საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირის ქვსი თამაშიდან სამი დედაქალაქში, სამი კი, დასავლეთ საქართველოში გაიმართება. თამაშები ძველებურად, სამ-სამადაა გადანაწილებული და შაბათ-კვირას ისე შედგება, რომ თბილისელი გულშემატკივრები საინტერესო ბრძოლებს ორივე დღეს იხილავენ.
21 აპრილს II ჯგუფის ორი თამაშია დანიშნული და ორივე თბილისში გაიმართება. “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი “ლოკომოტივი”, თანაქალაქელ “ილიაუნის ჯიქებს” ეთამაშება. “ჯიქები” უმაღლესი ლიგის დებიუტანტები არიან, უძლიერესთა შორის თამაშის უფლება ბრძოლით მოიპოვეს და განვლილ ორ ტურშიც დაამტკიცეს, რომ მეტოქეთათვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნებიან. გუნდი ორგანიზებულად თამაშობს და ამის შედეგად, პირველ რაუნდში “ხარებთან” მხოლოდ 2 ქულით მარცხისთვის (11:13) პრემიალურ ქულას გამორჩა, ორი კვირის წინ კი, “ყოჩებთან” პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და 22:10 იმარჯვა.
რისი იმედი უნდა ჰქონდეს “ჯიქებს”, გამოცდილ “ლოკომოტივთან” ჯახში ნათლად გამოჩნდება, რადგან ეს გუნდი სხვა “წონითი კატეგორიისა” და ჩემპიონობისთვის იბრძვის. თემურ ბენდიაშვილის შეგირდებმა, ლიდერების გარეშეც იოლად იმარჯვეს საწყის ორ ტურში. მათ ჯერ “ყოჩები” დასცეს 48:22, მერე “თიბისის” აჯობეს 50:7 და ორივე შემთხვევაში ჩაიწერეს პრემიალური ქულა, რის გამოც “აიასთან” ერთად II ჯგუფს ლიდერობენ. თამაში 16:00 საათზე იწყება.
მეორე თამაში დიდ დიღომში, “ვისოლზეა” დანიშნული და მასში “თიბისი” რუსთავის “ხარებს” უმასპინძლებს. “თიბისიმ” უძლიერესთა შორის საგაზაფხულო ტურნირში თამაში პირველი ლიგის აღმოსავლეთ დივიზიონის მოგებით მოიპოვა, მაგრამ განვლილ ორ ტურში ჯერ “აიასთან” განადგურდა (71:0), ხოლო მერე “ლოკომოტივთან” (50:7). რუსთაველებმა პირველ ტურში “ჯიქებს” მცირედით ძლიეს (13:11), მერე “აიას” საკადრისი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს (13:32) და ახლა უნდა დაამტკიცონ, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშის ღირსნი არიან. ეს შეხვედრაც 16:00 საათზე იწყება.
II ჯგუფის III რაუნდის ბოლო მატჩს, 22 აპრილს ქუთაისი უმასპინძლებს და იქ “აია” მძიმე დღეში მყოფ “ყოჩებს” დაუხვდება. წელს რაგბის ქუთაისელ გულშემატკივრებს მათი საყვარელი გუნდის თამაშის ხილვის შანსი პირველად ეძლევათ და ალბათ, ტრიბუნებიც პირთამდე გაივსება. შარშანდელი სეზონის შემდეგ, “აიას” შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, გუნდი რამდენიმე ლიდერმა დატოვა, ახლა ახალი გუნდის შენება მიდის, რომელმაც სექტემბრიდან განახლებულ ჩემპიონატში წარმატებით უნდა იბურთაოს, თუმცა, ქუთაისელებმა საგაზაფხულო ტურნირიც კარგად დაიწყეს.
“აიამ” ჯერ მალთაყვაში “თიბისი” დაიბრიყვა და 71:0 გაანადგურა, მერე კი, “ხარებს” ავჭალაში 32:13 აჯობა. ორივე შემხვევაში ქუთაისელებმა პრემიალური ქულის აღებაც შეძლეს და იგივეს გაკეთებას ახლაც ეცდებიან, მით უმეტეს, რომ გადახალისების პროცესმა “ყოჩებიც” გვარიანად აზარალა, რომელსაც არც შარშან ულხინდა და 8 გუნდში ბოლო ადგილი დაიკავა, უმაღლეს ლიგაში კი, მხოლოდ იმის გამო დარჩა, რომ გუნდების რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. ახლა ამისათვის ბრძოლა მოუწევს, რაც ამ გუნდს აშკარად შეუძლია. “ყოჩები” პირველ რაუნდში “ლოკომოტივს” ებრძოლა, მაგრამ 22:48 დამარცხდა, მერე “ჯიქებს” ერთის წილ ორი ლელო გაუტანა, თუმცა, ბოლო ნახევარი საათის უპირატესობა ვერ გამოიყენა და 10:22 დამარცხდა. ამრიგად, ეს გუნდი ჯერ კიდევ უქულოდაა და სასწაულის მოხდენას ქუთაისი” დინამოს” სტადიონზე 17:00 საათიდან ეცდება.
I ჯგუფში, 21 აპრილს მხოლოდ ერთი თამაშია დანიშნული და მასში უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული “ბათუმი XV” თბილისის “ლელოს” უმასპინძლებს. ბათუმელები სეზონის წინ რამდენიმე მორაგბით გაძლიერდნენ, თურქეთში სეზონის წინ შეკრებაც გაიარეს, მაგრამ პირველ ორ ტურში გამარჯვების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, “ბათუმმა” ორივე შემთხვევაში მოახერხა პრემიალური ქულის აღება - “არმაზთან” (18:20) და “აკადემიასთან” (20:27) მცირე სხვაობებით დამარცხდა და არც ბევრი ლელოები გაუშვა.
ახლა ისინი გამარჯვების გემოს გახსენებას საკუთარ მოედანზე ეცდებიან, მაგრამ მეტოქედ “ლელო” ეყოლებათ, რომელმაც პირველ ტურში “ბაგრატი” 83:3 გაანადგურა, მერე კი, “აკადემიას” გადადებულ შეხვედრაში 28:11 აჯობა. მიუხედავად ამისა, ლევან მაისაშვილის გუნდი საკადრო პრობლემებს განიცდის, ტრავმებმა აზარალა და ეს ბათუმელებს შანსს აძლევს. “ლელომ” ორივე შემთხვევაში შეძლო მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა და პირველ ჯგუფში გალიდერდა, ახლა კი, 17:00 საათიდან ლიდერობის შენარჩუნებას ეცდება.
22 აპრილს უმაღლესი ლიგის გუნდთან პირველ საშინაო შეხვედრას გამართავს ქუთაისი “ბარატი”. ის ქუთაისი მახლობლად, ბროწეულაში (მესხეთი) თბილისის “არმაზს” უმასპინძლებს. ქუთაისის მეორე გუნდმა ორივე წინა თამაში დიდი სხვაობით წაგო (“არმიასთან” 13:82, “ლელოსთან” 3:83), მაგრამ ახლა საშინაო კედლების იმედიც ექნება და არც მეტოქეა წინამორბედთა მსგავსად მრისხანე. Iე, “არმაზი” რომ მებრძოლი გუნდია გასულ ტურშიც დადასტურდა, როცა ქვეყნის ჩემპიონ “არმიას” სამით მეტი ლელო არ გაატანინა და 17:32 დამარცხდა, მანამდე კი, ბათუმელებს 20:18 აჯობა. ეს შეხვედრა 15:00 საათზე იწყება.
გასულ ტურში პრემიალური ქულა ვერ აიღო “არმიამ” და ახლა ამ დანაკლისის შევსებას “ავჭალაზე”, 16:00 საათიდან “აკადემიასთან” ეცდება. არმიელებს ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ შემოკრებილი, მაგრამ “არმაზმა” დანარჩენებს მაგალითი მისცა და ახლა “აკადემიაც” ბოლომდე იბრძოლებს. აკადემიელები “ბათუმი XV”-ის დამარცხების შემდეგ, “ლელოს” გადადებულ მატჩში ებრძოლნენ, მაგრამ უქულოდ დარჩნენ, ახლა კი, ძალებს ქვეყნის ჩემპიონთან მოსინჯავენ და ეცდებიან დაამტკიცონ, რომ გასული წლის წარუმატებლობა, შემთხვევითობა იყო. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ქვეყნის ჩემპიონთან, აკადემიელები გასულ წლეულს ერთხელაც არ დამარცხებულან. პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა ფრედ 22:22 დასრულდა, ხოლო მეორე წრეში “აკადემიამ” 6:3 იმარჯვა.
2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
I ჯგუფი
III რაუნდი
21 აპრილი
ბათუმი. “ანგისა”. 17:00 საათი
ბათუმი XV (ბათუმი) - ლელო (თბილისი)
22 აპრილი
ქუთაისი. ბროწეულა (მესხეთი). 15:00 საათი
ბაგრატი (ქუთაისი) - არმაზი (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 16 საათი
აკადემია (თბილისი) - არმია (თბილისი)
1. ლელო (თბილისი) 2 2 0 0 111-14 10
2. არმია (თბილისი) 2 2 0 0 114-30 9
3. აკადემია (თბილისი) 2 1 0 1 38-48 4
4. არმაზი (თბილისი) 2 1 0 1 37-50 4
5. ბათუმი XV (ბათუმი) 2 0 0 2 38-47 2
6. ბაგრატი (ქუთაისი) 2 0 0 2 16-165 0
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
არმაზი - ლელო
ბათუმი XV - არმია
ბაგრატი - აკადემია
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
არმია - ლელო
ბათუმი - ბაგრატი
არმაზი - აკადემია
II ჯგუფი
III რაუნდი
21 აპრილი
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი
ჯიქები (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
თბილისი. “ვისოლი”. 16:00 საათი
თიბისი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
22 აპრილი
ქუთაისი. “დინამო”. 17:00 საათი
აია (ქუთაისი) - ყოჩები (თბილისი)
1. აია (ქუთაისი) 2 2 0 0 103-13 10
2. ლოკომოტივი (თბილისი) 2 2 0 0 98-29 10
3. ილიაუნი ჯიქები (თბილისი) 2 1 0 1 33-23 5
4. ხარები (რუსთავი) 2 1 0 1 26-43 4
5. ყოჩები (თბილისი) 2 0 0 2 32-70 0
6. თიბისი (თბილისი) 2 0 0 2 7-121 0
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
ლოკომოტივი - ხარები
ჯიქები - აია
ყოჩები - თიბისი
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
აია - ლოკომოტივი
თიბისი - ჯიქები
ყოჩები - რუსთავი
12-13 და 19-20 მაისი. ორმატჩიანი ნახევარფინალები
I ჯგუფის გამარჯვებული - II ჯგუფის მეორეადგილოსანი
II ჯგუფის გამარჯვებული - I ჯგუფის მეორეადგილოსანი
26 ან 27 მაისს ფინალი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია