საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირის IV რაუნდში, ქუთაისის “აიამ” ბოლომდე მებრძოლ თბილისის “ჯიქებს” გამოცდილებითა და კლასით აჯობა, მასპინძლებს ორის წილ 5 ლელო გაუტანა, გამარჯვების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც ჩაიწერა და ნახევარფინალში სამ თბილისურ გუნდს - “ლელოს”, “არმიას” და “ლოკომოტივს” შეუწყვილდა.
ახლა ქართული რაგბის გულშემატკივრებს 4 საინტერესო შაბათ-კვირა ელით. მომავალ უქმეებზე, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ზემოთნახსენები ოთხეული ჯგუფში უკეთესი ადგილი დასაკავებლად იბრძოლებს, მერე კი, ორრაუნდიან პლეი ოფში, პირველი ჯგუფის პირველადგილოსანი მე-2 ჯგუფის მეორეადგილოსანს, ხოლო მე-2 ჯგუფის პირველადგილოსანი პირველი ჯგუფის მეორეადგილოსანს ფინალის საგზურისთვის დაუპირისპირდება.
“ჯიქებმა”, განვლილ ტურში, “ლოკომოტივი” ლამის იმსხვერპლა, რამაც, როგორც ჩანს, ამ გუნდის ახალგაზრდა მორაგბეებს საკუთარი თავის რწმენა შემატა და მათ “აიას” წინააღმდეგაც მედგრად იბრძოლეს, თუმცა, ქუთაისელებმა უფრო მაღალი კლასისა და მეტი გამოცდილების ხარჯზე, მაინც საკმარისი სხვაობით იმარჯვეს.
თბილისელები, პირველ ნახევარში, ძალის ხარჯზე უფრო ცდილობდნენ ფონს გასვლას, მეორეში კი, თამაში შედარებით გაშალეს და საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე, ჩამორჩენა 11 ქულამდეც დაიყვანეს, მაგრამ ჯამში “აია” უკეთესი იყო, ის უფრო მრავალფეროვნად უტევდა, მერე კონტრშეტევებზე სივრცეებიც სათანადოდ გამოიყენა და 37:21 იმარჯვა.
შეხვედრა 9 ნომერზე მოთამაშე ქუთაისელთა მწვრთნელის - ბესიკ ხამაშურიძის გარღვევით დაიწყო, რომელმაც თითქმის 35 მეტრი დაუბრკოლებლივ გაიარა, მაგრამ მერე აუტში გაიდაიყვანეს.
“ჯიქებმა” თამაშის ცენტრისკენ გადატანა ფეხით სცადეს, მოგერიებული ბურთი ძნელაძეს ნადავლი უნდა გამხდარიყო და სიტუაცია თბილესელებს კარგს არაფერს უქადდა, მაგრამ შემტევს ბურთი წინ დაუვარდა.
მე-5 წუთზე იმერლებმა ანგარიში გაგა სინაურიძის ჯარიმით გახსნეს, რომელმაც კარის გასწვრივ 30-32 მეტრიდან უშეცდომოდ დაჰკრა. ორიოდე წუთში უკვე “აია” დაჯარიმდა, მბოჭავმა შებოჭილს ხელი არ გაუშვა და ნუგზარ გიორგაძემ 30 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა.
განახლდა თუ არა თამაში, შალვა კლიმიაშვილს, ფეხით თამაშისას, ქუთაისელებმა დაუფარეს, ბურთი საკუთარი ჩათვლის მოედნიდან, კვლავ ფეხით, უკვე შარმაზანაშვილმა მოიგერია, რომელსაც დიდი ფიქრის დრო არც ჰქონდა. ქუთაისელები მარჯვენა ფლანგზე რიცხობრივ უპირატესობას ფლობდნენ და მარტივი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ლელოთი, უბერებელმა ხამაშურიძემ დააგვირგვინა, ხოლო სინაურიძემ რეალიზაცია გამოიყენა.
“ჯიქებმა” კვლავ კარგი შეტევით უპასუხეს, “აიას” დაცვა არ გატყდა და გიორგაძეს ისღა დარჩენოდა, 45 მეტრიდან ჯარიმით სხვაობის შემცირება ეცადა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.
ტაიმის შუაში ქუთაისელთა უპირატესობა გამოიკვეთა და ჯერ სინაურიძემ გაზარდა უპირატესობა ჯარიმით, ხოლო 24-ე წუთზე, “აიას” კარგ მოლს ბოლო მომენტში შაშიაშვილი მოწყდა და ლელო მიითვალა, ხოლო სინაურიძემ გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა.
შესვენებამდე დარჩენილ დროში, “ჯიქებმა” მეტოქის 22-ში დაიდო ბინა და მოკლე დარტყმებით სცადა საპასუხო ლელოს გატანა, მაგრამ ორჯერ დაუვარდათ ბურთი წინ. “აიამ” ორჯერ წამოიწყო სახიფათო კონტრშეტევა და თუკი პირველ ჯერზე მიზანს ვერ უწია, მეორე შემთხვევაში შანსი ხელიდან არ გაუშვა და ყურაშვილმა ლელო ალამთან გაიტანა (ხამაშურიძის რეალიზაცია არაზუსტი იყო).
მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, გიორგაძემ კარის გასწვრივ 15 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად დაარტყა და შესვენებაზე ქუთაისელები 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 25:6.
მე-2 ნახევარი თბილისელებმა ცოცხლად დაიწყეს და დებიუტშივე გიორგაძემ არეკნით სხვაობა შეამცირა.
მერე “აიას” ჯერი დადგა, ხამაშურიძემ ცენტრალურ ხაზთან დანიშნული შერკინებიდან ბურთი გაიტანა, ცრუმოძრაობით მცველები დააბნია, პასის ნაცვლად ხაზი გაჭრა და თითქოს ლელოც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მიმყოლები ჩანაფიქრს ვერ მიუხვდნენ და გადაცემას ადგილზე არავინ დახვდა.
52-ე წუთზე “აიამ” მე-4 ლელო მაინც გაიტანა და ის ხამაშურიძემ შექმნა - გადაკიდებულ ბურთს ცენტრალური ხაზის სიახლოვეს კარგად დაუხვდა, უკან ფეხითვე შეაცურა, მერე გოშაძემ და ხამაშურიძემ გაითამაშეს, მცველები მიიზიდეს და იერიში, თავისუფალმა კუხიანიძემ, ძელებსშუა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა, ხოლო ხამაშურიძემ გარდასახვა გამოიყენა - 9:32.
“ჯიქებმა” პირველი საპასუხო ლელოს გატანა მალევე შეძლეს - მარჯვენა ფლანგიდან ცირეკიძე (ორივე გუნდში თამაშობს ცირეკიძე, ორივე გიორგი) გაიქცა, გარდასახვა არაზუსტი გამოდგა.
62-ე წუთზე, “ჯიქებმა” ხუთ მეტრში ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, გოგოლიძე მცველს დაუსხლტა და მე-2 ლელო გაიტანა, ხოლო შარმაზანაშვილმა ზუსტი გარდასახვით მატჩს ინტრიგა დაუბრუნა. გამარჯვების თუ არა, მცირე სხვაობით მარცხისათვის პრემიალური ქულის აღების იმედი თბისელებს კიდევ უფრო გაუმძაფრდათ, როდესაც რეფერიმ 73-ე წუთზე არაბიძე გაასინბინა, მაგრამ “აიამ” თავი კარგად დაიცვა, მერე კონტრშეტევაზე ხაზი კვლავ ხამაშურიძემ გაჭრა, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ფეხით შეაცურა და იქ ყველას გოშაძემ აჯობა - 37:21.
ამ დღის მეორე დაპირისპირებაში კიდევ ერთი ქუთაისურ-თბილისური დაპირისპირება შედგა, ამჯერად რიკოთს იქით, სადაც პირველი ლიგის ბინადარმა “ბაგრატმა” “აკადემიას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, სენსაციურად - 31:29 იმარჯვა. ეს ქუთაისელთა პირველი გამარჯვებაა უმაღლესლიგელთან, თუმცა, დებულების თანახმად, “თიბისის” და “ბაგრატს” ამ ტურნირში სულაც ყველა თამაში რომ მოეგოთ, სექტემბრიდან მაინც პირველ ლიგაში ითამაშებენ, უმაღლეს ლიგაში კი, ნებისმიერ შემთხვევაში დანარჩენი 10 გუნდი იქნება.
2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
I ჯგუფი
IV რაუნდი
28 აპრილი
ბათუმი. “ანგისა”.
ბათუმი XV (ბათუმი) - არმია (თბილისი) 6:12
თბილისი. “ავჭალა”.
არმაზი (თბილისი) - ლელო (თბილისი) 6:40 (6:23)
29 აპრილი
ქუთაისი. მესხეთი.
ბაგრატი (ქუთაისი) - აკადემია (თბილისი) 31:29
1 | ლელო (თბილისი) | 4 | 4 | 0 | 0 | 176-41 | 19 |
2 | არმია (თბილისი) | 4 | 4 | 0 | 0 | 167-46 | 18 |
3 | არმაზი (თბილისი) | 4 | 2 | 0 | 2 | 61-98 | 8 |
4 | აკადემია (თბილისი) | 4 | 1 | 0 | 3 | 77-120 | 5 |
5 | ბათუმი XV (ბათუმი) | 4 | 0 | 0 | 4 | 65-84 | 4 |
6 | ბაგრატი (ქუთაისი) | 4 | 1 | 0 | 3 | 55-212 | 4 |
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
არმია - ლელო
ბათუმი - ბაგრატი
არმაზი - აკადემია
II ჯგუფი
IV რაუნდი. 28 აპრილი
თბილისი. “ვისოლი”. 100 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 36:10 (16:10)
თბილისი. “ავჭალა”.
ყოჩები (თბილისი) - თიბისი (თბილისი) 17:12
29 აპრილი
თბილისი. “ვისოლი”. 100 მაყურებელი
ჯიქები (თბილისი) - აია (ქუთაისი) 21:37 (6:25)
ჯიქები: 15. შარმაზანაშვილი, 14. კალანდაძე (ბიწაძე 50), 13. ბერძული, 12. ბუბუნაური, 11. ხარაზიშვილი (ნოზაძე 41), 10. გიორგაძე, 9. კლიმიაშვილი (დოღონაძე 41); 1. ყეულაშვილი, 2. ოქრიაშვილი (კვიცინაძე 63), 3. ოქრიაშვილი (გაგნიძე 46), 4. მჭედლიშვილი (ტალახაძე 39), 5. გოგოლიძე, 6. შენგელია, 7. მორჩაძე (მამრიკიშვილი 41), 8. ცირეკიძე.
2 ლელო: ცირეკიძე, გოგოლიძე
გარდასახვა: შარმაზანაშვილი
2 ჯარიმა: გიორგაძე
არეკნი: გიორგაძე
აია: 15. ძნელაძე (გოგია 46), 14. გოშაძე, 13. ფრუიძე, 12. კუხიანიძე, 11. აბრამიძე (ცნობილაძე 60), 10. სინაურიძე, 9. ხამაშურიძე; 1. ლომიძე (არაბიძე 41), 2. თხელიძე (მატკავა 52), 3. ტ. ჩხიკვაძე (ლომიძე 67), 4. შალამბერიძე, 5. ჩიტეიშვილი (ჯიმშიტაშვილი 52), 6. რევიშვილი, 7. შაშიაშვილი (ცირეკიძე 41), 8. ყურაშვილი.
5 ლელო: ხამაშურიძე, შაშიაშვილი, ყურაშვილი, კუხიანიძე, გოშაძე
3 გარდასახვა: სინაურიძე (2), ხამაშურიძე
2 ჯარიმა: სინაურიძე
სინბინი: არაბიძე
1 | აია (ქუთაისი) | 4 | 4 | 0 | 0 | 174-34 | 20 |
2 | ლოკომოტივი (თბილისი) | 4 | 4 | 0 | 0 | 149-52 | 18 |
3 | ხარები (რუსთავი) | 4 | 2 | 0 | 2 | 77-86 | 9 |
4 | ილიაუნი ჯიქი (თბილისი) | 4 | 1 | 0 | 3 | 67-75 | 6 |
5 | ყოჩები (თბილისი) | 4 | 1 | 0 | 3 | 49-116 | 4 |
6 | თიბისი (თბილისი) | 4 | 0 | 0 | 4 | 26-179 | 1 |
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
აია - ლოკომოტივი
თიბისი - ჯიქები
ყოჩები - რუსთავი
12-13 და 19-20 მაისი. ორმატჩიანი ნახევარფინალები
I ჯგუფის გამარჯვებული - II ჯგუფის მეორეადგილოსანი
II ჯგუფის გამარჯვებული - I ჯგუფის მეორეადგილოსანი
26 ან 27 მაისს ფინალი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია