ამბები

15:00 | 10.04.2012 | ნანახია 1874 - ჯერ

“გრენობლს” Top 14-მდე ერთი მოგება აშორებს

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურიღა რჩება. ქართველი ლეგიონერების ხუთი გუნდიდან, ერთს პირველ ელიტარულ დივიზიონში აღზევება პრაქტიკულად განაღდებული აქვს, ერთს პლეი ოფში თამაში შეუძლია, სამს კი, დივიზიონში დასარჩენად უწევს ბრძოლა.

ყველაზე კარგ მდგომარეობაში გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლია”, რომელმაც 26 მატჩიდან 20 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და სატურნირო ცხრილს 95 ქულით ლიდერობს. ლიდერობა ერთია და ის უახლოეს მდევარს მთელი 16 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი ოთხი თამაშიდან ერთის მოგება პირველ ელიტარულ დივიზიონში ავტომატურად აღზევების ტოლფასი იქნება. შეგახსენებთ, რომ Pro D2-ის რეგულარული პირველობის მომგები გუნდი Top 14-ის საგზურს ავტომატურად იღებს, ხოლო მეორე საგზურისთვის მეორე-მეხუთე გუნდები ერთმატჩიან პლეი ოფში იბრძოლებენ.
“გრენობლის” წარმატება კი კარგია, მაგრამ ცუდი ისაა, რომ 22 წლის ქართველ პირველხაზელს ძირითად გუნდში ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია. ის არც ამჯერად იყო განაცხადში, მისმა გუნდმა კი, “ბურგუენს” სტუმრად 29:23 აჯობა. აღსანიშნავია, რომ “გრენობლი” პირველ ტაიმში ოთხჯერ დაისაჯა ყვითელი ბარათით და დაახლოებით 8 წუთი მოედანზე 13 კაცის ამარა იყო, მაგრამ მასპინძლებმა ამით ვერ იხეირეს და ტაიმი “გრენობლმა” 9:6 მოიგო. 59-ე წუთზე, “ბურგუენი” 16:12 დაწინაურდა, მაგრამ 8 წუთში “გრენობლი” უკვე 13 ქულას იგებდა - 29:16. მასპინძლებმა ბოლო წუთზე საჯარიმო ლელო მიითვალეს, რეალიზაცია გამოიყენეს და პრემიალური ქულაც აიღეს.
“გრენობლის” უახლოესი მდევარი “დაქსია”, რომელმაც XXVI ტურში Pro D2-ში დარჩენისთვის მებრძოლი, თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის “პერიგო” 24:15 დაამარცხა. ზიბზიბაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, დადუნაშვილი შეცვლაზე 73-ე წუთზე შევიდა, ხოლო მარგველაშვილი განაცხადში ვერ მოხვდა. “პერიგომ” კი იბრძოლა, მაგრამ მეტოქის შერკინებასთან ვერაფერი გააწყო, ორჯერ დაისაჯა საჯარიმო ლელოთი, 20 წუთი კი, მოედანზე კაცნაკლული იყო.
სტუმართა ორ ჯარიმას მასპინძლებმა ორი ლელოთი და ორი რეალიზაციით უპასუხეს, თუმცა, “პერიგომ” კიდევ ორი ჯარიმით ტაიმი მხოლოდ 2 ქულით - 12:14 დათმო. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა მეორე საჯარიმო ლელო მიითვალეს, ზუსტ გარდასახვას მალე ზუსტი ჯარიმა მიაყოლეს და ანგარიში 24:12 გახდა. მერე სალელოვედ სტუმრებმაც შეუტიეს, ზიბზიბაძე საქმეში მეტოქის 22-ში ჩაერთო და რამდენიმე მეტრით წინ წაიწია, მაგრამ თანაგუნდელმა პასი ვერ შეიმაგრა. საბოლოოდ, “პერიგომ” მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანაღა შეძლო და პრემიალური ქულაც ვერ აიღო. ქართველთა გუნდს 35 ქულა დარჩა და რადგან “ბეზიემ” იმარჯვა, კვლავ ბოლო საფეხურზე დაეშვა. Pro D2-ში დამრჩენ მე-14 ადგილამდე “პერიგოს” მთელი 12 ქულა აშორებს, რის აღმოფხვრაც დარჩენილ ოთხ მატჩში ძალიან გაუჭირდება.
Top 14-ში ასასვლელ პლეი ოფში თამაშის კარგი შანსი აქვს დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პოს”, რომელმაც ამ ტურში ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის “ორიაკი” 40:20 დაამარცხა. “პოს” რიგებში ქართველ ლეგიონერებს თამაში თითქმის არ უწევთ. პეტრიაშვილმა მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მოედანზე 68 წუთი გაატარა, ლოსაბერიძე კი, ძირითად გუნდში ჯერ არ გამოჩენილა. “ორიაკის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ. სამაგიეროდ, სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ნაცარაშვილი, რომელმაც მოედანზე 40 წუთი გაატარა და შესვენებისას შეცვალეს, ხოლო ასეიშვილმა დასკვნითი 30 წუთი ითამაშა. ამჯერად განაცხადში არ იყო მეორეხაზელი დათუნაშვილი.
მასპინძლები თავიდანვე ფლობდნენ უპირატესობას და 55-ე წუთისთვის 30:12-ს იგებდნენ, თან სამი უპასუხო ლელოც გატანილი ჰქონდათ. როდესაც “ორიაკმა” საპასუხო ლელოს გატანა შეძლო, ხოლო მერე ჯარიმით ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვანა, მასპინძლებმა მოინდომეს და დასკვნით ორ წუთში კიდევ ორი ლელო მიითვალეს, რითაც პრემიალური ქულაც დაიბევეს. “პო” 73 ქულით მე-4 ადგილზეა, 6 ქულით ჩამორჩება მეორე, ხოლო 4 -მესამე ადგილს. ამასთან, ის 5 ქულას უგებს უახლოეს მდევარს, ხოლო მეექვსე-მეშვიდე ადგილებს 7 ქულა აშორებს. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის ნახევარფინალურ ეტაპზე, მეორე-მესამეადგილოსანი გუნდები მასპინძლის უფლებით სარგებლობენ. “ორიაკი” 52 ქულით მე-11 ადგილს იკავებს და 15 ქულას უგებს გასავარდნ ზონაში მყოფ “ბეზიეს”.
52 ქულით მე-12 ადგილზეა მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი”, რომელიც “ლა როშელთან” 7:41 შერცხვა, არადა, ტაიმი სულ რაღაც 11 ქულით წააგო (7:18). მირცხულავა განაცხადში არ იყო, მაგრაქველიძე თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო და 61-ეზე სინბინით დაისაჯა. “ტარბს”, “ორიაკის” მსგავსად, გასავარდნ ზონას 15 ქულა აშორებს და გავარდნის საფრთხე პრაქტიკულად აღარ ემუქრება.
 
ზურა ქსოვრელი
 
 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078464