ამბები

14:40 | 29.04.2012 | ნანახია 2184 - ჯერ

ქუბრიაშვილი “ჩელენჯ ქაფის” ფინალშია

რანგით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირის - “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ფინალში, რომელიც 18 მაისს “თვიქნემზე” გაიმართება, “ტულონისა” და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურჯი - დავით ქუბრიაშვილი ითამაშებს. ქართველი ლეგიონერების კიდევ ერთმა გუნდმა “ბრივმა”, ნახევარფინალური ეტაპის თავისი შეხვედრა დათმო, რის შედეგადაც, “ტულონს” “ბიარიცთან” მოუწევს დაპირისპირება.
“ჩელენჯ ქაფის” ნახევარფინალში მხოლოდ ფრანგული გუნდები გავიდნენ და პირველ მატჩში ტულონელები, 12404 გულშემატკივრის თვალწინ, “სტად ფრანსეს” დაუხვდნენ. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი საფინალო სასტვენამდე 45 წამით ადრე, ინგლისელი ჯონი უილკინსონის მიერ გატანილმა არეკნმა გადაწყვიტა. 2003 წლის მსოფლიო თასის გმირი, ამ დღესაც ნამდვილი გმირი იყო და 7 ჯარიმასთან ერთად, 2 არეკნიც მიითვალა. რაც შეეხება ქართველ პირველხაზელ ქუბრიაშვილს, მან თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 49 წუთი გაატარა.
მატჩის პირველ წუთზე, მასპინძლები სტეფან ერმიტეიჯის სოლო-გარღვევის შედეგად გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ, მაგრამ მე-12 წუთზე ლელო თავად მიიღეს, თანაც, გარდასახვაც ზუსტი იყო და პარიზელები დაწინაურდნენ.
26-ე წუთამდე, “სტად ფრანსემ” კიდევ 2 ჯარიმა და ერთი არეკნი გაიტანა და 16:5 დაწინაურდა. შესვენებამდე დარჩენილ დროში მასპინძლებმა მოინდომეს, 2 ჯარიმის გატანა შეძლეს, თუმცა, ერთი თავადაც გაუშვეს და ტაიმი 11:19 დათმეს.
მე-2 ტაიმის საწყის 15 წუთში, “ტულონმა” უპირატესობა დაიბრუნა. ამ პერიოდში უილკინსონმა 3 ჯარიმა და ერთი არეკნი მიითვალა - 23:19, მაგრამ საათის თავზე სტუმრებმა თავისი მე-2 ლელოს გატანა შეძლეს, გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო და უპირატესობა დაიბრუნეს (23:26).
67-ე წუთისთვის, უილკინსონმა 2 ჯარიმით მასპინძლები ისევ წინ გაიყვანა, ორიდე წუთში, “სტად ფრანსემ” არეკნით წონასწორობა აღადგინა და თითქოს დამატებითი დრო გარდაუვალი იყო, მაგრამ ბრწყინვალე ჯონმა არეკნით საკუთარ გუნდს დამატებითი წუთების თამაში თავიდან ააცილა და ფინალის საგზური მოუტანა.
მე-2 ნახევარფინალურ მატჩში, დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და იური ნატრიაშვილის “ბრივი”, “ბიარიცს” წვიმიან ამინდში სტუმრად ეთამაშა, მაგრამ ვერაფერს გახდა. შეხვედრას 9 ათასი მაყურებელი დაესწრო და სტუმრებმა ქულის აღებაც ვერ მოახერხეს. ქართული ფესვების მქონე საფრანგეთის ნაკრების მორაგბემ - დიმიტრი იაშვილმა, პირველ ნახევარში 2 ჯარიმა გაიტანა და დამიენ ტრაილეს მიერ გატანილი ლელოს შემდეგ, გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.
მე-2 ტაიმში იაშვილმა კიდევ 2 ჯარიმა მიითვალა და “ბიარიცმა” 19:0 იმარჯვა.
ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ნატრიაშვილი იყო, რომელიც 56-ე წუთზე შეცვალეს.

 


ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.141397