ამბები

17:20 | 30.04.2012 | ნანახია 2580 - ჯერ

Sevenoaks RFC - ქართულ-ინგლისური მეგობრობა

2 მაისს თბილისში კენტის საგრაფოს სარაგბო კლუბი Sevenoaks (შვიდი მუხა) RFC ვეტერანთა გუნდი Acrons (რკოები) ჩამოდის. კლუბი 1925 წელს დაარსდა და ინგლისური რაგბის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი გახლავთ. კლუბის მაისური წარსულში არაერთ ცნობილ მორაგბეს ჩაუცვამს და ინგლისური რაგბის მწვერვალებამდე გზა გაუკაფავს.
1972 წელს Sevenoaks RFC -ს მოუწია ინგლისში ტურნეზე ჩამოსულ ავტსრალიის ეროვნულ ნაკრებ Wallabies-თან სპარინგ მატჩის ჩატარება, რაც კლუბის ისტორიაში ღირშესანიშნავ თარიღად ითვლება, მითუმეტეს, რომ ქრონიკის მიხედვით კენტელებმა, სანამ ძლევამოსილ ავსტრალიელებთან დამარცხდებოდნენ, პირველ ტაიმში მათ ტოლი არ დაუდეს. Acrons-ის საქართველოში სტუმრობა ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძის დამსახურებაა, რომელიც 2008-2009 წლებში ამ კლუბის ღირსებას იცავდა, როდესაც ინგლისში ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად, სანამ საქართველოში საბოლოოდ დაბრუნდებოდა.
ინგლისელი მოყვარული მორაგბეები თბილისში ორ მატჩს გამართავენ 3 მაისს 14:00 შევარდენის სანაკრებო ბაზაზე სამოყვარულ კლუბ “დევებს” გაეჯიბრებიან, ხოლო 5 მაისს, 14:00 ავჭალი სტადიონზე ასევე სამოყვარულო კლუბ “ბარბაროსებს” შეხვდებიან. გარდა სპორტული სანახაობისა, ვეტერანი მორაგბეები გაეცნობიან ქართულ ტრადიციებს, დაესწრებიან ახალგაზრდა მორაგბეების ვარჯიშებს, ითამაშებენ ძველ ქართულ ლელო ბურთს და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში. Acrons საქართველოში 2 მაისს ჩვენი დროით საღამოს 11:30 ჩამოვლენ. კლუბის ვებ გვერდზე ვეტერანი მორაგბეები ასე ახასიათებენ საკუთარ თავს: ,,რაც უფრო გვემატება ასაკი, უკეთესად ვთამაშობთ”.
Acrons - ასე უწოდებენ საკუთარ თავს Sevenoaks Rugby Club-ის ვეტერანი მორაგბეები. იმისათვის, რომ გახდე კლუბის წევრი უნდა იყო 35 წლის და მეტის. გამოცდილი, მაღალ კვალიფიციური, გამორჩეული და კარგი მსმელი. ნამდვილი “რკოელისთვის” რაგბი წმინდა კრედოა და სიკვდილ-სიცოცხლეზე მეტია.
კლუბის ერთერთი აქტიური წევრი, ბატონი რობერტ ჰორნერი ინგლისის რაბგის კავშირის ყოფილი პრეზიდენტია, თუმცა სამწუხაროდ თბილისურ ტურნეში ვერ მონაწილეობს.
გუნდი საკმაოდ ძლიერ, კენტის ლიგაში ასპარეზობს. ყოველწლიურად იბრძვის “მარადმწვანე თასის” მოსაპოვებლად. მონაწილეობს სხვადასხვა ვეტერანულ ფესტივალებში. ასევე აწყობს ტურნეებს, იყვნენ მალაგაში, პარიზში ამჯერად ესტუმრებიან თბილისს. ვეტერანი მორაგბეების ძირითად ფასეულობას, სპორტული ოსტატობა, მეგობრული სულისკვეთება, კონკურენტუნარიანობა, გართობა და კარგი თამაშის სიყვარული წარმოადგენს.
კენტის საგრაფოს ქალაქი სევენ ოუქს ინგლისში საუკეთესო სასკოლო განათლების ცენტრად ითვლება და ქართველთათვის იმითაცაა ღირშესანიშნავი, რომ არის გასული საუკუნის დამოუკიდებელ საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი ელჩისა და რუსეთის იმპერიაში თავის დროზე აკრძალული წიგნის ავტორის Georgian Kingdom-ის (“ქართული სამეფო“) ავტორის, სერ ოლივერ უორდროპის და მისი დის, ცნობილი ქართველოლოგისა და “ვეფხისტყაოსნის” ინგლისურად პირველი მთარგმნელის, მარჯორი უორდროპის სამშობლო და განსვენების ადგილი.

 

http://rugby.ge/
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078228