თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის “პერიგო” მომავალი სეზონიდან კვლავ რანგით მესამე, ნახევრადპროფესიულ დივიზიონ ფედერალ 1-ში ითამაშებს. მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ქართველთა კლუბს მხოლოდ 36 ქულა აქვს, ბოლო, მე-16 ადგილზეა და მე-14 საფეხურს 15 ქულა აშორებს, რისი აღმოფხვრაც უკვე პრაქტიკულადაა შეუძლებელი.
XXVII ტურში “პერიგო” დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პოს” მასპინძლობდა. გადარჩენის იმედის შესანარჩუნებლად, “პერიგოს” უცილობლად მოგება სჭირდებოდა და მატჩის დამთავრებამდე 12 წუთით ადრე მიზანთანაც ახლოსაც იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გაძლო. პირველ ტაიმში პერიგოელთა ლელოს სტუმრებმა ორი ჯარიმითა და ერთი საოცარი არეკნით უპასუხეს - 5:9. დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, მასპინძლებმა მეორე ლელო გაიტანეს და დაწინაურდნენ. “პომ” 55-ე წუთზე ჯარიმიდან იხეირა, რაზეც მასპინძლებმა 63-ე წუთამდე ორი ზუსტი დარტყმით უპასუხეს - 16:12.
ბოლოსკენ “პერიგოს” დაღლა დაეტყო, 69-ე წუთზე შერკინება დაეშალა და საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. ზუსტ გარდასახვას 76-ე წუთზე ზუსტი ჯარიმაც მოყვა და სტუმრებმა 22:16 იმარჯვეს, ერთმა პრემიალურმა ქულამ კი, “პერიგოს” ვერაფრით უშველა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შუამარბი ზიბზიბაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. სასტარტოში დაიწყო თამაში მარგველაშვილმაც და შეუცვლელად გაისარჯა, ოღონდ, 67-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი სინბინში გაატარა, ხოლო დადუნაშვილი ბრძოლაში 52-ე წუთზე ჩაერთო. “პოს” ქართველები განაცხადში არ იყვნენ, ხოლო მათი გუნდი 77 ქულით მე-3 ადგილზეა და პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის.
შეგახსენებთ, რომ Pro D2-ის რეგულარული პირველობის გამარჯვებული გუნდი Top 14-ის საგზურს ავტომატურად იღებს, ხოლო მეორე-მეხუთეადგილოსნები მეორე საგზურისთვის პლეი ოფში იბრძვიან, ორი უსუსტესი კი, ფედერალ 1-ში ვარდება. პირველი ადგილი და სექტემბრიდან Top 14-ში თამაში უკვე გაინაღდა გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლმა”, რომელიც არც ამ ტურში მოეშვა და პლეი ოფისთვის მებრძოლი “ლა როშელი” 35:3 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო, მისი გუნდი კი, სატურნირო ცხრილს 100 ქულით ლიდერობს.
მარცხი განიცადა ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფმა ორმა ქართულმა გუნდმა. ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის “ორიაკი” “უაიონასთან” სტუმრად 12:29 დამარცხდა. ასეიშვილი განაცხადში არ იყო, ნაცარაშვილმა სრულად ითამაშა, დათუნაშვილმა კი, მოედანზე 70 წუთი გაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორეხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 30-ე წუთზე დასისხლიანების გამო 10 წუთით შეცვალეს და მე-40 წუთზე მოედანს დააბრუნეს. “ორიაკს” 52 ქულა აქვს, მე-11 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 11 ქულით უსწრებს, ასე რომ, ლიგაში დასარჩენად ერთი მოგებაც ყოფნის.
მსგავს სიტუაციაშია მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი”, რომელსაც ასევე 52 ქულა აქვს და “ორიაკს” დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. “ტარბი” გადარჩენისთვის მებრძოლ “ნარბონს” ეწვია და 14:29 დამარცხდა. ორივე ქართველი ლეგიონერი განაცხადში იყო და ბრძოლაში ერთდროულად, 55-ე წუთზე ჩაერთო. ამის შემდეგ მასპინძლებმა ერთადერთი ჯარიმის გატანაღა მოახერხეს და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა. Pro D2-ის მორიგი ტურის თამაშები 21-22 აპრილს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია