ამბები

18:57 | 15.04.2012 | ნანახია 6522 - ჯერ

“გორგოძილას” ბენეფისი, “კლერმონმა” და “ტულუზამ” კი, ნახევარფინალები გაინაღდეს

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის XXIII ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მონპელიეს” ლიდერმა - მამუკა გორგოძემ, აუტსაიდერი “ლიონი” არ დაინდო და მას 3 ლელო გაუტანა. რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 3 რაუნდით ადრე, ქართველი ლეგიონერების ორმა გუნდმა ნახევარფინალში თამაში გაინაღდა, 4 გუნდი კი, პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის. 

მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის “მონპელიე”, გასულ ტურში “აჟენის” 44:18 განადგურების შემდეგ, აუტსაიდერ “ლიონსაც” იმ იმედით დაუხვდა, რომ კვლავ დიდი ანგარიშით იმარჯვებდა და ამოცანა წარმატებით გადაჭრა. 
ქართველ ლეგიონერთაგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გორგოძე იყო, მაგრამ მან ყველას საქმე შეასრულა და თავისი გარჯით “მონპელიეს” მოგება განაპირობა. ჟღენტი ბრძოლაში 61-ე წუთიდან ჩაერთო, ნარიაშვილი და შველიძე კი, განაცხადში არ იყვნენ. 
ასევე არ იყვნენ განაცხადში ლიონელთა ქართველი ლეგიონერებიც - გურამ კავთიძე და ტარიელ რატიანიძე.
დაახლოებით 15 წუთი დაჭირდა “მონპელიეს” თამაშის დასალაგებლად, მერე კი, ტრინ დუკმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. საწყისი 20 წუთის შემდეგ, მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს და ნაგუსამ პირველი ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა. 
ამის შემდეგ, “გორგოძილას” დრო დადგა, რომელიც საუკეთესო იყო მოედანზე და რეჟისორების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცეოდა. ქართველმა მესამეხაზელმა პირველი ლელო 30-ე წუთზე დადო, როდესაც რაქიდან აიტაცა ბურთი, ორ მცველს დაუსხლტა და ხელით ჩათვლის ხაზს მიწვდა. იმაში დასარწმუნებულად, გორგოძემ ბურთზე კონტროლი ხომ არ დაკარგა, მსაჯმა ვიდეორეფერი მოითხოვა, რამაც აჩვენა, რომ ყველაფერი წესების სრული დაცვით ჩატარდა. ზუსტი გარდასახვით, ანგარიში 17:0 გახდა. 
ორ წუთში მასპინძლებმა მე-3 ლელოც გაიტანეს, მაგრამ ამჯერად ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ ბურთის ჩათვლის მოედანში დამიწებამდე შემტევი გვერდით ხაზს შეეხო და ის გაუქმდა. თუმცა, 34-ე წუთზე, გორგოძემ თავისი მე-2 და გუნდის მე-3 ლელო მაინც გაიტანა. მარცხენა ფლანგზე წამოწყებული შეტევისას, გორგოძე თანაგუნდელს დროულად მიჰყვა - 22:0, რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ამას აღარც ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ტაიმი ასე დასრულდა, თანაც, “მონპელიე” ლელოებით 3:0-ს იგებდა, რაც პრემიალური ქულის აღების გარანტიას იძლეოდა, თუმცა, მასპინძლები არ მოეშვნენ და მე-2 ტაიმი შესანიშნავად დაიწყეს. 
თამაში 2 წუთის განახლებული იყო, როდესაც ქართველმა ლეგიონერმა კარის გასწვრივ, ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში გულიანად დაარტყა, ის ორმა მცველმა ერთდროულად შებოჭა, მაგრამ მამუკამ ტრიალში პასის გაკეთება მოასწრო, გამოთავისუფლებული სივრცით კი, თანაგუნდელებმა ისარგებლეს - 29:0. 
ხუთ წუთში გორგოძემ ანგარიში კიდევ გაზარდა, თავისი მე-3 და გუნდის მე-5 ლელო გაიტანა - 36:0. მანამდეც და მერეც, რეჟისორები სულ ქართველ გმირს აჩვენებდნენ, რომელმიც იმ დღეს მართლაც საუკეთესო იყო. დარჩენილ დროში მასპინძლები მოეშვნენ, 2 ლელო გაუშვეს, ერთი თავადაც გაიტანეს და 43:12 იმარჯვეს. 
ამრიგად, “მონპელიეს” 23 თამაშის შემდეგ 62 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზე გამაგრდა, თანაც, ახლა “ტულონს” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევრებს 3-3 ქულით უსწრებს, მე-7 ადგილს კი (რომელიც პლეი ოფის საგზურს მიღმა ადგილია), უკვე 9 ქულას უგებს და დარჩენილი სამიდან ერთი თამაშის მოგება, პროგრამა-მინიმუმს მაქსიმალურად მიუახლოებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ “მონპელიე” ბოლო დროს საუკეთესო ფორმაშია, ამ გუნდს, გასული წლის მსგავსად, ფინალში თამაშისთვის ბრძოლა თავისუფლად შეუძლია. 
რაც შეეხება “ლიონს”, ის 30 ქულით ბოლო ადგილზე რჩება და სავარაუდოდ, Pრო D2-ში დაქვეითებას ვეღარ გადაურჩება, რადგან სამ ტურში 11-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა ძლიერ გაუჭირდება. 
ქართველ ლეგიონერთა გუნდებიდან ორს პირდაპირ ნახევარფინალში თამაში პრაქტიკულად განაღდებული აქვს. ესენი არიან: აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” და დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”. შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის პირველ-მეორეადგილოსნები, პირდაპირ ნახევარფინალში თამაშის უფლებას იღებენ, იქ მასპინძლის უფლებით სარგებლობენ და თანაც, ერთი კვირა ისვენებენ. იმ ერთ კვირაში, მესამე-მეექვსეადგილოსნები ერთმატჩიან დუელში დანარჩენი 2 ნახევარფინალისტის ვინაობას გაარკვევენ.
“ტულუზა” “პერპინიანს” უქართველებოდ ეწვია (გიორგაძეც და ბრეგვაძეც ტრავმირებული არიან) და 10:25 დამარცხდა. ტულუზელები ზედიზედ მეორედ, სულ კი, ბოლო ოთხიდან სამ შეხვედრაში დამარცხდნენ. შედეგად, მას ქულებით ზირაქაშვილის “კლერმონი” გაუტოლდა, რომელმაც ამ ტურში პლეი ოფისთვის მებრძოლი “სტად ფრანსე” 25:9 დაამარცხა. ტრავმამოშუშებული ქართველი პირველხაზელი, რომელმაც ერთი კვირის წინათ “ჰაინეკენის თასზე” დიდებული თამაში აჩვენა, ამჯერად მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა. როგორც ჩანს, მწვრთნელი მას სწორედ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის თამაშებისთვის ინახავს, თანაც, შიდა ასპარეზზე პროგრამა-მინიმუმი პრაქტიკულად შესრულებულია. 
“ტულუზას” და “კლერმონს” 78-78 ქულა აქვთ, უახლოეს მდევარს, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონს” 63 და დარჩენილ სამ თამაშში მისი აღმოფხვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. 
XXIII ტურში, “ტულონი” ბექა შეყლაშვილის “აჟენთან” უქულოდ დარჩა, რადგან 13:22 დამარცხდა, არადა, თავიდან 7:0 დაწინაურდა, ტაიმი კი, 10:9 მოიგო. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 53 წუთი ითამაშა, ხოლო შეყლაშვილი მოედანზე მატჩის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე გამოჩნდა. “ტულონის” სატურნირო მდგომარეობაზე უკვე ვთქვით, ხოლო “აჟენი” 48 ქულით მე-8 ადგილზეა და საპლეიოფო მე-6 ადგილს 11 ქულა აშორებს. 
59-59 ქულით, V-VI ადგილებზე “რასინგ მეტრო” და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” არიან, რომელმაც “ბორდოს” 44:20 აჯობა, მაგრამ პრემიალური ქულა ვერ მიითვალა. ეს იმიტომ, რომ მის ოთხ ლელოს მეტოქემ ორით უპასუხა. მასპინძლებმა ტაიმი 19:6 მოიგეს, მერე 30:6 დაწინაურდნენ და 55-ე წუთზე მოედანზე ფეიქრიშვილიც გამოჩნდა. ამის შემდეგ გუნდებმა ორ-ორი ლელო-გარდასახვა გაცვალეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. 
ევროთასებზე, ოღონდ “ჩელენჯ ქაფზე” აკეთებს აქცენტს დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის “ბრივი”, თუმცა, დასკვნით სამ ტურში Top 14-ში დასარჩენად გვარიანი ბრძოლა მოუწევს. “ბრივი” “რასინგ მეტროსთან” 19:40 დამარცხდა, ქართველი ლეგიონერებიდან განაცხადში მხოლოდ კაკოვინი იყო, რომელიც რეფერიმ 30-ე წუთზე სინბინით დასაჯა, ხოლო 49-ე წუთზე, მწვრთნელმა შეცვალა. “ბრივი” 42 ქულით მე-11 ადგილზე დაეშვა და გასავარდნ მე-13 საფეხურს მხოლოდ 4 ქულა აშორებს, თანაც, დარჩენილი სამიდან, 2 თამაში ლიდერ “ტულუზასთან” და “კლერმონთან” სტუმრად უწევს. სამაგიეროდ, შუალედში, მე-12 ადგილზე მყოფ “ბორდოს” მასპინძლობს და ამ თამაშის მოგება უსიკვდილოდ ესაჭიროება. 
Top 14-ის XXIV ტურის თამაშები 20-21 აპრილს გაიმართება. 
 
სატურნირო მდგომარეობა XXIII ტურის შემდეგ: 1. ტულუზა - 78, 2. კლერმონი - 78, 3. ტულონი - 63, 4. მონპელიე - 62, 5. კასტრი - 59, 6. რასინგ მეტრო - 59, 7. სტად ფრანსე - 53, 8. აჟენი - 48, 9. პერპინიანი - 44, 10. ბიარიცი - 43, 11. ბრივი - 42, 12. ბორდო - 41, 13. ბაიონი - 38, 14. ლიონი - 30.
 
ზურა ქსოვრელი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081608