ამბები

14:42 | 22.04.2012 | ნანახია 1701 - ჯერ

“ბრივმა” საქმე გაირთულა

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის “ბრივი”, გასავარდნ ზონას მაქსიმალურად მიუახლოვდა და თუ სიტუაცია სასწრაფოდ არ გამოასწორა, მომავალ წელს ქვედა ლიგაში მოუწევს თამაში.
“ბრივი” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს და მიმდინარე გათამაშების ლიდერ “ტულუზას” ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც 2 პირველხაზელი - აქვსენტი გიორგაძე და ჯაბა ბრეგვაძე - ირიცხებიან, მაგრამ ორივე ტრავმირებულია და ამის გამო, ერთმანეთის პირისპირ ქართველი ლეგიონერები ვერ დადგნენ. სტუმართა განაცხადში არ იყო ნატრიაშვილი; ხინჩაგიშვილმა, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს, მოედანზე მხოლოდ 10 წუთი გაატარა, როდესაც ტრავმირებული თანაგუნდელი 52-ედან 62-ე წუთამდე შეცვალა; კაკოვინი კი, ვინაც მომავალი წლიდან სწორედ “ტულუზაში” ითამაშებს, სრულად გაისარჯა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
საუკეთესო დაცვის მქონე გუნდისთვის სპეციალური პრიზი რომ არსებობდეს, მას აუცილებლად “ბრივი” მიიღებდა, რომელიც წლეულს დიდი ანგარიშით თითქმის არ მარცხდება და მცირე სხვაობით წაგებისთვის, ერთი პრემიალური ქულის აღებასთან ახლაც ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ უქულოდ დარჩა. არადა, გუნდმა ახლაც ბოლომდე იბრძოლა და ლიდერთან, მისი 18500 გულშემატკივრის წინაშე, კარგი თამაში აჩვენა.
მასპინძელთა ორ ლელოს, სტუმრებმა შესვენებამდე ორითვე უპასუხეს და ტაიმი 18:15 მოიგეს. შემდეგ მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ 56-ე წუთისთვის, “ბრივმა” ანგარიში გაათანაბრა - 21:21, თუმცა, ორ წუთში ისევ მდევრის როლში აღმოჩნდნენ. დასკვნით ათ წუთში “ბრივმა” კიდევ 2 ჯარიმა გაუშვა და საბოლოოდ 21:30 დამარცხდა.
“ტულუზას” 82 ქულა მოუგროვდა და “კლერმონთან” პირველ ადგილს იყოფს, “ბრივს” კი, 42 ქულა დარჩა, იმდენივე, რამდენიც “ბაიონმა” მოაგროვა და მასზე ზევით, მე-12 საფეხურზე მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით დარჩა.
შეგახსენებთ, რომ Top 14-ს, რეგულარული პირველობის შედეგად ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი ტოვებს. ახლა “ბრივს” “ჩელენჯ ქაფის” ნახევარფინალი ელის “ბიარიცთან”, მერე შიდა ჩემპიონატში “ბორდოს” მასპინძლობს, დასკვნით ტურში კი, “კლერმონს” სტუმრად ეთამაშება.
საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის კიდევ ერთმა ლიდერმა, დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის “მონპელიე” 22:9 დაამარცხა.
გორგოძეს მცირე ტრავმა აწუხებს და განაცხადში არ იყო, განაცხადში ვერ მოხვდნენ ნარიაშვილი და შველიძე, ხოლო ჟღენტმა და ზირაქაშვილმა თამაში ძირითადში დაიწყეს. “კლერმონის” პირველხაზელმა მოედანზე 50 წუთი გაატარა, ხოლო “მონპელიეს” ბურჯმა - 62.
მატჩის დებიუტში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე ბრუკ ჯეიმსმა საოცარი არეკნი შეასრულა და მასპინძლებმა ტაიმი 6:3 მოიგეს. წონასწორობა მე-2 ნახევრის დასაწყისში აღდგა, “კლერმონი” 2 ჯარიმით 54-ე წუთისთვის დაწინაურდა, ორ წუთში “მონპელიემ” ერთხელაც შეამცირა სხვაობა, მერე კი, მასპინძლებმა ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაიტანეს და 22:9 იმარჯვეს.
“კლერმონს”, როგორც ზემოთ ვთქვით, “ტულუზას” მსგავსად, 82 ქულა აქვს, ხოლო “მონპელიე” 62 ქულით მე-4 საფეხურს ინარჩუნებს.
პლეი ოფში მოსახვედრად მებრძოლი ქართველი ლეგიონერების კიდევ ორმა გუნდმა, გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა”, ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრს” უმასპინძლა და გამარჯვება ხელიდან გაუშვა.
31-ე წუთისთვის, ტულონელები 26:6-ს იგებდნენ და 3 უპასუხო ლელოც გატანილი ჰქონდათ, მაგრამ უპირატესობა გაანიავეს და პრემიალურ ქულას ვინ ჩივის, ვეღარც გაიმარჯვეს.
“კასტრმა” ერთი ლელო-გარდასახვა შესვენებამდე გაიტანა და ტაიმი 25:13 დასრულდა, 63-ე წუთისთვის კი, სტუმრებმა კიდევ 4 ჯარიმა მიითვალეს და შეხვედრის საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 25:25.
ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ქუბრიაშვილმა მიიღო, რომელიც შეცვლაზე 71-ე წუთზე შევიდა.
“ტულონი” 65 ქულით მე-3 ადგილზეა და პლეი ოფში მოსახვედრად ორიდან ერთი თამაშის მოგება ეყოფა, ხოლო “კასტრი” 61 ქულით მეხუთეა და მთავარი ბრძოლები წინ ელის.
პლეი ოფში მოხვედრის თეორიული შანსი დაკარგა ბექა შეყლაშვილის “აჟენმა”, რომელიც სტუმრად “ბორდოსთან” 15:29 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი ბრძოლაში 69-ე წუთზე ჩაერთო და ხუთ წუთში სინბინით დაისაჯა. “აჟენი” 48 ქულით მე-8 ადგილზე დარჩა და ბოლო ორ ტურში მე-6 ადგილს ვეღარ შესწვდება.
გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის “ლიონმა”, საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ “ბაიონის” დამარცხება ვერ მოახერხა და თოპ 14-ს რეგულარული პირველობის დასრულებამდე 2 ტურით ადრე დაემშვიდობა.
დაძაბული თამაშის პირველი ტაიმი ლიონელებმა 19:7 მოიგეს, მაგრამ მე-2 ნახევრის საწყის 8 წუთში 10 ქულა მიიღეს, ხოლო თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ჯარიმა გაუშვეს და 19:20 დამარცხდნენ.
პრემიალური ქულა “ლიონს” არაფრად არგია, რადგან 31 ქულით ბოლო ადგილზე რჩება და მე-12 საფეხურს 11 ქულით ჩამორჩება.
“ბაიონის” წინააღმდეგ, კავთიძემ შეცვლაზე 56-ე, ხოლო რატიანიძემ 66-ე წუთიდან ითამაშა.
მომავალ უქმეებზე, 5 ფრანგული კლუბი ევროთასების ნახევარფინალში ითამაშებს - “კლერმონი” “ჰაინეკენის თასზე”, “ბიარიცი”, “ბრივი”, “ტულონი” და “სტად ფრანსე” კი, “ჩელენჯ ქაფზე”; თოპ 14-ის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები კი, 4-5 მაისსაა დანიშნული.  
სატურნირო მდგომარეობა XXIII ტურის შემდეგ: 1. ტულუზა - 82, 2. კლერმონი - 82, 3. ტულონი - 65, 4. მონპელიე - 62, 5. კასტრი - 61, 6. რასინგ მეტრო - 59, 7. სტად ფრანსე - 57, 8. აჟენი - 48, 9. ბიარიცი - 47, 10. პერპინიანი - 45, 11. ბორდო - 45, 12. ბრივი - 42, 13. ბაიონი - 42, 14. ლიონი - 31.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081055