საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ექვსი ერის ერთ-ერთი წარმომადგენელი იტალია 20:18 დაამარცხა, თანაც ისე, რომ დაახლოებით 5 წუთი სამი კაცით ნაკლებმა ითამაშა, მერე შოტლანდიასაც ტოლსწორად დაუდგა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და საკუთარი შეცდომების გამო, 10:29 დამარცხდა. მანამდე, მეოთხედფინალში “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლეს და მომავალ ჩემპიონ ინგლისთან 8:58 განადგურდნენ.
გუნდის მწვრთნელებისა და ნაკრებთან ერთად მადრიდში ნამყოფი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გიორგი ნიჟარაძის თქმით, სწორედ ფსიქოლოგიური ფაქტორი აღმოჩნდა ხელისშემშლელი თუნდაც იმავე შოტლანდიის დასამარცხებლად. ამასთან, საქართველოს ნაკრები მოიკოჭლებდა სათამაშო დისციპლინაში, რის გამოც სარეკორდო რაოდენობის ყვითელი ბარათებით და ერთი წითელი ბარათითაც დაისაჯა.
მიუხედავად მადრიდში მოპოვებული მე-6 ადგილისა, ევროპის 18-წლამდელთა მომავალ ჩემპიონატზე სათამაშოდ ქართველ ჭაბუკებს შესარჩევ ეტაპზე მოუწევთ თამაში, სადაც მათი მოწინააღმდეგეები პორტუგალია და სავარაუდოდ, გერმანია და ბელგია იქნებიან. ეს შეხვედრები ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყისში გაიმართება, მანამდე კი, სრკ-ს პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ და შერკინების მწვრთნელმა ირაკლი ჭყონიამ მადრიდული ტურნირის შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს და სამომავლო გეგმებიც გაგვანდეს.
გიორგი ნიჟარაძე: “მართალია. 18 წლამდე მორაგბეთა შორის, მაგრამ წლეულს პირველად ჩატარდა ევროპოს ნამდვილი ჩემპიონატი, სადაც ექვსი ერის წარმომადგენლებთან შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულმა გუნდებმა, საქართველომ და პორტუგალიამ ითამაშეს. ეს ტურნირი ჰაერიდან არ მოსულა და მას წინ დიდი სამუშაოები უძღოდა. ჩვენმა დაჟინებულმა მოთხოვნამ შედეგი გამოიღო და ასაკობრივ დონეზე მაინც, ყონული დაიძრა, საბოლოო მიზანი კი, ეროვნული ნაკრებების დონეზე, ევროპულ გრანდებთან რეგულარულად თამაშის უფლების მოპოვებაა.
ამ ასაკობრივ ჯგუფში მსგავსი ფორმატი სამი წლის ვადით შენარჩუნდება, ოღონდ, ექვსი ერის წარმომადგენლები ხელშეუხებლები იქნებიან, ჩვენ კი, სულაც რომ ევროპის ჩემპიონები გავხდეთ, მომავალ წელს მაინც შესარჩევ ეტაპზე მოგვიწევს თამაში. აქ უნდა დავამტკიცოთ, რა შეგვიძლია და სამი წლის შემდეგ, ტურნირი საბოლოო სახეს მიიღებს. სავარაუდოდ, როგორც სხვა ჯგუფებში, აქაც ბოლოადგილოსანი გავარდება და მის ადგილს ქვედა დივიზიონის გამარჯვებული დაიკავებს.
საკუთრივ ესპანეთში, ჩვენი მიზანი იყო ექვსი ერის ერთ-ერთი წარმომადგენელი მაინც დაგვემარცხებინა და ეს ამოცანა წარმატებით გადაიჭრა. მწვრთნელებმა უდიდესი სამუშაო გაწიეს და მათი გარჯით კმაყოფილი ვარ. პირველ მატჩში ჩავარდნის შემდეგ, ბიჭებმაც იყოჩაღეს. ისე, ინგლისის ნაკრები სხვებზე ბევრად სრულყოფილი გუნდი იყო. ჯერ მარტო ფიზიკურად იმხელები იყვნენ, რომ მორაგბეებს თავიდანვე გაუჩნდათ ფსიქოლოგიური პრობლემები. ამ ასაკობრივ დონეზე ინგლისი, საფრანგეთი, უელსი და ირლანდია ერთი თავით მაღლა დგანან იმავე შოტლანდიასა და იტალიაზე. ისინი გამართულ რაგბის თამაშობენ და გასაკვირი არცაა, რადგან რამდენიმე ათასიდან ირჩევენ საუკეთესოებს, ჩვენ კი, არჩევანის გაკეთება დაახლოებით 50 ბავშვიდან გვიწევს.
ინგლისთან დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ნაკრებმა თავისთვის ტრადიციული რაგბის ნაცვლად, განსხვავებულ სტილში, გაშლილი ბურთაობა აჩვენა. მერე იყო ფანტასტიკური გამარჯვება იტალიასთან, სადაც ბიჭებმა ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, მაღალი იყო თამაშის ხარისხიც. უმცირესობაში დარჩენილებმაც კი (დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა 15 იტალიელის წინააღმდეგ 12 კაცით ითამაშა), უპირატესობა მოიპოვეს და დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს. შოტლანდიასთანაც მოსაგები თამაში იყო, ანგარიში სრულიად არ შეესაბამება იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. ეპიზოდებში საქართველოს ნაკრები უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ლელოს გატანის ნაცვლად, გადამწყვეტ მომენტებში უაზრო შეცდომებს უშვებდა. შერკინებაში იმდენად აშკარა იყო ქართველთა უპირატესობა, რომ მოლით 20-40 მეტრს თავისუფლად გავდიოდით.
უდისციპლინობა საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემა იყო. მთელ ტურნირზე, რომელშიც 24 გუნდი მონაწილეობდა (სამი 8-გუნდიანი ჯგუფი), მსაჯებმა სულ 60 ყვითელი ბარათი აჩვენეს მორაგბეებს და ამის 10 პროცენტი (6 სინბინი) ჩვენ მივიღეთ. ტურნირზე ერთადერთი იყო წითელი ბარათი და ისიც ჩვენ “გვერგო”. ფსიქოლოგიური და დისციპლინის თვალსაზრისით, სამუშაო აშკარად ბევრია. მოედანს მიღმა საქართველოს ნაკრები სამაგალითო იყო, მაგრამ მოედანზე, სათამაშო სიტუაციებში... არავის უჩხუბია და ყვითელი ბარათებიც უმეტესად დამსახურებულად, სათამაშო სიტუაციებში დაშვებული შეცდომების გამო მივიღეთ.
საქართველოს ნაკრები უკვე იმ დონის გუნდია, რა დონეზეც იტალია და შოტლანდია არიან. შეიძლება მათთან ხან დავმარცხდეთ და ხან მოვუგოთ, მაგრამ ნელ-ნელა აუცილებლად მივაღწევთ მათთან დადებით ბალანსს. ამისთვის დიდი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. მიმდინარეობს მუშაობა სარაგბო აკადემიის ახალ კონცეფციაზე და ის უახლოეს პერიოდში ამუშავდება. დაინერგება უახლესი ტექნოლოგიები. აუცილებელია, რაც შეიძლება ხშირად ვეთამაშოთ მაღალი დონის გუნდებს. თუ საშუალება იქნება, უნდა მოვიწვიოთ ასაკობრივი ნაკრებები, ან კლუბები და მათთან ამხანაგური თამაშები გავმართოთ, რათა ბიჭებს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ და გადამწყვეტ მომენტში ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არ აღმოჩნდნენ. შეიქმნება თითოეული მოთამაშის ისტორია, დაწყებული ბავშვთა ასაკიდან, დამთავრებული ეროვნული გუნდით, სადაც ასახული იქნება მისი ყველა ნაბიჯი თუ ტრავმა.
აუცილებელია სამუშაოების ჩატარება კლუბებთან მიმართებაში. ამასთან, ნაკრები კვირაში ერთხელ მაინც უნდა იკრიბებოდეს და ვარჯიშობდეს, რათა მოსამზადებლად მხოლოდ ტურნირისწინა მოკლე პერიოდი არ გვქონდეს და მწვრთნელებს ბიჭებზე მთელი წლის განმავლობაში დაკვირვების საშუალება ჰქონდეთ. ნაკრების მწვრთნელი არ უნდა ზრუნავდეს მოთამაშისთვის პასის სწორად გაკეთების სწავლებაზე. მოკლედ, განვლილი ტურნირი წარმატებული იყო, დავამარცხეთ ექვსი ერის ერთი წარმომადგენელი და ცოტა დაგვაკლდა მეორესთან, მაგრამ ახლა უნდა ვიმუშაოთ, რათა მუდამ თანაბრად ვეთამაშოთ იტალიას და შოტლანდიას. სწორედ ამ მიზანს მიეძღვნება მთელი შემდგომი პერიოდი”.
ილია მაისურაძე: “თავიდანვე ვიცოდით, რომ ამ ტურნირზე დაცვის პრობლემა გვექნებოდა. ტაქტიკურად ყველაფერი მეტ-ნაკლებად ზუსტად შესრულდა, მაგრამ ინდივიდუალური ბოჭვებისას მოვიკოჭლებდით. შოტლანდიის ნაკრებმა სწორედ ეს ინდივიდუალური შეცდომები გამოიყენა და იდენტური ლელოები გაგვიტანა. შოტლანდიელებთან შეხვედრაში ორი ლელოს გაშვების შემდეგ, სათამაში უპირატესობა გვქონდა, ერთი ლელო გავიტანეთ, მეორე ტაიმის დასაწყისში მეორეც უნდა გაგვეტანა, მაგრამ უაზრო ჯარიმის გამო ეს შანსი დავკარგეთ და კონტრშეტევაზე ლელო აქეთ მივიღეთ.
ინგლისთან მარცხის შემდეგ, მძიმე სამი დღე გვქონდა. ბიჭებთან ინდივიდუალურად ვიმუშავეთ, განვლილი მატჩის ვიდეოანალიზს ვაკეთებდით, ვცდილობდით, ბავშვებისთვის კომპლექსი მოგვეხსნა. თავიდან თამაში ვერ დავალაგეთ და ორი მარტივი ლელო გავუშვით, მაგრამ მერე მორაგბეებმა თავი ხელში აიყვანეს და ფსიქოლოგიური უპირატესობა მოვიპოვეთ. სწორედ ეს იყო გადამწყვეტი. ბიჭები უკვე თამამად უტევდნენ, ცდილობდნენ, ხელით ეთამაშათ და შედეგიც სახეზეა.
დისციპლინას თავიდანვე დიდ ყურადღებას ვაქცევდით და ვერც კი წარმომედგინა, თუ ზეწოლა ასე იმოქმედებდა ბიჭებზე. ეს ამხანაგური მატჩების ნაკლებობამაც განაპირობა. საქართველოში რამდენიმე ტესტ-მატჩი გვქონდა, მერე “კლერმონს” ვეთამაშეთ და მსგავსი არაფერი მომხდარა, მაგრამ იქ უცებ ყველაფერი აირია. პრაქტიკულად ყველა გაძევება სამართლიანი იყო. ფსიქოლოგიური პრობლემის დამსახურება იყო, ყველა მატჩის დებიუტში ორ ლელოს რომ ვუშვებდით. ბიჭები მერე ხვდებოდნენ, რომ მეტოქის დამარცხება შეიძლებოდა და ჩვეულ სტილში თამაშს იწყებდნენ. ეს ყველაფერი ძლიერ მეტოქეებთან სათამაშო პრაქტიკის დეფიციტის “დამსახურებაა”.
ირაკლი ჭყონია: “შოტლანდიასთან მატჩში გამოჩნდა, რომ ამ ნაკრებში მხოლოდ უკანა ხაზი კი არ თამაშობს გამართულად, შერკინებაც ძლიერია და ბალანსი დაცულია. მეტოქეს მოლში დიდი პრობლემები შევუქმენით და 20-30 მეტრით ვახევინებდით უკან. სამწუხაროდ, ამ თამაშში ხაზმა ვერ ითამაშა სათანადოდ, ისე კი, სხვა ნაკრებებთან შედარებით, ამ გუნდის ხაზი უდავოდ უკეთ თამაშობს”.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია