ამბები

15:45 | 18.04.2012 | ნანახია 4039 - ჯერ

7-ქალამ ოდესა წარმატებით მოიარა

საქართველოს შვიდქალა ნაკრებმა უკრაინის ქალაქ ოდესაში ოთხი ამხანაგური მატჩი გამართა. ქართველმა გოგონებმა ოთხი ჩატარებული მატჩიდან სამი მოიგეს და მხოლოდ ფინალში, უკრაინის პირველ ნაკრებთან დამარცხდნენ.
ქალთა ნაკრები ივნისში ბელგიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება, რომელიც ამავდროულად ევროპის ჩემპიონატიცაა. შეგახსენებთ, რომ ევროპის პირველობა სამ ჯგუფადაა დაყოფილი. 12 საუკეთესო ნაკრები Top12-ში თამაშობს, A ჯგუფში შემდეგი 12 გუნდი გამოდის, ხოლო B-ში საქართველოს გარდა კიდევ 9 მონაწილეა.
აღსანიშნავია, რომ შარშან, უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი თამაში წააგო (ნახევარფინალში) და მესამე დივიზიონში დარჩა, არადა, ზედა ჯგუფში ისეთი ნაკრებები ავიდნენ, რომელთაც საქართველოს ნაკრებო ობიექტურად ჯობია. წელს ევროპის A ჯგუფში აღზევებასთან ერთად, მიზანი 2013 წლის მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებაა. ორივე მიზნის მისაღწევად, B დივიზიონის ფინალში გასვლაა საჭირო. ორი საუკეთესო გუნდი გაისად ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში ითამაშებს, ხოლო მანამდე, 30 ივნისს და 1 ივლისს, მსოფლიო თასის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს, რომელსაც მომავალი მსოფლიო თასის მასპინძელი მოსკოვი მიიღებს. მასში ელიტარული დივიზიონის 12 გუნდი და A და B ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო თასზე ევროპის 5 საუკეთესო 7-ქალა ნაკრები გავა (რუსეთის ნაკრები, როგორც მასპინძელი, მსოფლიო თასზე შესარჩევის გვერდის ავლით ითამაშებს).
მანამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი პავლე ჯიმშელაძე უკრაინული ტურნეთი კმაყოფილი დარჩა: “ტრამვების გამო, ფინალში ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე დაგვაკლდა, რამაც უკრაინის პირველ ნაკრებთან განცდილ მარცხზეც დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენი ნაკრები საკმაოდ მოკრძალებულ B ლიგაში ასპარეზობს, ხოლო უკრაინისა და მოლდოვის ნაკრები გუნდები ქალთა უმაღლესი ლიგის - TOP 12-ის წევრები არიან. სასიხარულოა ის, რომ რეიტინგში ჩვენზე გაცილებით მაღლა მდგარ ნაკრებებთან თანაბარ დონეზე შეგვიძლია თამაში. არის ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა. ფიზიკური ფორმით კმაყოფილი ვარ, მოსამზადებლად დრო კიდევ გვაქვს. 17 მაისს ნაკრები რომში კიდევ ერთ საეთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. რომის ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს სარაგბო ნაკრებები იღებენ (7-კაცა და 7-ქალა). აღნიშნული ტურნირი კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპს უკეთ მომზადებულები შევხვდეთ. ვიმედოვნებ, არსებულ ხარვეზებს გამოვასწორებთ და სრულად შევძლებთ ჩვენი შესაძლებლობების წარმოჩენას”.
ევროპის B დივიზიონის თამაშები, 9-10 ივნისს ბელგიის ქალაქ გენტში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ფინეთის, ნორვეგიის, მალტისა და სერბეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო B ჯგუფში ჩეხეთი, ბელგია, პოლონეთი, ისრაელი და შოტლანდია მოხვდნენ. პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართება, მომდევნო დღეს კი, თითოეული ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები, ნახევარფინალებიდან ბრძოლას მსოფლიო თასის საგზურისთვის და ზედა დივიზიონში ასასვლელად გააგრძელებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079726