უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა თბილისის “ჯიქებმა”, რომლის შემადგენლობაც მთლიანად ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ თბილისის “ლოკომოტივს” დიდი წინააღმდეგობა გაუწია, 0:15-ის შემდეგ, 13 უპასუხო ქულა მიითვალა და მოგებაც შეეძლო, მაგრამ ამის მისაღწევად გამოცდილება არ ეყო.
აღდგომის შემდეგ, წესითა და რიგით, თამაშები ბუნებრივსაფარიან მოედანზე უნდა გამართულიყო, მაგრამ მორაგბეები ისევ ხელოვნურ საფარზე შეუშვეს, რომელსაც სიცხისაგან ისეთი კაუჩუკის სუნი ასდიოდა, მაყურებლებში აღწევდა და ადვილი წარმოსადგენია, მოედანზე რა ხდებოდა, განსაკუთრებით რაქების დროს. იმედია, მომავალი ტურისთვის სიტუაცია შეიცვლება და გუნდებს ბუნებრივ მოედნებზე შეუშვებენ, თორემ სიცხე კიდევ უფრო გაძლიერდება და მორაგბეთა ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება. და ერთიც - აგერ უკვე ამდენი წელია, ოქმის შედგენა დიდ სირთულედ იქცა, შეცვლების განხორციელებამ გამართული სახე ვერ მიიღო და ამის გამო, ამჯერად მხოლოდ სასტარტო შემადგენლობებს შემოგთავაზებთ.
“ლოკომოტივს” ამ თამაშისთვის ზვიად მაისურაძე და გივი ბერიშვილი დაუბრუნდნენ, რაც დიდი ძალაა და თამაშიც მათი იერიშებით დაიწყო. “ჯიქები” მაგრად დადგნენ, 15 წუთი მეტოქე საკუთარ 22-ს არ გააკერეს, მერე “ლოკომოტივმა” ჯარიმით ნაღდი სამი ქულის აღება გადაწყვიტა და ვახტანგ კავთიძემ კარის გასწვრივ 30 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა. “ჯიქებმა” საპასუხო დარტყმის განხორციელება გადაწყვიტეს, შედეგს ვერ უწიეს, მერე “ლოკომოტივმა” იქით შეუტია, რაქიდან სწრაფად გაჰქონდა ბურთი, მცველები გადაწყობას ვერ ასწრებდნენ, გიორგი კობერიძემ ხაზი გაჭრა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, ხოლო კავთიძემ რეალიზაცია გამოიყენა - 10:0.
ამ პერიოდისთვის “ლოკომოტივის” უპირატესობა ძალაში საგრძნობი გახდა, შერკინებაში ისინი მეტოქეს მაგრად ჯაბნიდნენ, მაგრამ გახსნილ თამაშში “ჯიქები” თავგანწირვის ხარჯზე მეტოქის შეჩერებას ახერხებდნენ. 31-ე წუთზე, “ლოკომოტივმა” კონტრშეტევა წამოიწყო, მარჯვენა ფლანგზე რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა და გიორგი ბიწაძეს ბურთი რომ დაემორჩილებინა, ლელო გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ მას ის ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში წინ დაუვარდა. სამიოდე წუთში “ლოკომოტივმა” ლელო მაინც გაიტანა, როდესაც 5 მეტრში კარგი მოლი დააყენა და ბურთი “ჯიქების” ჩათვლის მოედანზე ლევან ზარიძემ დაამიწა.
რეალიზაცია არაზუსტი იყო და ანგარიში 15:0 დარჩა, რის შემდეგაც “ჯიქების” ჯერი დადგა. 38-ე წუთზე გიორგაძემ დაახლოებით 38 მეტრიდან არეკნი ზუსტად დაჰკრა, მერე სალელოვედ შეუტია, მაგრამ ჩათვლის მოედნიდან ერთ მეტრში, მეტოქის დაცვა ვეღარ გაარღვია, მერე ბურთის ხაზზე გაშლა გადაწყვიტა და შანსი გაანიავა. მეორე ტაიმი კვლავ “ჯიქების” მასირებული შეტევით დაიწყო, მათ ორჯერ მიეცათ ხელსაყრელი სიტუაციიდან ჯარიმის შესრულების შესაძლებლობა, კარში დარტყმის ნაცვლად, ბურთი აუტში გაიტანეს, მერე შერკინება ირჩიეს, საბოლოოდ, ბურთი სწრაფად გაათამაშეს და გიორგი ბაბუნაურმა ლელო გაიტანა, ხოლო გიორგაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
ამან “ლოკომოტივი” არია, 52-ე წუთზე რეფერიმ “ჯიქების” შემადგენლობაში შეცვლაზე შესული კამიკაძე რაქში ბურთზე თამაშისთვის დააჯარიმა და ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ “ლოკომოტივმა” კარში დარტყმის ნაცვლად მეტობის გამოყენება და ლელოს გატანა ისურვა, მიზანს ვერ მიაღწია და 59-ე წუთზე დიმიტრი კალანდაძემ ჯარიმით სხვაობა სარაგბო საზომებით მინიმუმამდე დაიყვანა - 13:15. სათამაშო უპირატესობა ძირითადად “ჯიქების” მხარეს იყო, რასაც გივი ბერიშვილის სინბინი მოყვა, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა ამჯერადაც გამოუყენებელი დარჩა.
მოედანზე დაბრუნებულმა ბერიშვილმა კარგი შეტევა წამოიწყო და ლელო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა, “ჯიქებმა” თავი დაიცვეს, ოღონდ, კლიმიაშვილი სინბინით დაისაჯა. კაცნაკლულ “ჯიქებს” ბოლოს გამარჯვება მაინც შეეძლოთ, რადგან უკანასკნელ წუთებზე დაახლოებით 40 მეტრიდან ორჯერ მიიღეს ჯარიმის შესრულების უფლება, მათდა სამწუხაროდ, ორივე დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა და 13:15 დამარცხდნენ, რითაც მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ.
მეორე ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში, რუსთავის “ხარებმა” “თიბისი” 41:7 გაანადგურეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს აქტივში, ხოლო პირველ ჯგუფში, თბილისის “ლელომ” ბათუმში მასპინძლებს დაძაბულ ბრძოლაში 25:21 აჯობა. “ლელომ” სამით მეტი ლელო ვერ გაიტანა და პრემიალური ქულის ამარა დარჩა, “ბათუმი XV”-მა კი, სამივე თამაში მცირე სხვაობით დათმო და სამი პრემიალური ქულა მიითვალა.
2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
I ჯგუფი
III რაუნდი
21 აპრილი
ბათუმი. “ანგისა”.
ბათუმი XV (ბათუმი) - ლელო (თბილისი) 21:25
22 აპრილი
ქუთაისი. ბროწეულა (მესხეთი). 15:00 საათი
ბაგრატი (ქუთაისი) - არმაზი (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 16 საათი
აკადემია (თბილისი) - არმია (თბილისი)
1. ლელო (თბილისი) 3 3 0 0 136-35 14
2. არმია (თბილისი) 2 2 0 0 114-30 9
3. აკადემია (თბილისი) 2 1 0 1 38-48 4
4. არმაზი (თბილისი) 2 1 0 1 37-50 4
5. ბათუმი XV (ბათუმი) 3 0 0 1 59-72 3
6. ბაგრატი (ქუთაისი) 2 0 0 2 16-165 0
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
არმაზი - ლელო
ბათუმი XV - არმია
ბაგრატი - აკადემია
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
არმია - ლელო
ბათუმი - ბაგრატი
არმაზი - აკადემია
II ჯგუფი
III რაუნდი
21 აპრილი
თბილისი. “შევარდენი”. 100 მაყურებელი
ჯიქები (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 13:15 (3:15)
ჯიქები (ძირითადი შემადგენლობა): 15. შერმაზანაშვილი, 14. კალანდაძე, 13. ბერძული, 12. ბუბუნაური, 11. ხარაზიშვილი, 10. გიორგაძე, 9. კლიმიაშვილი; 1. ყავლაშვილი, 2. ოქრომელიძე, 3. ოქრიაშვილი, 4. შენგელია, 5. გოგოლაძე, 6. მირცხულავა, 7. მორჩაძე, 8. ცირეკიძე.
1 ლელო: ბაბუნაური
1 გარდასახვა: გიორგაძე
1 ჯარიმა: კალანდაძე
1 არეკნი: გიორგაძე
2 სინბინი: კამიკაძე, კლიმიაშვილი
ლოკომოტივი (ძირითადი შემადგენლობა): 15. კობერიძე, 14. ბიწაძე, 13. ჭურღულია, 12. ქავთარაძე, 11. ჟამუტაშვილი, 10. კავთიძე, 9. ღვინჯილია; 1. გასვიანი, 2. ზარიძე, 3. ვეფხვაძე, 4. გუნიავა, 5. გუჯარაიძე, 6. ახვლედიანი, 7. ბერიშვილი, 8. მაისურაძე.
2 ლელო: კობერიძე, ზარიძე
1 გარდასახვა: კავთიძე
1 ჯარიმა: კავთიძე
1 სინბინი: ბერიშვილი
თბილისი. “ვისოლი”.
თიბისი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 7:41
22 აპრილი
ქუთაისი. “დინამო”. 17:00 საათი
აია (ქუთაისი) - ყოჩები (თბილისი)
1. ლოკომოტივი (თბილისი) 3 3 0 0 113-42 14
2. აია (ქუთაისი) 2 2 0 0 103-13 10
3. ხარები (რუსთავი) 3 2 0 1 67-50 9
4. ილიაუნი ჯიქები (თბილისი) 3 1 0 2 46-38 6
5. ყოჩები (თბილისი) 2 0 0 2 32-70 0
6. თიბისი (თბილისი) 3 0 0 3 14-162 0
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
ლოკომოტივი - ხარები
ჯიქები - აია
ყოჩები - თიბისი
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
აია - ლოკომოტივი
თიბისი - ჯიქები
ყოჩები - რუსთავი
12-13 და 19-20 მაისი. ორმატჩიანი ნახევარფინალები
I ჯგუფის გამარჯვებული - II ჯგუფის მეორეადგილოსანი
II ჯგუფის გამარჯვებული - I ჯგუფის მეორეადგილოსანი
26 ან 27 მაისს ფინალი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია