ამბები

20:44 | 28.04.2012 | ნანახია 2087 - ჯერ

სამი ნახევარფინალისტი ცნობილია

საქართველოს მორაგბეთა გარდამავალ, საგაზაფხულო ტურნირის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, პრაქტიკულად, გარკვეულია იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც თასისთვის ბრძოლას პლეი ოფებში გააგრძელებენ. IV რაუნდის პირველ სათამაშოს დღეს, ოთხიდან სამი ნახევარფინალისტი ოფიციალურად გამოვლინდა და თუ ხვალ საკუთარი მატჩი ქუთაისის “აიამაც” მოიგო, მეოთხე ნახევარფინალისტიც ოფიციალურად გაირკვევა. 

“ვისოლზე” შეკრებილმა მცირერიცხოვანმა მაყურებელმა, თბილისის “ლოკომოტივისა” და რუსთავის “ხარების” საინტერესო დაპირისპირება იხილა. განსაკუთრებით დაძაბული პირველი ტაიმი გამოდგა, მეორე ტაიმში კი, “რკინიგზელებმა”, გამოცდილების ხარჯზე, სათამაშო უპირატესობა ქულებში ასახეს და საბოლოოდ, სოლიდური სხვაობითაც იმარჯვეს, ოღონდ, პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხეს და გული მხოლოდ ამაზე თუ დაწყდებათ. 
თამაში თბილისელების იერიშებით დაიწყო, “ხარები” კარის გასწვრივ 25 მეტრში დაჯარიმდა და კავთიძემ ანგარიში გახსნა. განახლდა თუ არა თამაში, “ლოკომოტივს” ლელოს გატანის ხელსაყრელი შესაძლებლობა მიეცა, ბიწაძემ კარგად გაჭრა ხაზი, მაგრამ მარცხნივ ქავთარაძე ვერ შენიშნა. რუსთაველებმა შუბითიძის კარგი გარღვევით უპასუხეს, რომელმაც ბოლოს ფეხით შეკიდა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში, მაგრამ იქ ბურთზე ხელის დადება მცველმა არ დაანება. ამ მომენტისთვის, “ლოკომოტივი” უკვე დომინირებდა შერკინებაში. როდესაც ტემპს უმატებდა, მეტოქე ხაზის დალაგებას ვერ ასწრებდა, ხოლო რუსთაველებს ნერვიულობა ეტყობოდათ და ამის გამო, ორჯერ ჯარიმიდან ბურთის აუტში გადატანა ვერ შეძლეს. 
მე-13 წუთზე სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა მაინც მოახერხეს, როდესაც “ლოკომოტივი” კარის გასწვრივ 35 მეტრში თამაშგარისთვის დაჯარიმდა და ხუციშვილმა დარტყმა ზუსტად შეასრულა. ხუთ წუთში, მატჩის პირველი ლელო გავიდა: “ლოკომოტივმა” სწრაფი შეტევა წამოიწყო, ყოველი დარტყმის შემდეგ ღვინჯილიას რაქიდან სწრაფად გამოჰქონდა ბურთი, ამან, ტრადიცულად, “ხარები” არია, მერე ღვინჯილიამ მეტოქის 22-ში კავთიძეს ლამაზი, დაფარული პასი გაუკეთა და მანაც ბურთი ძელებსშუა დაამიწა, მერე კი, რეალიზაციაც თავადვე გამოიყენა.
ამის შემდეგ, “ლოკომოტივი” მოეშვა და მცირე ხნით “ხარებმა” თამაშის მოედნის ცენტრთან გადატანა მოახერხა, მაგრამ ხიფათი მხოლოდ ერთხელ შექმნა, როდესაც ხუციშვილმა ხაზი გაჭრა, მერე ფეხით ითამაშა, მაგრამ მას ბიწაძემ დაასწრო. 33-ე წუთზე შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნდა, რადგან “ლოკომოტიველებმა” ფეხით გადაკიდებული კი აიღეს, თუმცა, გადაცემისას შეცდნენ, ჭაავამ ბურთი ჩაჭრა და მეტოქის ჩათვლის მოედნამდე ირბინა, ხოლო ხუციშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. შესვენებამდე, რუსთაველები ორჯერ დაჯარიმდნენ, ჯერ რაქში არასწორედ თამაშისთვის, ხოლო მერე, “ლოკომოტივის” შერკინებამ მათი შერკინება დაშალა, კავთიძემ ორივე დარტყმა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 16:10 დასრულდა.  
მეორე ტაიმი კვლავ ჭაავას კარგი თამაშით დაიწყო, რომელმაც ამჯერად ფეხით დარტყმულს დააფარა და სამი რუსთაველი ერთი მცველის წინააღმდეგ დარჩა, თუმცა, მათ სალელოვე შეტევიდან ვერაფერი მიიღეს. 46-ე წუთზე უკვე მაისურაძემ ჩაჭრა ბურთი, მაგრამ არც ამ იერიშს მოყვა ლელო. “ხარები” შერკინებაში ხშირად ჯარიმდებოდა და 52-ე წუთამდე კავთიძემ ორი ჯარიმა გაიტანა, რითაც “ლოკომოტივის” უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა, მერე კი, თბილისელები ლელოს გატანაზე ათამაშდნენ და 58-ე წუთზე მიზანსაც მიაღწიეს. 
გოგიშვილმა კარგად გაჭრა ხაზი, 22-ის ხაზიდან ბურთი მარცხენა ფლანგისკენ ჩათამაშდა და ქავთარაძემ ალამთან ლელო გაიტანა, ხოლო კავთიძემ გარდასახვა გამოიყენა. შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთიღა რჩებოდა, როდესაც “ლოკომოტივმა” მოკლე დარტყმებით შეუტია და მესამე დარტყმით გუნიავამ თავისი გუნდის მესამე ლელო გაიტანა, ხოლო კავთიძემ გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 36:10. “ლოკომოტივმა” პლეი ოფში თამაში გაინაღდა და II ჯგუფში, 29 აპრილამდე, სანამ ქუთაისის “აია” “ჯიქებს” დაუპირისპირდება, პირველ ადგილზე აღზევდა.
ამავე ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში, თბილისის “ყოჩები” თანაქალაქელ “თიბისის” სექტემბრიდან უძლიერესთა შორის თამაშის უფლების მოსაპოვებლად ეთამაშებოდა. რადგან მის შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მატჩი დაძაბული გამოდგა და “ყოჩების” გამარჯვებით დასრულდა - 17:12, თუმცა, უქულოდ არც “თიბისი” დარჩა და უმაღლეს ლიგაში პირველი ქულა ჩაიწერა. შესაძლოა, ეს ქულა საბოლოო ჯამში გადამწყვეტი აღმოჩნდეს, რადგან ის “თიბისის”, უმაღლესში დასარჩენად ბრძოლის შანსს ჯერ კიდევ უტოვებს.
პირველ ჯგუფში ორივე ნახევარფინალისტი გამოვლინდა და გასარკვევი ისღა დარჩა, ვინ დაიკავებს მეორე ადგილებს. წესითა და რიგით, “ლელოსა” და “არმაზის” დაპირისპირება დაძაბული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. “ლელომ” ანგარიში მე-2 წუთზევე გახსნა, როდესაც წარმოქმნილი რაქიდან ბურთი მარჯვენა ფლანგზე ჩაათამაშა, ირაკლი ყიასაშვილმა ირაკლი გეგენავას უპასა, რომელმაც ცრუმოძრაობით მცველი უსაქმოდ დატოვა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მე-9 წუთზე, უკვე ალექსანდრე თოდუამ დააბნია მთელი “არმაზის” დაცვა, ხაზი გაჭრა და თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა. ყიასაშვილს მიზანმა არც ამჯერად უმტყუნა. 
გიორგი კიკნაძემ ჯარიმით სხვაობა შეამცირა, ყიასაშვილმა ორი ჯარიმით უპასუხა, 26-ე წუთზე კიკნაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და “არმაზმა” სალელოვედაც შეუტია, მაგრამ უპირატესობა ვერ გამოიყენა, არადა, რამდენჯერმე მიზანთან ძალიან ახლოს იყო. მერე ლელოს გატანა უკვე “ლელოს” შეეძლო, რომელიც სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებმა, მაგრამ მხოლოდ ჯარიმას გამორჩა, რომელიც ყიასაშვილმა 3 ქულად აქცია და ტაიმი 23:6 დასრულდა. 
მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო. ლელოს კაპიტანმა და ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბე გიორგი კაჭარავამ, ფეხით გადაკიდებული ბურთი ცენტრალურ ხაზთან, თავის ნახევარზე დაიჭირა, მეტოქის დაცვაში ღრიჭო შენიშნა, ხაზი გაჭრა და ჩათვლის მოედნამდე ირბინა, ყიასაშვილმა გარდასახა. “არმაზი” ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და დროის უმეტეს ნაწილს მეტოქის 22-ში ატარებდა, მაგრამ გადაცემის ნაცვლად, მორაგბეები თავად ცდილობდნენ ხაზის გარღვევას და ამით არაფერი გამოდიოდა. 
53-ე წუთზე “არმაზი” უკვე ვალდებული იყო ლელო გაეტანა: გიორგი მჟავანაძემ მეტოქის შეცდომით ისარგებლა, მოლიდან გამოვარდნილი ბურთი აიტაცა, 25 მეტრი ცრუმოძრაობებით დაფარა და ჩათვლის მოედანშიც შევიდა, მაგრამ სანამ ბურთს დაამიწებდა, წამოწეულმა კაჭარავამ მას ხელი გამოსდო და ბურთი წინ დააგდებინა. ამისათვის “არმაზი” გაშვებული ლელოთი ორ წუთში დაისაჯა, როდესაც “ლელოს” მორაგბემ მეტოქეს ფეხით დარტყმისას დაუფარა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა. “არმაზი” ბოლო წუთამდე უტევდა, მაგრამ მიზანს ვერ აღწევდა, “ლელოს” მორიგი ლელოს გატანის შანსი კონტრშეტევებზე ეძლეოდა, თუმცა, ვერც მათ იხეირეს, 78-ე წუთზე კი, ჭინჭარაულმა ჯარიმა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 40:6.
“ლელომ” პრემიალური ქულაც აიღო და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა, რადგან “არმიამ”, იგივეს გაკეთება ბათუმში ვერ მოახერხა. ზღვისპირელებმა ახლაც ბოლომდე იბრძოლეს, მოედანი უქულოდ არც მეოთხე თამაშში დატოვეს, თუმცა, კვლავ დამარცხდნენ - 6:12. I ჯგუფის ბოლო მატჩში “ბაგრატი” “აკადემიას” მასპინძლობს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კი, “არმია” და “ლელო” პირველ-მეორე ადგილოსნებს გაარკვევენ.   
 
2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
I ჯგუფი
IV რაუნდი 
28 აპრილი
ბათუმი. “ანგისა”. 
ბათუმი XV (ბათუმი) - არმია (თბილისი) 6:12
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ლელო (თბილისი) 6:40 (6:23)
29 აპრილი 
ქუთაისი. მესხეთი. 16:00 საათი
ბაგრატი (ქუთაისი) - აკადემია (თბილისი)
 
1. ლელო (თბილისი)     4 4 0 0 176-41 19
2. არმია (თბილისი)       4 4 0 0 167-46 18
3. არმაზი (თბილისი)    4 2 0 2 61-98 8
4. აკადემია (თბილისი)  3 1 0 2 48-89 4
5. ბათუმი XV (ბათუმი)  4 0 0 4 65-84 4
6. ბაგრატი (ქუთაისი)     3 0 0 3 24-183 0
 
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
არმია - ლელო 
ბათუმი - ბაგრატი 
არმაზი - აკადემია 
 
II ჯგუფი
IV რაუნდი. 28 აპრილი
თბილისი. “ვისოლი”. 100 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 36:10 (16:10)
ლოკომოტივი: 15. ბიწაძე (ჭურღულია 71), 14. შიოშვილი, 13. ჭურღულია, 12. გოგიშვილი, 11. ქავთარაძე (ბოსტაშვილი 72), 10. კავთიძე, 9. ღვინჯილია; 1. გასვიანი, 2. ზარიძე, 3. ვეფხვაძე (გუნიავა 53), 4. თავბერიძე, 5. გუჯარაიძე (ნიშნიანიძე 74), 6. ბერიშვილი, 7. ავლედიანი, 8. მაისურაძე (ნადირაძე 68).
3 ლელო: კავთიძე, ქავთარაძე, გუნიავა
3 გარდასახვა: კავთიძე
5 ჯარიმა: კავთიძე
ხარები: 15. შუბითიძე, 14. მელიქიშვილი (წიკლაური 65), 13. ბ. ბებიაშვილი (ჭაავა 30), 12. ღამბაშიძე, 11. გ. ბებიაშვილი, 10. ბასილაია, 9. ხუციშვილი; 1. აღაშვილი, 2. კაკაბაძე (ხაბაშვილი 50), 3. წიკლაური, 4. ბაღიაშვილი, 5. ქარუხნიშვილი (ქვლივიძე 56), 6. ღამბარაშვილი, 7. გოგიაშვილი, 8. მარტიაშვილი. 
1 ლელო: ჭაავა
1 გარდასახვა: ხუციშვილი
1 ჯარიმა: ხუციშვილი
თბილისი. “ავჭალა”. 18:00 საათი
ყოჩები (თბილისი) - თიბისი (თბილისი) 17:12
29 აპრილი
თბილისი. “ვისოლი”. 16:00 საათი
ჯიქები (თბილისი) - აია (ქუთაისი)
 
1. ლოკომოტივი (თბილისი)      4 4 0 0 149-52 18
2. აია (ქუთაისი)                         3 3 0 0 137-13 15
3. ხარები (რუსთავი)                   4 2 0 2 77-86 9
4. ილიაუნი ჯიქი (თბილისი)     3 1 0 2 46-38 6
5. ყოჩები (თბილისი)                 4 1 0 3 49-116 4
6. თიბისი (თბილისი)                 4 0 0 4 26-179 1
 
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
აია - ლოკომოტივი 
თიბისი - ჯიქები 
ყოჩები - რუსთავი 
12-13 და 19-20 მაისი. ორმატჩიანი ნახევარფინალები
I ჯგუფის გამარჯვებული - II ჯგუფის მეორეადგილოსანი 
II ჯგუფის გამარჯვებული - I ჯგუფის მეორეადგილოსანი 
26 ან 27 მაისს ფინალი
 
ზურა ქსოვრელი
 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079136