თბილისის “ლელომ”, საქართველოს საგაზაფხულო ტურნირის გადადებულ შეხვედრაში, თანაქალაქელ “აკადემის” 28:11 აჯობა, ოთხი ლელო გაიტანა, თავად მხოლოდ ერთი გაუშვა და ქვეყნის ჩემპიონ “არმიას”, სააღდგომო შესვენების წინ ერთი პრემიალური ქულით გადაასწრო.
პირველ ტურში ეს თამაში იმის გამო გადაიდო, რომ “ლელოს” საქართველოს “ა” ნაკრებში მივლინებული მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და რამდენიმე მორაგბე აკლდა. ამჯერად, მთავარი მწვრთნელი კი ადგილზე იყო, მაგრამ ლელოელებს რამდენიმე მორაგბე აკლდათ, განსაკუთრებით უკანა ხაზში (ყიასაშვილი, ხმალაძე, თოდუა), რის გამოც, ზოგიერთ მოთამაშეს პოზიციის შეცვლა მოუხდა - გეგენავა მგეზავად, ხოლო გუგავა ფულბეკად ირჯებოდა. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში, “ლელოს” ორი მოთამაშე დაუშავდა (კოლელიშვილი და გუგავა) და ისინი შესაცვლელები გახდნენ, მაგრამ მათ მეტოქეზე უკეთ ითამაშეს და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვეს.
თამაშს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელები, მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი დაესწრნენ. ჰეიგს თავისი შვილებიც ახლდნენ, რომლებიც ახლახანს ჩამოვიდნენ თბილისში და სანამ მოედანზე თამაში მიდიოდა, ისინი ჩათვლის მოედნის უკან ერთობოდნენ. მთლიანობაში, თამაში მძიმე საყურებელი გამოდგა. ხშირი იყო გაჩერებები, უზუსტობები და შეცდომები ორივე გუნდის მხრიდან, მაგრამ “ლელო” მეტოქეს მაინც სჯობდა, როგორც ძალაში, ასევე ბურთის გაშლაში და ხაზით შეტევაში. მათ რომ უამრავი შეცდომა არ დაეშვათ, ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა ალბათ, რადგან “აკადემიას” თავგამოდებულ თამაშს, სწორედ მეტოქის შეცდომები “ეხმარებოდა”.
თამაშში ბურთი “აკადემიამ” შეიყვანან, მეტოქემ ფეხით დარტყმით უპასუხა და აკადემიელებმა ხელდახელ შეუტიეს, მეტოქე დაჯარიმდა, აბდუშელიშვილმა კარის გასწვრივ 45 მეტრიდან დაჰკრა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. მე-12 წუთზე ანგარიში გაიხსნა, ამჯერად “აკადემია” კარიდან ოდნავ მარცხნივ, 20 მეტრში დაჯარიმდა და ლექსო გუგავამ ბურთი ძელებსშუა გაატარა.
“აკადემიამ” წონასწორობა მალევე აღადგინა, ბურთი დავითაშვილს მიუვიდა და მანაც საშუალო დისტანციიდან არეკნი უნაკლოდ შეასრულა. “ლელომ” ძალისმიერ თამაშში უპირატესობა იგრძნო და 25-ე წუთზე მოლის დაყენება განიზრახა. ეს ლომიძეს არ მოეწონა, ის და აზალაძე წაიჩხუბნენ და მსაჯმა ორივე ათ-ათი წუთით “დაასვენა”. ამის შემდეგ, თამაში უმეტესად “აკადემიის” 22-ში, ხშირ შემთხვევაში მისი ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში მიდიოდა და ერთ-ერთ ეპიზოდში, ლელოც გავიდა, მაგრამ რეფერიმ ის ვერ დააფიქსირა. მერე, “ლელოს” ბურთი წინ დაუვარდა, მაგრამ მეტოქის შერკინებაში იმარჯვა, “აკადემიას” ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა, უკანა ხაზში ბურთი კარგად გაათამაშა, ლექსო გუგავა ორ მცველს დაუსხლტა და ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მიაყოლა - 10:3.
მეორე ტაიმი კვლავ აკადემიელთა იერიშებით დაიწყო და აბდუშელიშვილმა საშუალო მანძილიდან ჯარიმა გაიტანა, მაგრამ მალე, “ლელოსგან” საპასუხო იერიში მიიღო და შეცვლაზე შესულმა ჭყოიძემ ძალისმიერი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. გეგენავას გარდასახვა გაუფუჭდა, თუმცა, 55-ე წუთზე ჯარიმა ზუსტად შესრულა. სხვაობა უკვე 12 ქულა იყო, “ლელომ” პრემიალურ ქულაზე დაიწყო ზრუნვა და ხეცოიძემ მესამე ლელო 64-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ მერე “აკადემიამ” შეუტია, კარის წინ დაახლოებით 10 მეტრში წარმოქმნილი რაქიდან, ბურთი ფეხით მარჯვენა ფლანგზე შეცურდა, სადაც აკადემიელები რიცხობრივ უპირატესობას ფლობდნენ და დავითაშვილმა ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, თუმცა, რეალიზაცი არაზუსტი იყო.
დებულების თანახმად, მოგებული გუნდი პრემიალურ ქულას მეტოქეზე სამით მეტ გატანილ ლელოზე იღებს, ჰოდა “ლელომ” კვლავ მოინდომა, მარცხენა ფლანგზე ანდღულაძე გაიჭრა და საბოლოო შედეგის დაფიქსირებასთან ერთად (28:11), საკუთარ გუნდს ის ერთი ქულაც მოუტანა, რომლითაც “ლელომ” პირველ ჯგუფში “არმიას” გადაასწრო. ახლა გუნდები დაისვენებენ და საქართველოს ჩემპიონატის მატჩები აღდგომიდან ერთ კვირაში, 21-22 აპრილს გაიმართება.
2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
I ჯგუფი
12 აპრილი. I რაუნდის გადადებული მატჩი
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური). 150 მაყურებელი
ლელო - აკადემია 28:11 (10:3)
ლელო: 15. ლ. გუგავა (ბარკალაია 40+6), 14. რ. ხუციშვილი, 13. დ. კოპაძე, 12. ნ. ანდღულაძე, 11. ა. ხეცოიძე, 10. ი. გეგენავა, 9. გ. კაჭარავა; 1. ბ. გოგიშვილი (გ. სანიკიძე 50), 2. დ. ხიდეშელი (მ. ორაგველიძე 66), 3. მ. სუჯაშვილი, 4. ლ. აზალაძე, 5. ს. ქოიავა (ნ. ჭეიშვილი 61), 6. ე. სურგულაძე, 7. ბ. კოლელიშვილი (გ. ჭყოიძე 28), 8. ბ. ნიკოლაიშვილი.
4 ლელო: გუგავა, ჭყოიძე, ხეცოიძე, ანდღულაძე
1 გარდასახვა: გუგავა
2 ჯარიმა: გუგავა, გეგენავა
1 სინბინი: აზალაძე
აკადემია: 15. ი. დავითაშვილი, 14. გ. მარგიანი, 13. ბ. წასიძე (შ. დავითაშვილი 52), 12. ო. მოლოდინაშვილი, 11. გ. ჭუაძე, 10. გ. აბდუშელიშვილი (ზ. ცაგარეიშვილი 66), 9. ჯ. ღამბაშიძე; 1. გ. ზაქაშვილი, 2. ა. მაღლაკელიძე (გ. სულუაშვილი 63), 3. გ. ღამბაშიძე, 4. ნ. გაფრინდაშვილი (დ. გოგოლაშვილი 52), 5. ლ. ლომიძე, 6. ნ ჩხიკვაძე, 7. დ. გოგოლაძე (გ. ჩაჩუა 66), 8. მ. გაჩეჩილაძე (ი. ლუარსაბიშვილი 52).
1 ლელო: დავითაშვილი
1 არეკნი: დავითაშვილი
1 ჯარიმა: აბდუშელიშვილი
1 სინბინი: ლომიძე
1 | ლელო (თბილისი) | 2 | 2 | 0 | 0 | 111-14 | 10 |
2 | არმია (თბილისი) | 2 | 2 | 0 | 0 | 114-30 | 9 |
3 | აკადემია (თბილისი) | 2 | 1 | 0 | 1 | 38-48 | 4 |
4 | არმაზი (თბილისი) | 2 | 1 | 0 | 1 | 37-50 | 4 |
5 | ბათუმი XV (ბათუმი) | 2 | 0 | 0 | 2 | 38-47 | 2 |
6 | ბაგრატი (ქუთაისი) | 2 | 0 | 0 | 2 | 16-165 | 0 |
III რაუნდი. 21-22 აპრილი
ბათუმი XV - ლელო
აკადემია - არმია
ბაგრატი - არმაზი
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
არმაზი - ლელო
ბათუმი XV - არმია
ბაგრატი - აკადემია
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
არმია - ლელო
ბათუმი - ბაგრატი
არმაზი - აკადემია
II ჯგუფი
1 | აია (ქუთაისი) | 2 | 2 | 0 | 0 | 103-13 | 10 |
2 | ლოკომოტივი (თბილისი) | 2 | 2 | 0 | 0 | 98-29 | 10 |
3 | ილიაუნი ჯიქები (თბილისი) | 2 | 1 | 0 | 1 | 33-23 | 5 |
4 | ხარები (რუსთავი) | 2 | 1 | 0 | 1 | 26-43 | 4 |
5 | ყოჩები (თბილისი) | 2 | 0 | 0 | 2 | 32-70 | 0 |
6 | თიბისი (თბილისი) | 2 | 0 | 0 | 2 | 7-121 | 0 |
III რაუნდი. 21-22 აპრილი
ჯიქები - ლოკომოტივი
აია - ყოჩები
თიბისი - ხარები
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
ლოკომოტივი - ხარები
ჯიქები - აია
ყოჩები - თიბისი
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
აია - ლოკომოტივი
თიბისი - ჯიქები
ყოჩები - რუსთავი
12-13 და 19-20 მაისი. ორმატჩიანი ნახევარფინალები
I ჯგუფის გამარჯვებული - II ჯგუფის მეორეადგილოსანი
II ჯგუფის გამარჯვებული - I ჯგუფის მეორეადგილოსანი
26 ან 27 მაისს ფინალი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია