ამბები

15:54 | 23.04.2012 | ნანახია 1780 - ჯერ

“ორიაკმა” და “ტარბმა” Pro D2 დაიბევეს

ქართველი ლეგიონერების გუნდებემა - “ორიაკმა” და “ტარბმა”, მომავალი სეზონიდან საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში თამაშის უფლება შეინარჩუნეს.

რეგულარული პირველობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ორივე მათგანმა ქულათა ის მარაგი მოაგროვეს, რომ დარჩენილ მატჩებში აღარაფრის საფრთხე არ ელოდებათ. ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის “ორიაკი” Top 14-ის საგზურისთვის მებრძოლ “დაქსს” დაუხვდა და 26:14 დაამარცხა. დათუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, სასტარტოში დაიწყო თამაში და 63-ე წუთზე შეცვალეს ნაცარაშვილი, ხოლო ასეიშვილი ბრძოლაში 50-ე წუთზე ჩაება.

მასპინძლებმა მე-10 წუთზე ჯარიმა გაუშვეს, ორიოდე წუთში, მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში მოლი დააყენეს და ლელო გაიტანეს. ტაიმის დამთავრებამდე გუნდება ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს და შესვენებაზე გასვლისას “ორიაკი” 11:9 იგებდა. მეორე ნახევარის 25 წუთში მასპინძლებმა ხუთი ჯარიმა გაიტანეს და 26:9 დაწინაურდნენ, 71-ე წუთზე კი, ლელო მიიღეს, მაგრამ ამან არაფერი შეცვალა. “ორიაკს” 11 მოგებით, 2 ფრითა და 15 მარცხით 56 ქულა მოუგროვდა, მე-11 პოზიციაზეა და გასავარდნ მე-15 ადგილს უკვე 15 ქულა აშორებს.

56 ქულა აქვს, ოღონდ 12 მოგებითა და 16 მარცხით, მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბს”, რომელმაც “ოში” წვიმიან ამინდში, დაძაბულ ბრძოლაში 32:22 დაამარცხა. მაგრაქველიძე თამაშში 56-ე, ხოლო მირცხულავა 69-ე წუთზე ჩაება. 33-ე წუთზე, “ოშის” მორაგბე წითელი ბარათით დაისაჯა, პირველი ტაიმი კი, “ტარბმა” 16:15 მოიგო. 56-ე წუთისთვის ანგარიში 26:22 იყო, მერე საქმეში ქართველი ლეგიონერები ჩაერთვნენ და სტუმრები 70-ე წუთზე შერკინებაში, ხოლო ბოლო წუთზე რაქში დაჯარიმდნენ - 32:22.

გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლმა”, რომელსაც Pro D2-ში პირველი ადგილი და Top 14-ის საგზური უკვე განაღდებული აქვს, ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი “ბეზიე” 47:15 გაანადგურა (რის შემდეგაც “ბეზიეს” გადარჩენის იმედი აღარ დარჩა), მაგრამ 22 წლის ქართველი განაცხადში არ იყო. “გრენობლმა” პრემიალური ქულაც მიითვალა და 105 ქულით პირველ ადგილზეა. ქართველების გარეშე ითამაშა და “ლა როშელთან” 6:13 დამარცხდა დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პო”. “პო” Top 14-ში ასასვლელ პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის, რომელშიც რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, მეორე-მეხუთეადგილოსნები ჩაებმებიან. ქართველთა გუნდს ახლა 78 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა, 3 ქულით ჩამორჩება მეორეზე მყოფ “ლა როშელს” და 3 ქულით უსწრებს მე-6-ადგილოსან “მონ-დე-მარსანს”.

ფედერალ 1-ში გავარდნილი, თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის “პერიგო” “მონ-დე-მარსანს” დაუხვდა, 19:27 დამარცხდა და გალახულიც დარჩა. ზიბზიბაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, მარგველაშვილი ბრძოლაში 36-ე წუთიდან ჩაება, ხოლო დადუნაშვილი მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა და 79-ეზე ჩხუბისთვის წითელი ბარათით დაისაჯა. სულ ჩხუბისთვის რეფერიმ ორივე გუნდიდან ორ-ორი მორაგბე გააძევა. ტაიმი სტუმრებმა 19:3 მოიგეს, მერე მასპინძლებმა სამი ჯარიმა გაიტანეს და ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანეს, რასაც 55-ე წუთზე პირველი დიდი ჩხუბი მოყვა (მანამდე მცირე შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა). 68-ე წუთზე “პერიგო” უკვე მხოლოდ 19:22 აგებდა, მაგრამ 78-ე წუთზე ლელო გაუშვა და ცხადი გახდა, რომ მატჩის გადარჩენას ვეღარ შეძლებდა. განახლდა თუ არა თამაში, მეორე დიდი ჩხუბი ატყდა, რომელიც დადუნაშვილმა წამოიწყო, მას ყველაზე აქტიურად ზიბზიბაძე გამოექომაგა, რომელიც ოთხმა მოწინააღმდეგემ დაიმარტოხელა და როდესაც თანაგუნდელები უკვე მას მიეშველნენ, სამკურნალო გახდა. მოკლედ, რეალურად არაფრისმომცემ მატჩში “პერიგოს” მორაგბეებმა ორთქლი გამოუშვეს, მაგრამ მეტოქისგან მუშტი საკმარისად მიიღეს (ვიდეო იხილიეთ http://www.lnr.fr/video-j28-perigueux-mont-de-marsan-19-27,1668.html-ზე)...

“პერიგო” 36 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა, Pრო D2-ის რეგულარული პირველობის ბოლოსწინა ტური კი, 28-29 აპრილს გაიმართება.
 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087691