ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასის” ნახევარფინალში ფრანგულმა “კლარმონმა” თასის მოქმედ მფლობელ ირლანდიურ “ლენსტერს” მატჩის ბოლო 5 წუთში დიდი შტურმი მოუწყო, მოკლე დარტყმებით ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდა მეტოქის ჩათვლის მოედანს და საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე, უესლი ფოფანა ბოჭვაში ხაზს იქით გადაწვა. ფრანგებმა ლელოს ზეიმი დაიწყეს, მაგრამ ვიდეორეფერიმ დააფიქსირა, რომ შემტევმა ბურთის დამიწება ვერ მოახერხა, წინ დაუვარდა და ანგარიში უცვლელი დარჩა...
არადა, ამ დროს ანგარიშში სხვაობა სულ რაღაც 4 ქულა იყო და ეს ლელო პრაქტიკულად იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ “კლერმონი” ფინალში ითამაშებდა... მერე ფრანგებმა იმდენი მოახერხეს, რომ შერკინებაში ბურთი დაიბრუნეს, კიდევ ერთხელ სცადეს წინანდელის გამეორება, მაგრამ დაჯარიმდნენ და “ლენსტერი” “ჰაინეკენის თასის” ირლანდიურ ფინალში ტიტულის დაცვას 19 მაისს, “ოლსტერთან” ეცდება, რომელმაც ერთი დღით ადრე შოტლანდიური “ედინბურგი” 22:19 დაამარცხა.
“კლერმონი” საკუთარი მოედნის უპირატესობას ფლობდა (მატჩი ბორდოს “შაბან-დელმაზე” გაიმართა) და ტრიბუნაზე შეკრებილ 33269 მაყურებლის უდიდეს ნაწილს მასპინძელთა წარმატების იმედი ჰქონდა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ იმ დღეს “ლენსტერი” აშკარად უკეთესად თამაშობდა და გამარჯვებასაც იმსახურებდა. ირლანდიელები სათამაშო დროის უმეტესობა ბურთს აკონტროლებდნენ და მრავალფეროვნად უტევდნენ, “კლერმონი” კი, უპირატესობას მხოლოდ შერკინებაში, ისიც სტატიკაში ფლობდა.
ეს არ ითქმის ქართველ ზირაქაშვილზე, რომელმაც შერკინებაში ვიზავი აშკარად დაჯაბნა და გაშლილ თამაშშიც აქტიური იყო. მან რამდენიმე კარგი დარტყმა განახორციელა, ბურთზე კონტროლს პრაქტიკულად არ კარგავდა და მცველებს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა. ძირითად შემადგენლობაში მობურთალი ზირაქაშვილი მწვრთნელმა 59-ე წუთზე შეცვალა, “კლერმონის” ოფიციალურმა საიტმა კი, მას აბზაცი მიუძღვა - “დათოს ძალა”, სადაც წერია: “ქართველმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. დათო აღმავლობის გზაზეა და კინ ჰილიმ (“ლენსტერის” პირველი ნომერი) მის წინააღმდეგ თამაშისას კარიერის ყველაზე ცუდი წუთები გაიარა. მას კარგად მიყავდა თამაში, თავისი ძალით მეტოქის დაცვის ხაზს ანგრევდა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ზირაქაშვილი ამ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ ყველაზე უკეთესი არა!”
მიუხედავად სათამაშო უპირატესობისა, პირველ ტაიმში ირლანდიელებმა მხოლოდ ორი ჯარიმის გამოყენება მოახერხეს, მაშინ, როდესაც “კლერმონმა” ოთხი გაიტანა და ტაიმი 12:6 მოიგო, მაგრამ განახლდა თუ არა თამაში, სტუმრებმა ლელოს გატანა შეძლეს და რეალიზაციაც გამოიყენეს, ხოლო 47-ე წუთზე, რობ კერნიმ საოცარი არეკნით უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა. ფრანგებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ საპასუხო 3 ქულა ჯარიმითვე 63-ე წუთზე მიიღეს. დაახლოებით 10 წუთი “ლენსტერი” უპირატესობას უკვე შერკინებაშიც ფლობდა. ბოლოსკენ ფრანგებმა ინიციატივა კი დაიბრუნეს, მაგრამ ეს ქულებში ვერ ასახეს და გზა მეტოქეს დაუთმეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია