ამბები

3:37 | 11.04.2012 | ნანახია 6231 - ჯერ

ბასილაიას მომავალი შავ-წითელ ფერებშია – ედინბურგში ქართველის ტრანსფერს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწოდეს

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის ფედერალ 1-ში მოასპარეზე “ვალანს დ’აჟენის” მესამეხაზელი, შერკინების შემკვრელი (8 ნომერი) დიმიტრი ბასილაია კარიერას შოტლანდიურ გრანდ “ედინბურგში” გააგრძელებს. უკვე, თავად სქოთურმა გრანდმაც დაადასტურა, რომ ქართველი მორაგბე კლუბის ღირსებას 2012-13 წლების სეზონიდან დაიცავს.
შოტლანდიური კლუბის მთავარი მწვრთნელი მაიკლ ბრედლი, რომელიც თავის დროზე საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებელიც გახლდათ, 26 წლის ქართველით ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე დაინტერესდა. მაშინ “ვალანს დ’აჟენმა” ბასილაიას გაშვებაზე უარი განაცხადა, მაგრამ ახლა შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერიც ოფიციალურად გაცხადდა.
დიმიტრი ბასილაიამ თავისი შესაძლებლობები 2011 წლის მსოფლიოს თასზე სრულად წარმოაჩინა. იგი “ბორჯღალოსანთა” უცვლელი წევრი გახლდათ და ლელო თვით ინგლისის ნაკრებს გაუტანა. მას ეროვნული გუნდის მაისური 23 მატჩში აქვს მორგებული, აქტივში კი 2 ლელო აქვს.
ქართველი მესამეხაზელი აქამდე მხოლოდ ფედერალ 1-ის გუნდებში გამოდიოდა, ახლა კი, სერიოზულ გუნდში დიდი კარიერის გაკეთების საშუალება ეძლევა. შეგახსენებთ, რომ “ედინბურგმა” “ჰაინეკენის თასის” ნახევარფინალის საგზური მოიპოვა და 28 აპრილს ჩრდილოირლანდიურ “ალსტერს” ესტუმრება. ბასილაიამ მომავალ კლუბზე საუბარი სწორედ შოტლანდიელთა წარმატების აღნიშვნით დაიწყო.
“პირველ რიგში, მინდა “ედინბურგს” “ჰაინეკენის თასის” მეოთხედფინალში “ტულუზას” ძლევა მივულოცო. ამ კლუბში გადასვლა ჩემთვის დიდი პატივი და გამოწვევაა. მოუთმენლად ველი, როდის მომეცემა საშუალება, თავი კლუბის სრულუფლებიან წევრად ვიგრძნო და მთელი რიგი ნიჭიერი მოთამაშეების გვერდით ვითამაშო. როგორც ფიზიკური, ისე მორალური კუთხით, ჩინებულ ფორმაში ვიმყოფები და ერთი სული მაქვს, “ედინბურგის” შავ-წითელ ფორმას როდის მოვირგებ”.
ქართველის ტრანსფერს გამოეხმაურა შოტლანდიელთა თავკაცი მაიკლ ბრედლიც. მას იმედი აქვს, რომ ბასილაიას ისეთივე წარმატებული უცხოური კარიერა ელის, როგორც სხვა “ბორჯღალოსნებს”. ბრედლის მაგალისთისთვის ამჟამად “კლერმონში” მოთამაშე დავით ზირაქაშვილი და “ტულუზას” წევრები აქვსენტი გიორგაძე და ჯაბა ბრეგვაძე მოჰყავს.
“მჯერა, რომ ბასილაიას ტრანსფერი “ედინბურგისთვის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახდება. იგი გუნდის ფსიქოლოგიას ჩინებულად ერგება და გუნდის თამაშს კიდევ უფრო აგრესიულსა და მოქნილს გახდის, მისი ბურთთან მუშაობა კი იმგვარია, რომ სწრაფ თამაშსა და ოფლოუდებისას დიდ სარგებელს მოგვიტანს. დიმა ნამდვილი პროფესიონალია და მისი რაგბისადმი დამოკიდებულება კარგად ვიცი. იგი “ედინბურგში” გადმოსვლით ძალიან გახარებულია და დარწმუნებული ვარ, შავ-წითელი მაისურით მაქსიმუმს გაიღებს”.

 

დათო მანჯავიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.106865