ამბები

12:55 | 12.04.2012 | ნანახია 4884 - ჯერ

კაკოვინი “ტულუზას” უახლოვდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის Top 14-ის “ბრივის” პირველხაზელი ვასილ კაკოვინი, დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან ფრანგული და ევროპული რაგბის გრანდ “ტულუზაში” გადავა.

La Montagne-მ იმ ხუთი მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომლებიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ბრივს” დატოვებენ და მათ შორის პირველი, 22 წლის ქართველი ბურჯი წერია. კაკოვინის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება და მის მომავალ დასაქმების ადგილად სწორედ “ტულუზა” სახელდება, სადაც უკვე ირიცხებიან ქართველი ჰუკერები - აქვსენტი გიორგაძე და ჯაბა ბრეგვაძე (მოცემულ მომენტში, ორივე მათგანი ტრავმირებულია).
rugbymercato-ს ამ ტრანსფერის განხორციელების დამადასტურებლად ის ფაქტი მოჰყავს, რომ “ტულუზას” ტოვებს 36 წლის სამხრეთაფრიკელი ბურჯი დენ ჰუმანი, რომელიც ამ გუნდში 2004 წლიდან თამაშობს და ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, ორჯერ კი, “ჰაინეკენის თასი” მოიგო. ვეტერანი აფრიკელის გამოთავისუფლებული ადგილის დაკავების მთავარ პრეტენდენტად, “ბრივის” ქართველი ვარსკვლავი კაკოვინი მიიჩნევა, რომელიც Midi Olympique-მ გასული წლის დეკემბერში სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
კაკოვინი, რომელსაც როგორც პირველ, ასევე მესამე ნომრად შეუძლია თამაში და კარგია სტატიკაში და გახსნილ თამაშში, “ბრივში” 2010 წელს გადავიდა. ის მალევე იქცა გუნდის წამყვან მორაგბედ და მიმდინარე სეზონში Top 14-ში ჩატარებულ 14 მატჩში, ორი ლელო გაიტანა. საქართველოს ეროვნულ გუნდში კაკოვინის დებიუტი 2008 წელს, შოტლანდიის “ა” ნაკრების წინააღმდეგ შედგა, დღემდე “ბორჯღალოსანთა” კვართი 20 შეხვედრაში მოირგო და გასულ წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო თასზეც ითამაშა.
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.11606