საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “პერიგოს” შუამარბმა თედო ზიბზიბაძემ საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის ბოლოსწინა ტურში, 11 წუთის ინტერვალით ორი ლელო გაიტანა, მაგრამ ამან მისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა და ეგეც რომ არა, “პერიგო” ფედერალ 1-ში დაქვეითებას ვეღარ გადაურჩება და ეს ლელოები მხოლოდ ქართველის პირად მაჩვენებლებს გააუმჯობესებს.
ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის გუნდი მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბს” სტუმრად ეთამაშა და 26:32 დამარცხდა, მაგრამ ამ მატჩის შედეგს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა. თუკი “პერიგო” დაქვეითებას ვეღარ გადაურჩება, “ტარბს” არც ამის საფრთხე ემუქრება და არც Top 14-ის საგზურის მომტან პლეი ოფში გამსვლელი მე-5 ადგილის დაკავება შეუძლია. ზიბზიბაძე და მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სრულად ითამაშეს, მაგრაქველიძე თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო მირცხულავა და დადუნაშვილი განაცხადში ვერ მოხვდნენ.
ტაიმის 7:17 დასრულების შემდეგ, “ტარბმა” ლელოთი მეორის დასაწყისში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, ქართველმა შუამარბმა ჩამორჩენა 47-ე წუთზე შეამცირა, მერე მასპინძელთა ლელოს 58-ე წუთზე უპასუხა და სხვაობა კვლავ 10-ქულიანი გახადა. ეს ზიბზიბაძის მე-3 ლელო იყო Pro D2-ის წლევანდელ გათამაშებაში. სტუმრებმა 66-ე წუთზე სხვაობა 3 ქულამდეც დაიყვანეს, მაგრამ ბოლოს ჯარიმა გაუშვეს და ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. “პერიგო” 37 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა, ხოლო “ტარბი” 60 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.
წლევანდელ ჩემპიონატში მეორე ლელო გაიტანა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ორიაკის” მეორეხაზელმა ლევან დათუნაშვილმა, მაგრამ მისი, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის “ორიაკი” “ბეზიესთან” სტუმრად მაინც დამარცხდა - 20:28. სამივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად მოთამაშე დათუნაშვილმა 33-ე წუთზე გატანილი ლელოთი სტუმრები დააწინაურა, მაგრამ მისმა გუნდმა ტაიმი მაინც დათმო - 10:11. 50-ე წუთზე “ორიაკი” 20:18 დაწინაურდა, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და უქულოდ დარჩა. მწვრთნელმა ნაცარაშვილი 42-ე, ხოლო ასეიშვილი 58-ე წუთზე შეცვალა. “ორიაკს” 56 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა, თუმცა, გასავარდნ ზონაში მყოფ “ბეზიეს” მთელი 11 ქულით უსწრებს და მიუწვდომელიცაა.
დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პომ”, “უაიონა” 28:12 დაამარცხა, გამარჯვების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც მიითვალა და Top 14-ის საგზურისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ, მათი გუნდი კი, 6:12 მარცხდებოდა, მეტოქე დასკვნით ნახევარ საათში გატეხა და სამი უპასუხო ლელო გაუტანა. “პო” 83 ქულით მესამე ადგილზეა, მე-6 ადგილს 6 ქულით უსწრებს, რისი აღმოფხვრაც შეუძლებელია და დასკვნით ტურში იმას უნდა ეცადოს, რომ მეორე-მესამე ადგილის დაკავებით, ნახევარფინალში მასპინძლის უფლებით ისარგებლოს.
გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლი”, რომელმაც Top 14-ის საგზური უკვე დიდი ხანია გაიფორმა, “დაქსთან” 6:21 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო, მის გუნდი კი, პირველ ადგილზე 105 ქულითაა და მთელი 19 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს. Pro D2-ის რეგულარული პირველობის დასკვნითი ტურის თამაშები 12 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც რეგულარული პირველობის მეორე-მეხუთეადგილოსნები Top 14-ის დარჩენილი ერთი საგზურისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებენ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია