საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასის” ნახევარფინალში საუცხოო თამაში აჩვენა, ინგლისში ადგილობრივი “სარასენსის” 22:3 დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ნახევარფინალში თამაშის უფლება პირველად მოიპოვა.
გასული წლის დეკემბერში, 28 წლის ზირაქაშვილმა “ჰაინეკენის თასის” ჯგუფურ ეტაპზე ხელი მოიტეხა და სამი თვე უქმად გაატარა. ცოტა ხნის წინათ ის მოედანს Top 14-ის მატჩში დაუბრუნდა, როდესაც შეცვლაზე დაახლოებით 20 წუთი ითამაშა, ამჯერად კი, ტრავმის შემდეგ პირველად, სასტარტო შემადგენლობაში იყო და საუცხოოდ ითამაშა. ფრანგებმა მეტოქე სრულად დაჩაგრეს შერკინებაში და ხშირ შემთხვევაში “სარასენსი” სწორედ შერკინებაში ჯარიმდებოდა. ზირაქაშვილი საუცხოო იყო რაქში თამაშისას, კარგად გაისარჯა დაცვაში და უმეტესად, დარტყმით შეტევებისას აქცენტი სწორედ მასზე კეთდებოდა.
ქართველ ლეგიონერთან ერთად აღსანიშნავია ავსტრალიელი ბრუკ ჯეიმსის გარჯა, რომელმაც გუნდს 17 ქულა შესძინა და “კლერმონის” წარმატება დიდწილად განაპირობა. არადა, ფრანგებისთვის თითქოს ყველაფერი ცუდად დაიწყო, როდესაც მე-3 წუთზე დევიდ სკრელა დაშავდა და მის ნაცვლად მოედანზე სწორედ ჯეიმსი გამოჩნდა, რომელიც საბოლოოდ საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ავსტრალიელის გარჯა მხოლოდ იმის გამო კი არ დაფასდა, რომ გუნდს ქულები მოუტანა, ის შესანიშნავად ასრულებდა ტაქტიკურ დარტყმებს და მიძალებულ ინგლისელებს 50-60 მეტრით აბრუნებდა უკან.
“კლერმონმა” სეზონის წინ მიზნად სწორედ “ჰაინეკენის თასის” მოგება დაისახა და ინგლისშიც მაქსიმალურად მობილიზებული ჩავიდა. გუნდმა ტაქტიკურად გამართული თამაში აჩვენა, რასაც ამოცანების ტექნიკურად კარგი შესრულება მოჰყვა და შედეგიც სახეზეა. წვიმიან ამინდში, ტრიბუნაზე 11047 მაყურებელი შეიკრიბა, რომელთაგან 2-ათასიან არმიას სწორედ ფრანგები შეადგენდნენ და პირველ ნახევარში, უფრო სწორედ მე-13 წუთამდე, ბრუკ ჯეიმსის სამი ჯარიმა იხილეს, რომელთაგან ორი განსაკუთრებით რთული პოზიციიდან შესრულდა. კიდევ ორი ჯარიმა მას გაუცუდდა, ხოლო მასპინძლებმა შეხვედრის ერთადერთი ჯარიმა მე-15 წუთზე გაიტანეს და ტაიმი 3:9 დასრულდა.
მატჩის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისში გადაწყდა. 44-ე წუთზე, შოტლანდიელი ნათან ჰაინსი ორ მცველს შორის გაიჭრა, ის ორივემ ერთდროულად შებოჭა, მაგრამ ვარდნაში ორელიენ რუჟრისთვის პასის გაკეთება მოახერხა, მან მორგან პარა ბოლო მცველის პირისპირ დატოვა, ოღონდ, ფრანგს მარჯვნიდან მხარი სამმა თანაგუნდელმა აუბა და ასეთი რიცხობრივი უპირატესობა “კლერმონმა” ლოგიკურად დაასრულა - ლი ბერნიმ ლელო გაიტანა. ბრუკ ჯეიმსმა ზუსტ გარდასახვას 4 წუთში 40 მეტრიდან გატანილი არეკნი მიაყოლა, რასაც 55-ე წუთზე ჯარიმა დაურთო და ანგარიში 22:3 გახდა.
57-ე წუთზე მწვრთნელმა ზირაქაშვილი შეცვალა. დასკვნით წუთებში მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობის მოპოვება მოახერხეს და თამაში ფრანგთა ნახევარზე გადაიტანეს, მაგრამ “კლერმონმა” გაძლო და 29 აპრილს, საკუთარ მოედანზე “ჰაინეკენის თასის” მფლობელს, ირლანდიურ “ლენსტერს” დაუხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში “კარდიფი” 34:3 გაანადგურა.
შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალში კიდევ ერთი ირლანდიური გუნდი - “ოლსტერი” შოტლანდიურ “ედინბურგს” უმასპინძლებს. “ედინბურგმა” აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” 19:14 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერები ტრავმირებულები არიან და მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. “ჰაინეკენის თასის” ფინალური შეხვედრა 19 მაისს, ინგლისში, “თვიქნემზე” გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია