ამბები

13:17 | 10.04.2012 | ნანახია 2059 - ჯერ

ზირაქაშვილი “ჰაინეკენის თასის” მეოთხედფინალის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “კლერმონის” პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი PlanetRugby-ს სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს გამოცემა ყოველი მნიშვნელოვანი სარაგბო მოვლენის შემდეგ ადგენს სიმბოლურ ნაკრებს, ამჯერად, აქცენტი ევროპის ყველაზე პრესტიჟული - “ჰაინეკენის თასის” მეოთხედფინალზე გაკეთდა და ტრავმის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში პირველად მობურთალმა 28 წლის ქართველმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ იმ ოთხი გუნდის მორაგბეები მოხვდნენ, რომლებმაც ნახევარფინალში თამაში გაინაღდეს - ფრანგული “კლერმონი”, შოტლანდიური “ედინბურგი” და ირლანდიური “ოლსტერი” და “ლენსტერი”. “კლერმონიდან” რჩეულთა შორის 5 მორაგბეა, მათგან ოთხი მორკინალია, 4-4 მოთამაშით არიან წარმოდგენილი “ლენსტერი” და “ოლსტერი”, ხოლო “ედინბურგს” “სიმბოლურში” 2 კაცი ჰყავს.
ტრადიციულად, სიმბოლური ნაკრების შედგენისას, PlanetRugby თითოეულ მორაგბეს შესაბამის დახასიათებასაც უწერს. ზირაქაშვილის გარჯა ასე შეფასდა: “ირლანდიელმა მაიკ როსმა “კარდიფის” წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ იმ სისწრაფისა და ძალის გამო, რომელიც დავით ზირაქაშვილმა კვირის მატჩში აჩვენა, მას უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით. 28 წლის ქართველი, უელსელი რის ჯილის წინააღმდეგ შერკინებაში ძალიან კარგად თამაშობდა”.
PlanetRugby-ს მეოთხედფინალის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: 15. რობ კერნი (ლენსტერი), 14. სიტივენი სივივატუ (კლერმონი), 13. ბრაიან ოდრისკოლი (ლენსტერი), 12. გორდონ დარსი (ლენსტერი), 11. კრეიგ ჯილროი (ოლსტერი), 10. კრეიგ ლაიდლოუ (ედინბურგი), 9. რაიან პიენარი (ოლსტერი); 1. სიან ჰილი (ლენსტერი), 2. ბენჟამენ კაიზერი (კლერმონი), 3. დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), 4. ჯონ მიულერი (ოლსტერი), 5. ნეითან ჰაინსი (კლერმონი), 6. სტეფან ფარისი (ოლსტერი), 7. ჟულიენ ბონერი (კლერმონი), 8. ნეტანი ტალეი (ედინბურგი).
 
ზურა ქსოვრელი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082145