “ოლსტერს” დაუხვდება, ხოლო დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” სტუმრად ინგლისურ “სარასენს” ეთამაშება. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაშია, მატჩი კი, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.
რანგით მე-2, “ჩელენჯ ქაფზე”, თბილისის დროით 22:15 საათზე, დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის “ბრივი” უელსის “სკარლეტს” უმასპინძლებს და თუ გამარჯვება მოახერხა, ნახევარფინალში მხოლოდ ფრანგული გუნდები ითამაშებენ. “ბრივის” განაცხადში ხინჩაგიშვილი და ნატრიაშვილი სათადარიგოთა შორის არიან.
შეგახსენებთ, რომ დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა” “ჰარლექუინსი” 37:8 დაამარცხა და ნახევარფინალში “სტად ფრანსეს” შეხვდება, რომელმაც “ექსეტერ ჩიფსს” 22:17 სძლია, ხოლო “ბიარიცმა”, გუშინ დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად “ლონდონ უოსპსს” 26:23 აჯობა.

 

ზურა ქსოვრელი   
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.115325