ამბები

19:19 | 1.05.2012 | ნანახია 1930 - ჯერ

პლეი ოფში ბელქანიამ იყოჩაღა, ნემსაძე კი, წითელი ბარათით დაისაჯა

შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის “მასი” Pro D2-ის საგზურისთვის გამრთულ პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში “ლანგონს” სტუმრად დაუზავდა - 19:19. შერკინების მეორე ხაზში მოთამაშე სუთიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72 წუთი ითამაშა, მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე კი, ყვითელი ბარათი მიიღო და დანარჩენი დრო სინბინში გაატარა. ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა 47-ე წუთზე შეცვალა აშვეთია, ხოლო კობაური განაცხადში ვერ მოხვდა.
ქართველთა გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, მე-16 წუთისთვის ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით 12:0 იგებდა, შესვენებამდე მესამე ლელოც გაიტანა და ტაიმი 19:3 მოიგო. მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში მასპინძლებმა ორი ჯარიმა გამოიყენეს და ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვანეს, 72-ე წუთზე სუთიაშვილი მოწინააღმდეგეს წაეჩხუბა და ორივე სინბინით დაისაჯა, თან “ლანგონმა” ჯარიმა გამოიყენა, ხოლო 78-ე წუთზე მასპინძლებმა ლელო გაიტანეს და რეალიზაციით წონასწორობა აღადგინეს. 6 მაისს “მასი” მასპინძლის უპირატესობით ისარგებლებს და მიზნის მიღწევას საკუთარ კედლებში ეცდება.
დავით ბოლღაშვილის “ლილი” “ლავორთან” სტუმრად 11:16 დამარცხდა, მაგრამ ქართველი განაცხადში არ იყო. ტაიმის 6:10 დათმობის შემდეგ, მეორე ნახევრის საწყის 10 წუთში მასპინძლებმა ორი ჯარიმას გაიტანეს, ერთ წუთში “ლილმა” ჩამორჩენა ლელოთი შეამცირა და მერე ანგარიში აღარ შეცვლილა. ბოლღაშვილის გუნდი 5-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრას 6 მაისს საკუთარ მოედანზე ეცდება.
შოთა მელიქიძის “მაკონი” საკუთარ მოედანზე “კოლომიესთან” 6:25 დამარცხდა და მეოთხედფინალში გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა, რადგან გასვლით მატჩში 19-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა, გუნდების დონის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად ჩანს. ქრთველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო. რეფერიმ ხუთ მორაგბეს აჩვენა ყვითელი ბარათი, აქედან სამი – სტუმრებს, საწყის 48 წუთში, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობით მასპინძლებმა ვერ იხეირეს, დასკვნით 10 წუთში კი, საბოლოოდ გატყდნენ და 13 უპასუხო ქულა მიიღეს.
გია ლაბაძის, ვახტანგ მაისურაძისა და რევაზ ბელქანიას “ლა სეინი” საკუთარ მოედანზე “ტიროსთან” 18:22 დამარცხდა. ლაბაძე განაცხადში არ იყო, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი, ტრავმამოშუშებული მაისურაძე თამაშში 47-ე წუთიდან გამოჩნდა, ხოლო პირველხაზელი ბელქანია დასკვნითი 20 წუთი გაისარჯა. სტუმრებმა ტაიმი 10:3 მოიგეს, მეორე ნახევრის დებიუტში მასპინძლებმა ლელოთი ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო, ერთ წუთში კი, ჯარიმა გაუშვეს. 47-ე წუთზე “ლა სეინის” მორაგბე წითელი ბარათით დაისაჯა და მეტოქე ჯარიმით კიდევ უფრო დაწინაურდა, მაგრამ 58-ე წუთზე ჯარიმა “ლა სეინმაც” გაიტანა და კიდევ ორ წუთში წითელი ბარათით უკვე “ტიროსის” მორაგბე დაისაჯა. ამით მასპინძლებმა ისარგებლეს, 68-ე წუთზე ბელქანიამ ლელო გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ზუსტი რეალიზაციის შედეგ, “ლა სეინი” დაწინაურდა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე ორი ჯარიმა გაუშვა და 18:22 დამარცხდა.
დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის “ვალანს დაჟენმა” “ბრესანს” უმასპინძლა და 25:18 დაამარცხა. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად გაისარჯა, ოღონდ, ნემსაძემ 42-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი სინბინში გაატარა, ხოლო უკანასკნელ წამებზე ყვითელი ბარათით მეორედ დაისაჯა, რომელიც წითელ ბარათადად “გადაკეთდა”. თამაში დაძაბული გამოდგა და 42-ე წუთისთვის “ვალანს დაჟენი” მხოლოდ 1 ქულით იგებდა (ნემსაძე დაჯარიმდა და “ბრესანმა” ჯარიმა გაიტანა). 72-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა 10-ქულიანი გახდა (ორი ჯარიმა და ერთი არეკნი), მაგრამ ბოლო წუთზე კვლავ ნემსაძე დაჯარიმდა და სტუმრებმა ჯარიმიდან ჩამორჩენა 3 ქულით შეამცირეს. “ვალანს დაჟენს” 7-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა 6 მაისს, საპასუხო მატჩში დისკვალიფიცირებული ნემსაძის გარეშე მოუწევს.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109035