ამბები

11:35 | 24.04.2012 | ნანახია 1702 - ჯერ

ფედერალ 1-ის პლეი ოფში ხუთი “ქართული” გუნდი ითამაშებს

საფრანგეთის მორაგბეთა რანგით მესამე, ნახევრად პროფესიულ ფედერალ 1-ში, რეგულარული გათამაშება დასრულდა. თავიანთ ჯგუფებში ოთხეულში გააღწიეს და Pro D2-ის საგზურისთვის პლეი ოფში ბრძოლას ქართველი ლეგიონერების ხუთი გუნდი გააგრძელებს.

აქედან სამი მოწინავე ოთხეულში პირველ ჯგუფში მოხვდა. შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის “მასიმ” დავით ბოლღაშვილის “ლილს” პირველობა ბოლო ტურში ჩამოართვა, თუმცა, პლეი ოფში ორივე გუნდი გავიდა. ეს გუნდები ერთურთს დასკვნით ტურში, “მასის” მოედანზე დაუპირისპირდნენ, რომელმაც მანამდე “ნევერთან” გამოტოვებული შეხვედრა გამართა და 17:24 დამარცხდა, რისთვისაც ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა და ეს ერთი ქულა გადამწყვეტი აღმოჩნდა.

დასკვნით მატჩში “მასიმ” “ლილს” 30:21 აჯობა, თავად 4 ქულა მიიღო, მეტოქე უქულოდ დატოვა და ჯამში 67 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, “ლილი” კი, 66 ქულით მეორე ადგილს დასჯერდა. ბოლღაშვილი და კობაური განაცხადში ვერ მოხვდნენ, ხოლო სუთიაშვილი და აშვეთია სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. პირველხაზელმა აშვეთიამ მოედანზე 50 წუთი გაატარა, სუთიაშვილმა 69 წუთი ითამაშა. “ლილი” 23-ე წუთისთვის 15:10 იგებდა, მაგრამ ტაიმი “მასის” 2-ქულიანი უპირატესობით დასრულდა - 17:15. მეორე ნახევრის დასაწყისში მასპინძლებმა ლელო-გარდასახვა გაიტანეს, მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, “ლილმა” 70-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ბოლო წუთზე “მასიმ” პირველი ადგილის მომტანი ჯარიმა თავადაც გაიტანა.

პლეი ოფის პირველ ეტაპზე “მასი” და “ლილი” მესამე ჯგუფის მესამე-მეოთხედგილოსნებს ხვდებიან. 29 აპრილს “მასი” პირველ მატჩს “ლანგონთან” სტუმრად გამართავს, ხოლო “ლილი” “ლავორს” ეწვევა, 6 მაისს კი, საკუთარ მოედანზე საპასუხო თამაშებს გამართავენ.

ბოლო ტურში უნდა გადაწყვეტილიყო, პლეი ოფის საგზურს შოთა მელიქიძის “მაკონი” მიიღებდა თუ ელიზბარ ყუფარაძის “მონლუსონი”. “მაკონმა” დაძაბულ მატჩში სტუმრები 29:25 დაამარცხა და პლეი ოფში III ჯგუფის პირველადგილოსან “კოლომიერს” შეხვდება. ერთგვარ ფინალში მელიქიძეს მონაწილეობა არ მიუღია, ყუფარაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ 50-ე წუთზე ანგარიში 20:20 გახდა. მერე “მაკონმა” სამი ჯარიმა გაიტანა და “მონლუსონმა” ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი მხოლოდ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. “მონლუსონი” მე-4 ადგილზე 54 ქულით გავიდა, ხოლო “მონლუსონმა” მასზე 3 ქულით ნაკლები დააგროვა.

პირველ ჯგუფში, ქართველი ლეგიონერების სხვა გუნდების შეხვედრებში, გიორგი მჭედლიშვილის “დიჟონმა” “სტრასბური” სტუმრად 15:13 დაამარცხა და 49 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა. ქართველ ლეგიონერს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ავთანდილ კოპალიანისა და შოთა საყვარელიძის “ორლეანმა” რევაზ გიგაურის, დიმიტრი ხოჭოლავასა და ნიკოლოზ გიორგაძის “ბულონი” სტუმრად 43:12 დაამარცხა და აუტსაიდერთა ქართულ დერბიში ქართული ლელოც გავიდა. “ბულონის” შემადგენლობაში ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ, “ორლეანის” სასტარტოში იყო და 22-ე წუთზე ლელო გაიტანა შერკინების შემკვრელმა საყვარელიძემ, რომელმაც მოედანზე 52 წუთი გაატარა, ხოლო კოპალიანი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო. “ორლეანი” 21 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა, ხოლო უქულო “ბულონი”, რომელმაც 18 მატჩში ერთი პრემიალური ქულაც ვერ აიღო (7 ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის), ბოლო საფეხურზე დარჩა.

მეორე ჯგუფიდან პლეი ოფის საგზური მხოლოდ გია ლაბაძის, ვახტანგ მაისურაძისა და რევაზ ბელქანიას “ლა სეინმა” მოიპოვა. გადადებულ მატჩში “ლა სეინი” გიორგი კუთარაშვილის “შატორენართან” 13:19 დამარცხდა, ერთი პრემიალური ქულა მიითვალა და მდევარზე წინ დასკვნითი მატჩის წინ სწორედ ამ ერთი ქულით აღმოჩნდა. დასკვნით მატჩში “ლა სეინმა” პლეი ოფოს საგზურის მფლობელ “კასტანეს” უმასპინძლა, 22:5 დაამარცხა და რადგან ამ ტურში პრემიალური ქულა მის მსგავსად მდევარმაც ვერ აიღო, მე-4 ადგილი შეინარჩუნა. “კასტანეს” წინააღმდეგ არ უთამაშია ლაბაძეს, სამაგიეროდ, მოედანს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული მაისურაძე, რომელიც შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა. 67-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ბელქანიამაც.

“ლა სეინმა” 18 თამაშში 51 ქულა დააგროვა და ერთი ქულით აჯობა ირაკლი ნინიძის “რომანს”, რომელმაც დასკვნითი ხუთი თამაში მოიგო, მაგრამ საბოლოო წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლო ტურში “რომანმა” ირაკლი მაჩხანელის “სენტ-ეტიენი” 30:18 დაამარცხა, მაგრამ პრემიალური ქულის გარეშე დარჩა, რადგან სამის წილ პასუხად ორი ლელო მიიღო. სტუმართა რიგებში სრულად ითამაშა მაჩხანელმა, ხოლო ნინიძე შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტისთვის ანგარიში 13:13 იყო და მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა ქართველის მოედანზე გამოჩენის შემდეგ მოიპოვეს. “რომანზე” უკვე ვთქვით და “სენტ-ეტიენმა” 37 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა.

37 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილს დასჯერდა დავით კაჭარავასა და ირაკლი მაღალდაძის “ნიცა”, რომელმაც ბოლო ტურში აუტსაიდერი “პოსეენი” 36:17 დაამარცხა. კაჭარავამ სრულად ითამაშა, მაღალდაძე განაცხადში არ იყო. თემურ გელანტიას “ნიმმა” კუთარაშვილის “შატორენარს” 14:10 აჯობა და თავად 24 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილს დასჯერდა, “შატორენარმა” კი, 34 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა. ქართველ ლეგიონერებს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მესამე ჯგუფში მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ოზგებაშვილისა და გიორგი გაბელიას “სენ-ჟუნიენმა” თავისი შანსისთვის ბოლომდე იბრძოლა, პლეი ოფის საგზურის მფლობელი “ვანი” სტუმრად 16:8 დაამარცხა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონკურენტებმაც იმარჯვეს და საბოლოოდ ქართველ ლეგიონერთა გუნდი 41 ქულით მე-6 ადგილს დასჯერდა. ხსენებულ მატჩში საკუთარი გუნდის 16-ივე ქულა საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა მიითვალა.

“მეკო” სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. მან მეტოქის მიერ პირველ წუთზე გატანილ ლელოს მე-4 და 29-ე წუთებზე ორი ჯარიმით უპასუხა, თუმცა, შესვენებამდე 3 წუთით ადრე, ჯარიმა “ვანმაც” გაიტანა და ტაიმი მასპინძლებმა 8:6 მოიგეს. თამაშის განახლებიდან 8 წუთში კვირიკაშვილმა ლელო გაიტანა (მე-2 ლელო მიმდინარე სეზონში), რეალიზაცია გამოიყენა, ხოლო 57-ე წუთზე გატანილი ჯარიმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 16:8. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა შერკინების მეორე ხაზში ჩხაიძემ, ოზგებაშვილი მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო 20 წლის გაბელიას “სენ-ჟუნიენში” და ფედერალ 1-ში 2-წუთიანი დებიუტი ჰქონდა.

მეოთხე ჯგუფში ოთხმატჩიანი წაგებათა სერია დასკვნით ტურში შეწყვიტა დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის “ვალანს დაჟენმა”, რომემაც “მოლეონი” 19:3 დაამარცხა და პლეი ოფში გააღწია. ნემსაძემ შერკინების შემკვრელის პოზიციაზე სრულად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ “ვალანს დაჟენი” 37-ე წუთისთვის უკვე 19:0 იგებდა, ტაიმი კი, 19:3 დასრულდა და დასკვნით 40 წუთში ქულის გაკეთება ვერცერთმა გუნდმა ვეღარ მოახერხა. “ვალანს დაჟენი” 50 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა და პლეი ოფში “ბრესანს” ეთამაშენა.

ამავე ჯგუფში, საბა ქართველიშვილის “ლანემეზანმა” “რიბერაკი” სტუმრად 38:14 დაამარცხა და პრემიალური ქულაც აიღო, მაგრამ 49 ქულით მხოლოდ მე-5 ადგილს დასჯერდა და პლეი ოფს მიღმა დარჩა. ქართველ ლეგიონერს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

პლეი ოფის პირველი ეტაპის მატჩები 29 აპრილსა და 6 მაისს გაიმართება.
მასი – ლანგონი
კასტანე – ლიმოჟი
ლილი – ლავორი
ლა სეინი – ტიროსი
ნევერი – ვალვე
ბრესანი – ვალანს დაჟენი
მაკონი – კოლომიერი
მონტობანი – ბლანიაკი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081699