ევროპის მეორე დონის საკლუბო ტურნირ “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ნახევარფინალში მხოლოდ ფრანგული კლუბები ითამაშებენ და ტურნირი ერთგვარად საფრანგეთის თასს დაემსგავსა. ჩვენთვის სასიხარულო მომენტი ისაა, რომ ამ ოთხ გუნდში ორი ისეთია, რომელთა რიგებშიც სამ-სამი ქართველი ლეგიონერი ირიცხება, ისინი სხვადასხვა ნახევარფინალურ წყვილში მოხვდნენ და ეგებ ისეც მოხდეს, ფინალში “ქართული დერბი” გაიმართოს.
დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონზე” უკვე ვთქვით, რომ “ჰარლიქუინზი” დამაჯერებელი ანგარიშით - 37:8 დაამარცხა და აპრილის ბოლოს, ნახევარფინალში “სტად ფრანსეს” უმასპინძლებს. ხსენებულ მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ქუბრიაშვილმა მიიღო, რომელმაც შეცვლაზე 20 წუთი ითამაშა. ნახევარფინალში და, ღმერთმა ჰქნას, ფინალშიც, ამ გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ქუბრიაშვილი თუ გამოჩნდება, თორემ ახალგაზრდები - ჩილაჩავა და მიქაუტაძე, მართალია, ძირითად შემადგენლობაში ერთი-ორჯერ გამოჩნდნენ და პირველ გუნდში ლელოებიც გაიტანეს, მაგრამ ჯერ გადამწყვეტი ჯახებისთვის მზად არ არიან.
გუშინ თავისი წილი ბრძოლა დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის “ბრივმა” გადაიტანა და უელსური “სკარლეტი” 15:11 დასცა. ფრანგებმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს, რის გამოც “ჰაინეკენის თასიდან” გადმოსულ მეტოქეს საკუთარ მოედანზე დაუხვდნენ და 7850 გულშემატკივრის მხარდაჭერით ფრთაშესხმულებმა, მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს. ადრეც ვთქვით, რომ ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ხინჩაგიშვილი და ნატრიაშვილი იყვნენ და ისინი თამაშში ერთდროულად, 54-ე წუთზე ჩაერთვნენ. ფრანგული კლუბის გამარჯვება დიდწილად ძალისმიერ თამაშში, შერკინებაში მოპოვებულმა უპირატესობამ განაპირობა და ამაში მეორე ნახევარში უდიდესი წვლილი ქართველ ლეგიონერებს მიუძღვით.
მანამდე კი, ანგარიშის გახსნის შანსი მე-5 წუთზე სტუმრებს მიეცათ, მაგრამ შორეული დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. მერე “ბრივმა” შეუტია, მეტოქე შერკინებაში დაჯარიმდა და ფრანგებმა მე-15 წუთზე 22-მეტრიანი ხაზიდან ანგარიში გახსნეს. ამას ორივე გუნდის მხრიდან კიდევ თითო ჯარიმის გაცუდება მოყვა, განსაკუთრებით უელსელთა დამრტყმელმა “იყოჩაღა”, რომელმაც მოახერხა და კარის გასწვრივ 25 მეტრიდან ბურთი ძელებსშუა ვერ გააძვრინა. სამაგიეროდ, უელსის ნაკრებისა და “ბრიტანელი ლომების” ვეტერანმა ვარსკვლავმა სტივენ ჯონსმა თავისი მესამე შანსი გამოიყენა და 30-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. შესვენებამდე დარჩენილ დროში, გუნდებმა შორეული ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი 6:6 დასრულდა.
მეორე ტაიმი 6 წუთის დაწყებული იყო, როდესაც “ბრივი” ჯარიმით დაწინაურდა და ორიდე წუთში სალელოვედაც შეუტია, მაგრამ უელსელები დაჯარიმდნენ, ფრანგებმაც აღარ გარისკეს და ჯარიმით უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდეს. 52-ე წუთზე მასპინძლების საქმე გართულდა, რადგან ისინი სინბინის გამო 10 წუთით მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ, რაც “სკარლეტსმა” 5 წუთში გამოიყენა, თუმცა, მანამდე, ამ ურთულეს სიტუაციაში მწვრთნელმა მოედანზე ხინჩაგიშვილი და ნატრიაშვილი შეუშვა. 57-ე წუთზე, 20 წლის ფულბეკი ლიამ უილიამსი ორ მცველს დაუსხლტა და ხელით ბურთი მასპინძელთა ჩათვლის მოედანს მიაწვდინა, რაც ვიდეორეფერიმ დაადასტურა. სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, რის პრისტლენდს გარდასახვა გაუფუჭდა და მასპინძლებმა უპირატესობა შეინარჩუნეს.
“ბრივმა” საპასუხო ლელოს გასატანად გაიწია, გარემარბს მეტოქის 22-ში ხინჩაგიშვილი წამოეშველა, რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და ბოჭვაში, ვარდნისას თანაგუნდელს უპასა, მაგრამ სტუმართა დაცვამ თავგანწირვის ხარჯზე სიტუაციის განმუხტვა მოახერხა. მიუხედავად ამისა, “ბრივმა” ფორვარდების ხარჯზე თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა მოახერხა, მერე “სკარლეტსმა” გადამწყვეტი დარტყმის განხორციელება გადაწყვიტა, მაგრამ მასპინძლებმა თავი უჯარიმოდ დაიცვეს, ბოლოსწინა წუთზე ჯარიმით უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდეს, მეტოქის დასკვნითი იერიში მოიგერიეს და გამარჯვების მომტანი ანგარიში შეინარჩუნეს.
“ბრივი” ნახევარფინალში “ბიარიცს” ეთამაშება, რომელმაც “ლონდონ უოსპსი” სტუმრად დიმიტრი იაშვილის მიერ 75-ე წუთზე გატანილი ჯარიმის წყალობით 26:23 დაამარცხა. არადა, საათის თავზე ფრანგები 23:9 იგებდნენ, მაგრამ სამ წუთში მეტოქისგან ორი ლელო გაუშვეს, ორივე რეალიზაცია ზუსტი იყო და ბოლოში დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდათ. ქართველთა გუნდს საფრანგეთის თოპ 14-ში მეზობლად მყოფ გუნდთან აპრილის მიწურულს სტუმრად მოუწევთ თამაში და თუ გამარჯვება იზეიმა, 18 მაისს “თვიქნემზე” ფინალში ითამაშებს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია