ამბები

19:54 | 27.04.2012 | ნანახია 2428 - ჯერ

ბევრი ამბის გასარკვევი ტური

საქართველოს მორაგბეთა 2012 წლის საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირის IV რაუნდში, შესაძლოა, ბევრი რამ გაირკვეს. აქამდე შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, რეგულარული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, დიდი შანსია თასისთვის მებრძოლი ნახევარფინალისტები გამოვლინდეს და ისიც ცხადი გახდეს, თუ ვინ ითამაშებს სექტემბრიდან უმაღლეს და ვინ პირველ პირველ ლიგაში. 

I ჯგუფში პლეი ოფის საგზურის მოპოვება 28 აპრილს შეეძლებათ თბილისის “ლელოს” და “არმიას”. ამ დღეს საქართველოს ჩემპიონი უმაღლეს ლიგაში წელს აღზევებულ “ბათუმი XV”-ს ზღვისპირეთში ეწვევა და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში გასვლა გარანტირებული ექნება, ამავე უფლებას მიიღებს თბილისი “ლელო”, თუკი თბილისში, “ავჭალაზე” უახლოესი მდევრის, “არმაზის” დამარცხებას მოახერხებს. 
ბათუმელებმა განვლილ სამივე თამაშში იბრძოლეს და მართალია, გამარჯვება ერთშიც ვერ მოახერხეს, მაგრამ უქულოდ არცერთ შეხვედრაში არ დარჩნენ. მათ ყველა ბრძოლა მცირე სხვაობით დათმეს, თითო-თითო პრემიალური ქულა ჩაიწერეს და ჯამში 3 ქულა მოაგროვეს. მაგრამ “ანგისაზე” ფავორიტი მაინც “არმია” იქნება. არმიელებმა სამივე თამაში მოიგეს და მეტოქისთვის სამით მეტი ლელოს გატანისთვის, ორჯერ პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონს პრემიალური ქულის აღება იმ “არმაზმა” არ დაანება, რომელიც ახლა “ლელოს” ეთამაშება, ხოლო გასულ ტურში, “აკადემიას”, საქართველოს ჩემპიონმა პრემიის მომტანი ორი ლელო ბოლო ერთ წუთში გაუტანეს.
სამიდან ორ მატჩში მოახერხა პრემიალური ქულის აღება “ლელომ”. მართალია მათ ბოლო ტურში “ბათუმი XV”-ს სამით მეტი ლელო ვერ გაუტანეს, მაგრამ მატჩის დასაწყისშივე 20:0 დაწინაურდნენ, რითაც გამარჯვება პრაქტიკულად დაიბევეს და მეტოქემ სხვაობის შემცირება ამის შემდეგღა მოახერხა, თუმცა, საბოლოოდ გამარჯვება მაინც თბილისელებს დარჩათ. ზემოთაც ვთქვით, რომ “არმაზი” ჩემპიონ “არმიას” ბოლომდე ეომა და პრემიალური ქულა არ ააღებინა, აუტსაიდერ “ბათუმთან” და “ბაგრატთან” კი, გამარჯვებები ჩაიწერა, ოღონდ, პრემიალური ქულების აღება ვერ მოახერხა და თეორიულად, პლეი ოფში მოხვედრის შანსს კიდევ ინარჩუნებს. ამისათვის მას “ლელოს” დამარცხება ჭირდება და ეს გულშემატკივარს საინტერესო დაპირისპირებას ჰპირდება. გასული წლის ჩემპიონატში “არმაზმა” ეს ერთხელ მოახერხა, როდესაც მეტოქეს 22:17 აჯობა, თუმცა, მანამდე მასთან 12:36 დამარცხდა. 
ამ ჯგუფის მესამე თამაში 29 აპრილს, “ბაგრატის” მოედანზე გაიმართება და მასში ქუთაისელები “აკადემიას” იმ იმედით უმასპინძლებენ, რომ უმაღლეს ლიგაში პირველ გამარჯვებას მოიპოვებენ. მართალია “ბაგრატი” ლიდერებთან - “არმიასთან” და “ლელოსთან” განადგურდა, მაგრამ საკუთარ მოედანზე “არმაზს” გასულ ტურში მაგრად დაუხვდა და მხოლოდ 8:18 დამარცხდა. ახლა ის “აკადემიას” მასპინძლობს, რომელმაც ჩემპიონატი “ბათუმის” ძლევით დაიწყო, მაგრამ “ლელოსთან” და “აარმიასთან” ვერაფერს გახდა და მხოლოდ 4 ქულა აქვს. აკადემიელებს მოგების შემთხვევაში შემოდგომისთვის უძლიერესთა შორის დარჩენა გარანტირებული ექნებათ და ბოლომდე იბრძოლებენ. 
ხვალ მეორე ჯგუფის პირველ შეხვედრაში თბილისის “ლოკომოტივი” უშუალო კონკურენტს, რუსთავის “ხარებს” “ვისოლზე” ეთამაშება და თუ გამარჯვება მოიპოვა, პლეი ოფში თამაში გარანტირებული ექნება. “რკინიგზელებმა” სამივე თამაში კი მოიგეს, მაგრამ ბოლო ტურში “ჯიქებთან” მაგრად გაუჭირდათ, 15:0-ის შემდეგ, მეტოქეს ჩამორჩენის ორ ქულამდე შემცირების საშუალება მისცეს და “ჯიქებს” ორიდან ერთი ჯარიმაც ზუსტად რომ შეესრულებინა, ახლა სულ სხვა სურათი იქნებოდა. “ჯიქების” ძლევა “ხარებსაც” გაუჭირდათ, აქაც ორქულიანი სხვაობა დაფიქსირდა (13:11) და აქაც ისე მოხდა, რომ სტუდენტებმა გადამწყვეტი ჯარიმის გატანა ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, რუსთაველებმა “თიბისის” ისე აჯობეს, რომ პრემიალური ქულაც აიღეს, აი “აიასთან” კი, ვერაფერს გახდნენ. გასულ წელს “ლოკომოტივმა” “ხარები” ორივეჯერ დაამარცხა და ვნახოთ წელს რა მოხდება. 
28 აპრილს, 18:00 საათზე, “ყოჩები” და “თიბისი” იმ გუნდის ვინაობას გაარკვევენ, რომელიც სექტემბრიდან უძლიერესთა შორის დარჩება, მეორე კი, პირველ ლიგაში დაქვეითდება. დღეისათვის ორივე გუნდი უქულოდაა, “ყოჩები” შედარებით საპატიო ანგარიშებით მარცხდებოდა და სატურნირო ცხრილში მეტოქეზე მაღლა ამის გამოა. დასკვნით ტურში, დამარცხებულ გუნდს, თეორიულად უძლიერესთა შორის დარჩენის შანსია შესაძლოა კიდევ ჰქონდეს, მაგრამ რეალურად ყველაფერი მაინც აქ გაირკვევა. 
29 აპრილს მეორე ჯგუფის კიდერ ერთი ლიდერი, შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი ქუთაისის “აია”, ილიაუნის სტუდენტებისგან მორიგ გამოცდას ჩაიბარებს. უკვე ვთქვით, რომ ამ ახალგაზრდულმა გუნდმა ყველა მატჩში ბოლომდე იბრძოლა, ორჯერ გამარჯვება ხელიდან საკუთარი შეცდომების გამო გაუშვა და მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა, ერთხელ კი, გამარჯვებაც იზეიმა და ჯამში 6 ქულა მოაგროვა. “აიამ” სამივე თამაში მოიგო, თანაც ისე, სამივეჯერ პრემიალური ქულა ჩაიწერა, დღემდე ერთადერთი გუნდია, რომელმაც ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა და მომავალ დაპირისპირებაშიც უპირობო ფავორიტად ითვლება, რის გაქარწყლებასაც “ჯიქები” ეცდება. 
 
2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
I ჯგუფი
IV რაუნდი. 28 აპრილი
ბათუმი. “ანგისა”. 15:00 საათი
ბათუმი XV (ბათუმი) - არმია (თბილისი) 
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ლელო (თბილისი)
29 აპრილი 
ქუთაისი. მესხეთი. 16:00 საათი
ბაგრატი (ქუთაისი) - აკადემია (თბილისი)
 
1. არმია (თბილისი)        3 3 0 0 155-40 14
2. ლელო (თბილისი)      3 3 0 0 136-35 14
3. არმაზი (თბილისი)     3 2 0 1 55-58 8
4. აკადემია (თბილისი)   3 1 0 2 48-89 4
5. ბათუმი XV (ბათუმი)   3 0 0 3 59-72 3
6. ბაგრატი (ქუთაისი)       3 0 0 3 24-183 0
 
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
არმია - ლელო 
ბათუმი - ბაგრატი 
არმაზი - აკადემია 
 
II ჯგუფი
IV რაუნდი. 28 აპრილი
თბილისი. “ვისოლი”. 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 
თბილისი. “ავჭალა”. 18:00 საათი
ყოჩები (თბილისი) - თიბისი (თბილისი) 
29 აპრილი
თბილისი. “ვისოლი”. 16:00 საათი
ჯიქები (თბილისი) - აია (ქუთაისი)
 
1. აია (ქუთაისი)                        3 3 0 0 137-13 15
2. ლოკომოტივი (თბილისი)     3 3 0 0 113-42 14
3. ხარები (რუსთავი)                 3 2 0 1 67-50 9
4. ილიაუნი ჯიქი (თბილისი)   3 1 0 2 46-38 6
5. ყოჩები (თბილისი)                3 0 0 3 32-104 0
6. თიბისი (თბილისი)               3 0 0 3 14-162 0
 
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
აია - ლოკომოტივი 
თიბისი - ჯიქები 
ყოჩები - რუსთავი 
 
12-13 და 19-20 მაისი. ორმატჩიანი ნახევარფინალები
I ჯგუფის გამარჯვებული - II ჯგუფის მეორეადგილოსანი 
II ჯგუფის გამარჯვებული - I ჯგუფის მეორეადგილოსანი 
26 ან 27 მაისს ფინალი
 
ზურა ქსოვრელი
 
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.113776